ნატალია ჯვარიძე
(21.11.2024)

მე ვხედავ გარკვეულწილად ოპოზიციის გამოსვლებს, მაგრამ ვერ ვხედავ ერთ ლიდერს. გადის ერთი, მეორე, მესამე და ა.შ. ზოგიერთი შესანიშნავადაც კი, თუმცა სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ერთიანობა არ ჩანს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: დღეს სამარცხვინოდ მიმაჩნია ის, რომ ზვიად გამსახურდიას იშვიათად ახსენებენ, რადგან რაც ახლა მიმდინარეობს, ყველაფერი მასთანაა დაკავშირებული. არავის უნდა ეწყინოს, რასაც ვიტყვი, სამწუხაროა ის ფაქტი, ვინც ორ წიგნს წაიკითხავს და გამოდის, ამბობს მე ოპოზიციონერი ვარო, ან ვინც პარლამენტში შედის და აცხადებს, ხელისუფლებას წარმოვადგენო. ბევრმა არ იცის პოლიტიკა, საქართველოს უახლესი ისტორია. ოპოზიციას ჰყავს მრავალი ლიდერი და არა ერთი, როგორც იყო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა. ესენი ისეთი ლიდერები იყვნენ, რომ ხალხს მოსწონდა და ენდობონდნენ.

ყველა ოპოზიციონერზე არ ვიძახი, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამ ყველაფრით არც არიან დაინტერესებულები და შესაბამისად, არც არაფერი იციან. მათ დღევანდელი დღე იციან, გუშინდელი დღე შეიძლება იცოდნენ, მაგრამ არ იციან ხვალ და ზეგ რა იქნება.

სხვათაშორის, ბოლო დროს ოპოზიციაში გამოჩნდა ახალი სახეები, ვისაც შეიძლება ენდო. იმ პოლიტიკოსს ვერ დავეთანხმები, რომელიც ადრე შევარდნაძესთან იყო, მერე სააკაშვილთან გადავიდა, შემდეგ ბიძინასთან. ამიტომ ის ლიდერადაც არ ვარგა. თუმცაღა ჩვენდა საბედნიეროდ, ოთხივე ოპოზიციურ გაერთიანებაში ახალგაზრდებს ვხედავ, მაგრამ ერთეულები ამინდს ვერ მოიყვანენ. ეს უნდა იყოს კოლექტიური.

თქვენ იცით, რომ „ნაცმოძრაობამ" წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან დაბალი ხმები მიიღო. ეს იმიტომ, რომ თვითონ ეს მოძრაობა გაიხლიჩა სხვადასხვა ოპოზიციურ ნაწილებად. ამიტომ საჭიროა მათი ერთობა სხვადასხვა მიმართულებით. მე მათ ვეუბნები, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ერთობაა საჭირო. „ქართული ოცნება" შეიძლება 10 წელი იყოს და ჩვენ მუდმივ ოცნების რეჟიმში ვიყოთ. მუდმივი ოცნება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს არ შეიძლება და ის ოცნებები, რაც ხალხს უთხრეს, უნდა ახდეს.

მე ვხედავ გარკვეულწილად ოპოზიციის გამოსვლებს, მაგრამ ვერ ვხედავ ერთ ლიდერს. გამოდის ერთი, მეორე, მესამე და ა.შ. ზოგიერთი შესანიშნავადაც კი, თუმცა სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ერთიანობა არ ჩანს. მე მათ ვურჩევ, რომ ყველაფერი გაითვალისწონონ, რადგან ამ ბრძოლას ისე ვერ მოიგებენ. სტუდენტთა დარაზმვა ვერ უშველით. სტუდენტთა ძალა დამხმარე ძალაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაა წამყვანი. ოპოზიციას მკვეთრი, ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა ჰქონდეს. ნუ დაიწყებენ ახლა კინკლაობას და გარჩევას, ვინ არის ძლიერი და სუსტი. დაიწყონ იმ მგლის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ეკონომიკური უპირატესობა გააჩნია.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო?

ი.კ: სასამართლოს შეიძლება დავარქვა „ივანიშვილის ტურავას სასამართლო", რადგან ის ემსახურება ხელისუფლებას. მოსამართლეებს სხვა გამოსავალიც არ აქვთ იმიტომ, რომ სასამართლოს წევრები არიან ამ გუნდის საშუალებით. თუ ისინი არ დაემორჩილებიან, მაშინ იქ ვერც იქნებიან. ტურა მოსამართლე უნდა დაემორჩილოს მგელს, ეს მგელი „ოცნებაა". ამიტომ ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც „ოცნებისთვის" მიუღებელი იქნება. სამწუხაროდ, „ტურავას" სასამართლო ხელს არ შეუწყობს ამ საშინელი რეჟიმის დასრულებას.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს საქართველოში ერთიანი ძალა პრეზიდენტშია. იმ 4 ოპოზიციურ გაერთიანებას ერთიანი ძალა უნდა ჰყავდეს, რომელიც მე პრეზიდენტის სახით წარმომიდგენია. ჩამოვაყალიბოთ ლიდერად და შევთავაზოთ. ყველანაირი რესურსი აქვს მას, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს. ჩემი რჩევა იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და მის გვერდით დავდგეთ.სხვა შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ გამარჯვება, ან დააგვიანდებათ.

ახლა კი გამოჩნდა სტუდენტური მოძრაობები, მაგრამ ხელისუფლება ფიქრობს, დაიღლებიან, რესურსები აღარ ექნებათ და დანებდებიან. სად არიან სხვა უნივერსიტეტები? ერთიანობა არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე