ნატალია ჯვარიძე
(15.12.2024)

საქართველოს არაპირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ქვეყნის მოსახლეობისა და დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილი მის ლეგიტიმაციას არ ცნობს. რამდენად შეძლებს ის ასეთ პირობებში საზოგადოების მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულებას?

ყაველაშვილმა უკვე მიიღო უცხოეთიდან რამდენიმე მილოცვა. მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც ყაველაშვილი სერბეთშიც მიიწვია.

დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები კი ლეგიტიმურად არ ცნობენ არც 26 ოქტომბრის არჩევნებს, არც ამ არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს და არც ამ პარლამენტის წევრებისგან შემდგარი ხმოსანთა კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ მიხეილ ყაველაშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაციას 29 დეკემბერს დანიშნული ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგაც შეინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილი დასავლეთში თავიდანვე შეფასებული იყო, როგორც „ულტრამემერჯვენე და პრორუსი“ კანდიდატი.

როგორ ჩატარდა არჩევნები

14 დეკემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ფონზე, 300-კაციანმა ხმოსანთა კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი პრაქტიკულად ერთხმად აირჩია პრეზიდენტად. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, არჩევნებში მხოლოდ 225 ხმოსანი მონაწილეობდადან და 224-მა ყაველაშვილის სასარგებლოდ მისცა ხმა. ერთი ბიულეტენი ცესკომ ბათილად სცნო.

ეს ბიულეტენი, სავარაუდოდ, ყოფილ პარლამენტარსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრ ადა მარშანიას ეკუთვნოდა, რომელმაც ხმის მიცემისას საჯაროდ განაცხადა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა:

„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად, საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ“.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

პარლამენტის წინ და ასევე ორბელიანების სასახლესთან კი ხალხი იყო შეკრებილი, რომლებიც ყაველაშვილის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. 

მათ ნაწილს აქციაზე საკუთარი დიპლომები ჰქონდა მიტანილი, რითაც ხაზს უსვამდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობაზე ასარჩევ პირს უმაღლესი განათლება არ აქვს.

ამასთან, მათ რუსთაველზე ბურთებიც მიიტანეს და ყაველაშვილის სპორტული წარსულზე მინიშნების ნიშნად, სიმბოლურად ფეხბურთს თამაშობდნენ. გარდა ამისა, მოქალაქეებმა 9 აპრილის ქუჩაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისური მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დაწვეს.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიცია იყო მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთით მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. მან მედიასთან აღნიშნა, რომ „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, უპასუხოდ დატოვა.

რუსთაველზე პრეზიდენტის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ - სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვინ არის  მიხეილ ყაველაშვილი  

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია და პარლამენტარის უფლებამოსილება მას პრეზიდენტის თანამდებობაზე ოფიციალურად წარდგენის წინ შეუწყდა. 

2016–2020 წლებში იგი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის ოლქის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარსა და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის ამ პარტიის პოლიტიკური მდივანია.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა „მანჩესტერ სიტი“, „გრასჰოპერსი“, „ციურიხი“ და „ლუცერნი“.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, პარლამენტის წევრობისას ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი ანტიევროპული და ანტიდასავლური პოზიციით. ასევე პოლიტიკურ ოპონენტთა მკვეთრი კრიტიკით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობითა და ზოგ შემთხვევაში უცენზურო ლექსიკით.

ზე-პარტიული პრეზიდენტი?

ედიშერ გვენეტაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს აქვს ისეთი პიროვნული მახასიათებლები, რითაც შეძლებს კარგი პრეზიდენტი იყოს.

„მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ქვეყნის უდიდესი პატრიოტი და ის ერთ ფეხს არ გადადგამს იმ პროცესიდან, რასაც ჰქვია საქართველოს სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ისეთი პირონება, რომელიც ქვეყანას საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებს და იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბოლო 20 წელია ჩვენ არ გვყოლია ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებდა. სწორედ ამ თვისებების გამო არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ამას შეძლებს. ყაველაშვილი იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გაერთიანებას.

„დიპლომი ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს? აკაკი წერეთელს? გალაქტიონ ტაბიძეს? არ ჰქონიათ, მაგრამ საქართველოს სიყვარულში ჩაიწვნენ. ორი მუყაოს ყდაა, რომელიც არაფერს ნიშნავს. დიპლომი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამბობდა - რა მოხდა მერე, 150 სოფელი რომ დავკარგეთო. ასევე დიპლომიანი იყო დავით კეზერაშვილი, რომელიც ომის პერიოდში ბრილიანტების შეძენით იყო დაკავებული. დიპლომიანი იყო ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც სადღაც იყიდა. ამ ადამიანებმა ქვეყანა დააქციეს. 

„ამრიგად, მინდა გითხრათ, რომ დიპლომი არის ადამიანისთვის სული, გული და სამშობლოს მსხურება, რომელიც ყაველაშვილს გააჩნია. უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ ყაველშვილი ვაჟკაცია, რადგან სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტიდან გამოვიდა, იმ პერიოდის მომსწრე ვარ, შეიძლებოდა ერთი კი არა 50 დიპლომის ყიდვა დაახლოებით 20-30 დოლარად, თუმცა მან ეს არ იკადრა. რამდენია „ნაცებში“ დიპლომიანი? უამრავი. რამდენია იმ მაკრიტიკებლებში ისეთი, ვინც ეს დიპლომი ზოგმა მეტროში იყიდა და ა.შ.“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან“.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, მიხეილ ყაველაშვილი ვერ გახდება ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ყველა აღიარებს.

„კონსტიტუციით პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური. როგორ უნდა შეძლოს ეს ყაველაშვილმა, როდესაც ის ერთმა პარტიამ აირჩია, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“?! საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ყველას მიაჩნია, რომ ეს არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთ ვითარებაში მიხეილ ყაველაშვილმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ მართლაც ნეიტრალური გახდეს და ყველამ აღიაროს პრეზიდენტად?!“ - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე