
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ სიების ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართა. ჯერჯერობით გაურკვეველია რას აპირებს პარტია „გახარია საქართველოსთვის". ცესკომაც, თავის მხრივ, უკვე სამშაბათს დააკმაყოფილა მათი ეს განცხადებები. ახლა მოსალოდნელია, რომ ამ პარტიების მხრიდან პარლამენტში გასული დეპუტატები უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს დაწერენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია საბოლოოდ პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია.
„ეს სამი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც განცხადებები შეიიტანეს, სავარაუდოდ, გეგმას ბოლომდე მიყვებიან და პარლამენტში არ შევლენ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, ის არც ისე კარგ თამაშს თამაშობს", - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა ეს თავად მათთვის იქნება ცუდი:
„თუ პარტიები საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ პარლამენტს მიღმა დარჩნენ, მათთვის იქნება ცუდი, რადგან ფაქტობრივად, ეს არის პირდაპირი გზა პოლიტიკური მარგინალიზაციისკენ".
სიის ჩახსნის მოთხოვნით „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს სამშაბათს მიმართა.
„მოვიტანეთ განცხადება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხელმოწერით, რომელიც კანონით დადგენილი წესით ცესკოს ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სია, რადგან ენმ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან ჩვენი განცხადების დაკმაყოფილებას. სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილე კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება და შემდგომ, ყველა ნაბიჯს და ყველა დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ არასოდეს ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია", -განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ.
ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით „ძლიერმა საქართველომაც" მიმართა.
„გამყალბებელ კალანდარიშვილს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, აქვს ვალდებულება, რომ 3 დღის ვადაში შეაჩეროს ჩვენი საპარლამენტო სიის უფლებამოსილება, რის შემდეგაც გადავდგამთ ნაბიჯებს ინდივიდუალური განცხადებების სახით", - თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.
ამავე მოთხოვნით ცესკოს ასევე მიმართა „კოალიციამ ცვლილებებისთვის".
26 ნოემბრის სარამოს ცესკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების ოფიციალური მიმარტის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
„აქვე გვინდა, გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას აპირებს პარტია „გახარია საქართველოსთვის". როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადაწყვეტენ. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს, რომ შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ.
„ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით იმ კრიზისზე მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს - ან „ნაცები", ან „ოცნება", რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს" და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ", - განაცხადა გახარიამ.
ვინ შევა საბოლოოდ პარლამენტში და ვინ - არა
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მანდატებზე უარს არ იტყვის. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის ვარაუდით, ოპოზიციის წარმომადგენელთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაახლოებით საგაზაფხულო სესიისთვის შევა პარლამენტში.
„რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც, გარკვეულწილად, 2020 წლის პროცესის მსგავსი იქნება. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკაში ყოფნა და გადარჩენა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ. თუმცა, დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის, სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. უამრავი დაპირებაა გაცემული ჩვენი მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„ისევ და ისევ მათთვის მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრით, ოპოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან არალეგიტიმური პარლამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს.
„მოსალოდნელი იყო, რომ სამივე პარტია სიებს ჩახსნიდა. ბევრს ჰქონდა ეჭვი, რომ ისინი ამას არ აპირებდნენ და ამბობდნენ, 2020 წელსაც ასე მოიქცნენ და შემდეგ შევიდნენო. ახლა განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ ისინი მას შემდეგ შევიდნენ, რაც ევროკავშირმა ითავა შუამავლის როლი და შარლ მიშელი პირადად ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ საერთაშორისი საზოგადოება ოპოზიციას შესვლისკენ მოუწოდებდა. დღეს კი ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, „ქართულ ოცნებას" ამხელენ და აკრიტიკებენ.
„ეს სამი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც განცხადებები შეიიტანეს, სავარაუდოდ, გეგმას ბოლომდე მიჰყვებიან და პარლამენტში არ შევლენ. ხელისუფლება არ იმჩნევდვა, მაგრამ მათ უნდოდათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.
„ვფიქრობ, გიორგი გახარია არც ისე კარგ თამაშს თამაშობს. ეს არის იმის ანალოგი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ რომ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ „ლეიბორისტულმა" პარტიამ მანდატებზე უარი არ თქვა, ხელფასებს იღებდნენ და ამ დროს სხდომებს არ ესწრებოდნენ. ამით თითქოს არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. შესაძლებელია გახარიას პარტიის მიზანიც ეს არის", - თქვა ჩიტაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე და იმაზე, თუ რას იტყვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიცია ამ პოზიციაზე დარჩება.
„მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ რჩება იმის ალბათობა, რომ გახარიას პარტია პარლამენტში შევიდეს. ახლა მგონი ყველა პოლიტიკური პარტია ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებას ელოდება. ასევე ისინი ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არჩევნების შეფასებას. როცა ეს ყველაფერი დასრულდება და სრული სურათი გვექნება, ამის მერე მიიღება ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ ვინ შევა და ვინ - არა.
„კი, ახლა შეიტანეს განცხდებები და სიები ჩახსნაზე, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ 2020 წელსაც ზუსტად მოიქცნენ და სიები ჩახსნეს, თუმცა მაშინ ეს განცხადებები პარლამენტმა არ დააკმაყოფილა და რა პროცესები განვითარდა, ყველას კარგად ახსოვს. ჩემი აზრით, ახლა მოლოდინის პროცესია. გახარიას პარტია სიებს იმიტომ არ ხსნის და განცხადებას არ წერს, რომ მათ უნდათ საბოლოოდ დარწმუნდნენ, თუ რა გამოსავალი ექნება ამ პროცესებს.
„მე აქ ერთ საკითხს მივაქციე ყურადღება - არც ერთ ამ პარტიას, ვინც სიების ჩახსნა, არ უთქვამთ, რომ მათ ეს გააკეთეს საკუთარ ამომრჩეველეთან კონსლუტაციის შედეგად, რადგან პარტიის ლეგიტიმაციის წყარო მისი ამომრჩეველია. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით იმ სამი პარტიის გადაწყვეტილებას ამომრჩევლების რამდენი პროცენტი ეთანხმება და პირიქით, რამდენი არ ეთანხმება. როგორც მე ვხედავ, მათ მაინცდამაინც არ გაითვალისწინეს მათი მხადამჭერების აზრი - ხუთი კაცი დაჯდა კაბინეტში და მიიღო გადაწყვეტილება სიის ჩახსნაზე, რაც, მე ვფიქრობ, არ არის დემოკრატიულობის მაჩვენებელი.
„ჯერჯერობით, არ ვიჩქარებ მოვლენების საბოლოო შეფასებას. ერთი პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, თუნდაც გახარიას პარტია, ან ცალკეული დეპუტატი, რომელმაც შეიძლება თქვას - მე არ ჩავხსნი ჩემს სიას და შევალ პარლამენტში - ეს უკვე შექმნის პარლამენტში თუნდაც მოჩვენებით მრავალპარტიულობის იმიჯს. ამიტომაც, მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეფასებას მისცემს არჩევნებს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
რას შეცვლის ოპოზიციის ბოიკოტი
ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, არალეგიტიმური პარლამენტი სრულყოფილად ვერ იმუშავებს და საკანონმდებლო საქმიანობას ვერ აწარმოებს.
„ოპოზიციის არშესვლა გამართლებულია იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ოპოზიცია პირად კეთილდღეობაზე და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებს. დღეს კი სახელმწიფო ინტერესი ის არის, რომ არ იყოს აღიარებული ის ე.წ. არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, იმის მიუხედავად, რომ ხელფასები საკმაოდ გაზრდილია, მაინც უარს ამბობს.
„კი, შეიძლება მათ ჰქონდათ რაღაც შეცდომები, თუმცა ამ ყველაფერს დანახვა უნდა. ის, რომ გუშინ არ იყო ხალხის დიდი რაოდენობა, მარტო ოპოზიციას არ უნდა დააბრალონ, რადგან მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. გიორგი გახარია კი ბოლომდე პრინციპულ ოპოზიციას არ წარმოადგენს.
„ოპოზიციის ბოიკოტს ის შედეგი ექნება, რომ ე.წ. პარლამენტი არალეგიტიმური იქნება და ბუნებრივია, ის სრულყოფილად ვერ იმუშავებს და ვერ შეძლებს თავის ე.წ. საკანონმდებლო საქმიანობის წარმოებას. ოპოზიციის არშესვლით დასტურდება, რომ დღევანდელი „პარლამენტი" არალეგიტიმურია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძე იმ ოპოზიციური პარტიების მომავალს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, საკამოდ პესიმისტურად ხედავს.
„თუ პარტიები საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ პარლამენტს მიღმა დარჩნენ, ეს მათთვის იქნება ცუდი, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის პირდაპირი გზა პოლიტიკური მარგინალიზაციისკენ. კი, სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს ძალისხმევის გაღებას, რომ რაღაც ახალი ცენტრი ჩამოაყალიბოს და ა.შ., თუმცა, არ მგონია პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი პოლიტიკური წონა იგივე დარჩეს.
„ასევე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პარტიების მომავალს, რომლებიც პარლამენტში არ შევა, საკმაოდ პესიმისტურად ვხედავ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



