ნატალია ჯვარიძე
(27.11.2024)

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან დავითაშვილის მოუსმინეს, სადაც განაცხადა, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის" მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა.

მისი თქმით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701 442TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU).

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.

მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები. მისი თქმით, ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა წელიწადში 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდება.

მან ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით - 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მისივე თქმით, ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ ეს პროექტი მართლა განხორციელდება, საქართველოსთვის სამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს შეუწყობს ხელს.

„თუ ეს ნამდვილად განხორციელდა, საქართველო გადაიქცევა მძლავრ სატრანზიტო საერთაშორისო დონის ჰაბად. ჩვენ გვაქვს კიდევ ფოთისა და ბათუმის პორტები, რომლებიც მართალია, ანაკლიის პორტს მოცულობით საკმაოდ ჩამორჩება, მაგრამ, თუნდაც ამ სამი პორტის ერთობლიობის შემთხვევაში საქართველოს უკვე მიენიჭება სატრანზიტო საერთაშორისო სტატუსი. ანუ, ამით ჩვენ უკვე გავდივართ საერთაშორისო მსოფლიო ეკონომიკის სისტემის აქტიური მოთამაშის როლში.

„მეორე, რა თქმა უნდა, 600 მილიონის ინვენსტიცია, რაც ქვეყანა არსებობს არ განხორციელებულა. ეს არის ყველაზე მსხვილი უცხოური პირდაპირი ინვენსტიციების პაკეტი. თუ რა თქმა უნდა, ეს ამბიცია წარმატებით დაგვირგვინდა.

„მესამე, საქართველო ფაქტობრივად, იქნება დასავლეთ-აღმოსავლეთის სატრანზიტო გეოეკონომიკური კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო აქტორი და ჩაერთვება ამ გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციის საქმეში, რომელიც დააკავშირებს ჩინეთს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე