ნატალია ჯვარიძე
(27.11.2024)

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ხალხს მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუმცა, პროტესტმა არაერთი მცდელობის მიუხედავად მასობრივი ხასიათი არ მიიღო და თანდათან მინელდა. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხალხი დაბნეული იყო და არ იცოდნენ რისთვის უნდა გასულიყვნენ გარეთ.

„საზოგადოებამ მაქსიმალურად გააკეთა, რასაც პოლიტიკოსები არჩევნების წინ ეუბნებოდნენ. მათი დიდი ნაწილი კეთილსინდისიერად გამოცხადდა არჩევნებზე და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას", ეს იყო მკაფიოდ გამოხატული პოზიცია.

„მეორე, სახლში ვინც დარჩა, ეს საკმაოდ თამამი ხალხი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი მიყვანა თავიანთ სასარგებლოდ. ეს ადამიანებიც არ არიან „ქართული ოცნების" ამომრჩევლები, თორემ სულ ჯოხის რეკვით მიიყვანდა არჩევნებზე, მოისყიდიდა და შეაშინდებდა.

„ასე რომ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არაა მათი მომხრე. ხოლო ვინც მათ მისცა ხმა, არც ისინი არ არიან „ოცნების" გულმხურვალე მომხრეები, შიშით, რაღაც ტყულებზე დაფუძნებული ტყუილებით მიაცემინეს ხმა. ანუ ესენი არ იყვნენ ჩამოყალიბებული ადამიანები.

„ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათი ამომრჩეველი არაა, შესაბამისად, გაყალბებით და მანიპულაციით მოახერხეს არჩევნების მითვისება. ოპოზიციამ გარდა ფუჭი იმედებისა, რომ ჩვენ ვიმარჯვებთო და მთავარია არჩევნებზე მიხვიდეთო ვერაფერი გასცა, ხალხიც მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა, „ოცნებამ" მაინც მიითვისა არჩევნები.

„ამიტომ, ხალხს ათასი საქმეები აქვთ. არჩევნებამდე თუ ქუჩაში გამოდიოდნენ, მათ იცოდნენ ამის მიზანი - არჩევნებისთვის, კანონის წინააღმდეგ, ახლა კი არ იციან რისთვის გამოვიდნენ, რადგან არ ჩანს სქემა. ყველანაირად ჩანს, რომ მათ გამოსვლას ენერგია ეკარგება, საზოგადოებამ არ იცის, თუ რატომ უნდა მოსწყდნენ სამსახურებს, ოჯახებს და მივიდნენ და აქციებზე.

„ასე რომ, ჩემთვის მიუღებელია და არ ვიზიარებ პოზიციას, რომ საზოგადოების ბრალია რამე. თუ ვინმეს ბრალი არ არის ის, რაც მოხდა, ეს არის ის ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიოდა და ახლა აღარ გამოდიან, რადგან ვერ ხედავენ ამის აუცილებლობას.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე ოჯახებში, ანუ როდესაც ახლობელი დაეღუპებათ, ოჯახი ძალიან განიცდის, რომელიც მთელი ცხოვრების დანაკარგი იქნება და ეს ტკივილი არ გაქრება, თუმცა, ცხოვრება გრძელდება.

„ხალხი მიხვდა, რომ საქართველომ სერიოზული ნახტომი გააკეთა უკან, მაგრამ ამის შემდეგ იწყება დაცემის პერიოდი, ანუ როცა ადამიანები თავიანთ თავებში რჩებიან. როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ახალგაზრდები უცხოეთში წავლენ, ვისაც არ შეუძლია შიდა ემიგრაციაში და ქვეყანას „ქართული ოცნება" დაეპატრონება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას ნორმალური ლიდერი არ ჰყავდა, რომელიც შეძლებდა საპროტესტო მუხტის აწევას.

„როგორ უნდა მიეღო ოპოზიციის პროტესტს მასიური ხასიათი, როდესაც მის სათავეში იდგა გვარამია, რომელიც როთის მხადამჭერია და როთი ვინც არის, ძალიან კარგად ვიცით. როგორ უნდა მიეღო მასობრივი ხასიათი, როცა ლიდერობას იჩემებდა მევახშე ხაზარაძე, ასევე, სათავაში იდგა ისეთი პროდასავლელი, სინამდვილეში კი „რუბლიოვა ლიაკა ხოშტარია".

„აქედან გამომდინარე, ქართველი კაცი გნებავთ ხელისუფლება არ მოსწონდეს, სულით და გულით არის მამულის, ენის და სარწმუნოების დამცველი. ესენი, ვინც ჩამოვთვალე, ოპოზიციის ლიდერობას იჩემებდნენ, რეალურად იყვნენ და არიან საქართველოს ოფიციალური მტრები, რომლებიც უცხოეთში აგზავნიან დასმენებს იმისა, რომ საქართველოს გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატობის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება და ითხოვენ საქართველოს მოსახლეობას დაუწესონ სანქციები.

„აქედან გამომდინარე, არის ის შედეგი, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციის ლიდერები დაბოდიალობენ ქუჩებში, როგორც ჭაჭანაჭამი ინდაურები", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე