
„ქართული ოცნება" პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადება, კონკრეტული თარიღი კი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. 21 ნოემბერს „ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა, თავს იკავებენ იმაზე საუბრისგანაც, თუ ვინ შეიძლება იყოს წამოყენებული მათი მხრიდან კანდიდატად, თუმცა შესაძლო ვერსიებზე უკვე საუბრობენ, მათ შორის ანალიტიკურ წრეებშიც.
როგორც „რეზონანსს" „ოცნებასთან" დაახლოებულმა წყარომ უთხრა, ამ მომენტში სამი კანდიდატი განიხილება - თეა წულუკიანი, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ სამიდან სასწორი ამ ეტაპზე სწორედ ღარიბაშვილის მხარეს იხრება, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ამასთან, ღიად ამ კანდიდატურებზე ჯერ საუბარი არ მიდის.
„ქართული ოცნება" ზურაბიშვილ-მარგველაშვილის მაგალითებიდან გამომდინარე, ალბათ შეეცდება შეარჩიოს ისეთი პიროვნება, რომელიც გარკვეული ურთიერთობის შემდეგ ზღვარგადასული ამბიციები არ გაუჩნდება და აღარ შეეცდება პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი თავის დამკვიდრებას," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ხუთშაბათს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანდიდატზე ვერსიები უამრავია, მაგრამ „ტყუილად ნურავინ ნუ იმარჩიელებს".
„პრეზიდენტობის კანდიდატზე დღეს საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არცერთი სიტყვა. ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები უამრავი არსებობს, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ, ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრების კანდიდატებს და იმას იქნება თუ არა ცვლილება, მოდით, ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც ეს კანონითაა გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არცერთ სხვა ადამიანს გარდა ერთისა, ირაკლი კობახიძისა, არ აქვს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ.
„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება", - აღნიშნა მან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროცედურები იანვრის პირველი ნახევრისთვის უკვე დასრულებული იქნება.
„საპრეზიდენტო არჩევნების დაგეგმვა არის კანონით გაწერილი და სწორედ ამ კანონის მიხედვით მოხდება ყველაფერი. ეს არ არის ვიღაცის ნება-სურვილზე დამოკიდებული, ამიტომ პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ დღეს. ეს ჩატარდება პარლამენტში, 300 ხმოსანი ირჩევს პრეზიდენტს, ესენი არიან პარლამენტის სრული შემადგენლობა, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები სრული შემადგენლობით და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება პარტიების მიერ საკრებულოებში პროპორციული არჩევნების წესით მიღებული ხმების პროპორციულად.
„პრეზიდენტის კანდიდატურის დასახელება შეუძლია 300 ხმოსნიდან 30-ს, ოღონდ მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარმოადგინა შეუძლია. კანდიდატმა პირველ ეტაპზე უნდა მიიღოს ხმების 2/3, ვერ მიღების შემთხვევაში იქნება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება მისი არჩევა. ეს პროცედურები დაახლოებით იანვრის პირველი ნახევრისთვის უკვე დასრულებული იქნება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს იმათი „დადებითი საპირწონე", ვინც მანამდე დაუსახელებია, ან მხარდაჭერა გამოუცხადებია.
„ნამდვილად ვერ გეტყვით ვინ შეიძლება წარადგინოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ამის აქტიური მსჯელობა არც ყოფილა 21 ნოემბრის „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ბუნებრივია, როცა კანდიდატურის შერჩევა ხდება, ამ თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანს განიხილავენ. მომავალი კანდიდატი აბსოლუტურად უნდა იყოს იმის დადებითი საპირწონე, რაც მანამდე „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის სახით. ამ ორმა პრეზიდენტმა და განსაკუთრებით ზურაბიშვილმა საკუთარი ანტიკონსტიტუციური ქმედებებით, საპრეზიდენტო ინსტიტუტი საკმაოდ შეარყია.
„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ასეთი ადამიანი უნდა იყოს სანდო და „ქართული ოცნების" შიდა წრიდან", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, ხომ არაა საუბარი მაგალითად ბიძინა ივანიშვილზე, თეა წულუკიანზე, ან ირაკლი ღარიბაშვილზე, აბაშიძემ გვითხრა:
„ყველანაირი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზეც მსმენია, შეიძლება სია იყოს ათკაციანი, ან თხუთმეტკაციანი. ეს შეიძლება ერთ კვირაში, ათ დღეში, ან უფრო ნაკლებ დროში გავიგოთ. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომა რომ შედგება, შემდეგ უკვე შეიძლება მინიშნებებით,ან უკვე პირდაპირი საუბარიც იყოს მმართველი გუნდიდან.
„როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პირველი სხდომის შემდეგ დაიწყება უკვე ამაზე დისკუსია, თუ როდის უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. მოგეხსენებათ ეს ხმოსნების მიერ იქნება და კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის შენობაში გაიმართება. შესაბამისად, როდესაც უკვე გადაწყდება, თუ როდის იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, იქნება ეს იანვარში თუ სხვა დროს, ამას შემდეგ უკვე მოჰყვება კანდიდატურების წარმოდგენაც და განხილვაც,
"ვერ გეტყვის ვის განიხილავენ. მგონია, რომ ეს პოლიტსაბჭოს შიგნით იციან და ჯერჯერობით მის გარეთ არც გამოვა ამ კანდიდატურის ვინაობა",- განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კანდიდატი სავარაუდოდ იმის გათვალისწინებით შეირჩევა, რომელიც აქტიურად იურთიერთებს დასავლეთთან კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში და არ გახდება „ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად პრობლემური.
„ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ შეიძლება წამოაყენოს „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს, არ მაქვს, თუმცა, იქიდან გამომდინარე თუ პრეზიდენტს კონსტიტუციით რა ფუნქციები ეკისრება, სავარაუდოდ ამის გათვალისწინებით, ისეთი კანდიდატი შეირჩევა, რომელიც აქტიურად იურთიერთებს დასავლეთთან იმ ფარგლებში, როგორც ამას კონსტიტუცია აძლევს, ასევე ეს ურთიერთობა არ იქნება „ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად პრობლემური მე ასეთ ზოგად დახასიათებას მივცემდი შესაძლო კანდიდატს, რომელიც მინიმუმ „ქართული ოცნებისა" და ნეიტრალური ამომრჩევლისთვის უნდა იყოს მისაღები თავისი ბიოგრაფიით,სოციალური სტატუსით და ა.შ.
„ქართული ოცნება" ზურაბიშვილ-მარგველაშვილის მაგალითებიდან გამომდინარე, ალბათ შეეცდება შეარჩიოს ისეთი პიროვნება, რომელიც გარკვეული ურთიერთობის შემდეგ ზღვარგადასული ამბიციები არ გაუჩნდება და აღარ შეეცდება პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი თავის დამკვიდრებას, ისე, როგორც ზურაბიშვილი და მარგველაშვილი ცდილობდნენ მათი პრეზიდენტობის პერიოდში, ეს განსაკუთრებით ზურაბიშვილს ეხება. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება" მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ფიგურის შერჩევას შეეცდება.
„თეორიულად ივანიშვილი შეიძლება დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ ჯერ არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ეს მოხდება, რადგან „ოცნების" წარმომადგენლებმა ეს ვერსია თავიდანვე უარყვეს, რომ ივანიშვილი შეიძლებოდა დასახელებულიყო. არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ივანიშვილი დასახელდეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, უფრო პარტიულ საარჩევნო სიიდან უნდა ვივარაუდოთ პრეზიდენტობის კანდიდატი მაგალითად წულუკიანი, ღარიბაშვილი და ა.შ. თუ მის გარეთ, ანალიტიკოსმა გვითხრა, რომ არ გამორიცხავს ჩვენს მიერ დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებსაც.
„არ გამოვრიცხავ, რომ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანებიც მოხვდნენ, მთავარი არის ის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩეს ისეთი ფიგურა, რომელიც ერთის მხრივ თავს გაართმევს ამ მისიას თავისი განათლებით, ბიოგრაფიით და კვალიფიკაციით, მეორეს მხრივ პოლიტიკურად არ იქნება პრობლემური „ქართული ოცნებისთვის" და თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები (წულუკიანი, ღარიბაშვილი)პოტენციურად შეიძლება იქნან განხილული. (კობახიძე და პაპუაშვილი)ისინი ალბათ არა, იმიტომ, რომ უკვე წარადგინეს და პრეზიდენტის კანდიდატად მათი წარდგენა, უკვე არალოგიკური მგონია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძე არც იმას გამორიცხავს, რომ კანდიდატი „ოცნების" წრის გარეთაც შეირჩეს.
„რატომაც არა, მე სრულიადაც არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნების" წრის გარეთაც შეირჩეს, ოღონდ ისეთი ფიგურა, რომელიც ასე პირდაპირ აფილირებული არ იქნება „ქართულ ოცნებასთან", მაგრამ იქნება მისდამი ლოიაურად განწყობილი. ახლა „ქართული ოცნებისთვის" მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტმა, ვინც იქნება წარდგენილი, მისთვის პოლიტიკური პრობლემები არ შექმნას. შეძლებისდაგვარად შეეცდებიან ისეთი ფიგურა გამონახონ, რომელთანაც მინიმუმამდე იქნება დასული ამის რისკები", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



