ელზა პაპოშვილი
(21.11.2024)

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ოპოზიციური პარტიის ლიდერები თათბირობენ და ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ქუჩის აქციები, მათმა მხარდამჭერებმა პასუხი, რა გეგმები აქვს ოპოზიციას, ჯერ არ იციან. „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ერთმანეთს 3-საათზე დიდხანს ხვდებოდნენ ოთხი ბარიერგადალახული პარტიის წევრები, თუმცა კონკრეტული სამოქმედეო გეგმა მაინც არ არსებობს.     

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბში გამართულ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრიდან გამოსულმა ელენე ხოშტარიამ მედიასთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლების ოპონენტებმა დახურულ კარს მიღმა განიხილეს. თქვა, რომ საუბარი ქუჩიდან ბრძოლას, არჩევნების შედეგების საერთაშორისო დონეზე არაღიარების პროცესსა და პარლამენტში არშესვლას დაეთმო. 

„ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის, რას ვიზამთ. ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე - პირველი, პარლამენტში არშესვლა, მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და პარტნიორებთან, მესამე, ეს არის ქუჩა და ქუჩაში ბრძოლა. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელოდა და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით,“ - ამბობს ელენე ხოშტარია. 

გამართული აუდიენციის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა მედიასთან განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმაზე პრეზიდენტთან კოორდინაცია აქვთ და კონსულტაციები მომდევნო დღეეებშიც  გაგრძელდება. 

 „ვიმსჯელეთ იმაზე, საერთაშორისო საკითხებზე როგორ უნდა იყოს კოორდინაცია, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ უნდა იყოს ეფექტური ეს კოორდინაცია. მეორე არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ და ეს სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს და მესამე საკითხი - აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით. დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით,“ - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.    

არჩევნების ხელახლა დანიშვნისა და მიტაცებული ხმების უკან დაბრუნების მიზნით, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და დაუღალავად ბრძოლისკენ მოუწოდებს. მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი უკან იმ შემთხვევაში დაიხევს, თუ ქართველი ხალხი „ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

„ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ სწორ დღეებში, სწორ პერიოდში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული გახდება, უკან დაიხიოს. როგორც მისმა სპეცრაზმელმა დაიხია უკან და ვეღარ გადმოვიდა შეტევაზე გუშინ, ასე დაიხევს ივანიშვილი უკან. ის, რომ ხალხის რაოდენობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლაში, ეს გამოჩნდა გუშინაც და გუშინწინაც. საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში და ხალხმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რეჟიმს,“ - ამბობს ნიკა მელია.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით არის დაკავებული. 

„ოპოზიციის ერთი მთავარი გეგმაა ის, რომ როგორმე ფული იშოვენ. რეალურად მართლა მეცოდება ის ხალხი, ვისაც ამათი სჯერა. მათი მთავარი მოტივაცია ვითომ გაყალბებული არჩევნები კი არა, არამედ ის ფული და ატკატებია, რომელსაც დასავლეთიდან აკეთებენ. ამიტომ მათ საჩვენებლად ხან რომელ ქუჩას გადაკეტავენ და ხან რომელს. ამდენდღიანი აქეთ-იქით ტარების შემდეგ კი, ზოგიერთ მათ ამომრჩეველს ცოტა ტვინიც გაეხსნა. მიხვდნენ, რომ მსგავსი ტყუილებით ოპოზიცია ცდილობს მათ გამოყენებას. ბორელმა არც დააყოვნა და აგერ 120 მილიონიც კი დაჰპირდა. 

„ქართველი ხალხისთვის გამოყოფილი ფული ამ ხალხს გადმოურიცხეს რევოლუციის და სახელწიფო გადატრიალების მოწყბისთვის. თუმცა ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ ჯაფარიძეს, მელიას, გვარამიას, ხოშტარიას და მათ ამფსონებს ხალხი არ გაჰყვება. ამიტომ ეხლა ყველა დროის მოგებაზეა გადასული. ევროპასაც უკვე თავისი პრობლემები წამოეწია. ამიტომაც დაიწყეს უკვე იოზვიაკის ენით საუბარი, რომ „ოცნების“ მხარდაჭერას აპირებენ. მოკლედ დიდ გაუგებრობაშია როგორც ოპოზიცია, ასევე მათი მხარდამჭერები. აღარ იციან ზუსტად, ატარონ ეს ხალხი ისევ წინ და უკან, თუ აიღონ ის და იკმარონ, რაც დასავლეთმა გადმოურიცხა. მე მაინც ვფიქრობ იანვრამდე აპირებენ ამ ფულის კეთებას, მერე კი პარლამენტში შევლენ. კაი 10-ათასიანი ხელფასი და კომფორტი ელით. ესენი ეხლა ამას დათმობენ?“ - ამბობს გვენეტაძე.   

მისივე თქმით, ხალხის ნაწილი მიუხვდა ოპოზიციას, რასაც აკეთებენ, ამიტომ ადრე თუ გვიან მათ იქეთ შეუტრიალდებიან. ამიტომაც ახლა ფიქრობენ ეს ტყუილები როგორ და რა ფორმით გააგრძელონ.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე