„ეს არის ბირთვული დარტყმის სიმულაციის მოდელირება, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების ნებისმიერი სისტემის პირდაპირ მორღვევას ნიშნავს"
ნატალია ჯვარიძე
(21.11.2024)

რუსეთმა ბირთვული დარტყმის სიმულაცია მოახდინა და პირველად ბირთვული ტრიადის სტრატეგიული შეიარაღება გამოიყენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდგომ ამ ბალისტიკურ რაკეტებს აღჭურავს ბირთვული ქობინებით და უკვე გაუშვებს ბირთვულქობინებიან რაკეტებს, ანუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს პირდაპირ კონტექსტში, - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაიასაიამ „რეზონანსთან" განაცხადა.

„ახლახანს მივიღე ინფორმაცია, რომ თურმე რუსეთმა დღეს საპასუხო ზომები მიიღო, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა გამოიყენეს ბრიტანული მოკლე სიშორის ბალისტიკური რაკეტები „სტორმ შედოუ" და ბრიანსკის მიმართულებას დაარტყეს, რუსეთმა პირველად ბირთვული ტრიადის სტრატეგიული შეიარაღება გამოიყენა. ეს არის საშუალო სიშორის ბალისტიკური კომპლექსი „რუბეჟი". მას გააჩნია 4 მოძრავი მუხტი, რომლის ერთის დარტყმის კინეტიკური სიმძლავრე არის დაახლოებით 10 კილოტონა, ანუ ჯამში 40 კილოტონა, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა. მას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება 2-იდან 6 ათასს კილომეტრამდე. ფაქტობრივად, რუსეთმა გამოიყენა ბირთვული დარტყმის სიმულაცია, თანაც საბრძოლო მოქმედებაში. ანუ ეს არის ბირთვული დარტყმის სიმულაციის მოდელირება, რაც სამართლის უხეში დარღვევაა და ეს საერთაშორისო უსაფრთხოების ნებისმიერი სისტემის პირდაპირ მორღვევას ნიშნავს.

„ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს სამხედრო პოლიგონიდან, სადღაც ციმბირის ტერიტორიიდან. პრაქტიკულად მან დაარტყა დნიპროს რაკეტმშენებლობის საწარმო კომპლექსს, ანუ ქარხანა იუჟმაშს. ფაქტობრივად, ასეთი დარტყმის შედეგად იუჟმაჟი მთლიანად იქნება განადგურებული.

„ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგომი დარტყმისას ამ ბალისტიკურ რაკეტას, როგორც მოკლე ასევე საშუალო სიშორის, შეაიარაღებს ბირთვული ქობინებით და უკვე გაუშვებს ბირთვულქობინებიან სარაკეტო კომპლექსს, ანუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს პირდაპირ კონტექსტში. ახლა რუსეთმა მოახდინა ბირთვული დარტყმის იმიტაცია," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

გამომდინარე იქიდან, რომ „რუბეჟი" შედარებით ახალი იარაღია და მისი რაოდენობა რუსეთს შეზღუდული აქვს, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სინამდვილეში დნიპროზე თავდასხმა სხვა, უფრო მოძველებული რაკეტით, „ტოპოლ ემ"-ით განხორციელდა, რომელიც ასევე ბირთვული ტრიადის შემადგენელი ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე