რეზონანსი
(15.12.2024)

რას ფიქრობენ მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი გარემოვაჭრეები ანტისახელისუფლებო გამოსვლებზე, რომლებიც თბილისში ორ კვირაზე მეტია გრძელდება? „რეზონანსი“ ერთ-ერთ ასეთ ქალბატონს ესაუბრა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დრამატულ მოვლენებს შეესწრო. მას განსაკუთრებით 7 დეკემბრის საღამო დაამახსოვრდა, როდესაც აქციის დაშლისას, წინა დღეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავებმა თავისი ნივთების ასალაგებლად დროც არ მისცეს.

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, გარემოვაჭრეები მეტრო „თავისუფლების მოედნისა“ და პარლამენტის მიმდებარედ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, საწვიმრებს და სხვა წვრილმანებს ყიდიან. შეკრებას დღის 3 საათიდან იწყებენ. ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ ღამის საათებში განსაკუთრებული ინტენსივობით იყიდება აქციისთვის საჭირო ატრიბუტები, დღეში საშუალოდ 50-მდე დროშას ყიდის, ხოლო როცა სამართლდამცავები მობილიზებას იწყებენ, გარემოვაჭრეები ცდილობენ პერიმეტრს გაერიდონ.

ჩვენი რესპოდენტი ასაკოვანი ქალბატონია, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ამბობს, რომ სოფელ დიღმიდანაა და როცა აქცია იმართება, ყოველთვის გამოდის რუსთაველზე სავაჭროდ.

ამბობს, რომ მათ შსს-ს წარმომადგენლები აქციის დაშლამდე ერთი საათით ადრე აფრთხილებდნენ, რომ მოესწროთ ადგილიდან გასვლა. თუმცა ეს არ მომხდარა 7 დეკემბრის ღამეს, როცა დარბევა მოულოდნელად დაიწყო.

„დარბევამდე გვაფრთხილებდნენ ხოლმე, გვაცდიან ალაგებას და ამ ყველაფრის ალაგებას ვასწრებდით კიდეც. ჩვენც არ გვეგონა, რომ დარბევა ასე ადრე დაიწყებოდა, 10 საათის მერე იწყებდნენ ხოლმე, თან მოვიდოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გავრიდებოდით ადგილს. აი, 7 დეკემბერს ეგრე საერთოდ არ მოხდა, აღარ ვიცოდით საით წავსულიყავით, ან ესენი (ნივთები) სად წაგვეღო. „გეყოთ, რაც იმუშავეთო“, - წამოგვაძახა ერთმა და გაგვყარეს აქედან (იცინის). შიშით კი შეგვეშინდა, მაგრამ ჩვენ საკვების ფულს ასე ვშოულობთ“, - განაცხადა გარემოვაჭრემ.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, გვპასუხობს, რომ ის სრულად მხარს უჭერს ახალგაზრდებს:

„ეს ახლგაზრდები სწორ პოზიციაზე არიან. კიდევ ბევრი უნდა გამოვიდნენ. ყოფილა შემთხვევა ამილაგებია ესენი და მეც შევსულვარ ცოტა ხნით აქციაზე. საჭიროა მორჩეს ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ. ვამაყობ ახლანდელი ახალგაზრდობით, მე მინდა ევროპა, არ მინდა რუსეთი, არა.“

მარიამ ვეკუა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე