
რატომ მიიღო ოპოზიციამ ქუჩის აქციების დაშლის გადაწყვეტილება? რამაც მათ მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:
„რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით".
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე „შინაარსსაა მოკლებული" და არაფერს შეცვლის. ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა, სავარაუდოდ, ხვალისთვის.
პროტესტი რჩება ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს - ამის შესახებ კი "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა. პატარაიას თქმით, თუ პროტესტი შეწყდება, მძიმე რეპრესიები დაიწყება ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ.
,,ვინაიდან არჩევნები წაგვართვეს და ცდილობენ ამის დაკანონებას, პროტესტი რჩება არა ერთ, არამედ ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს. თუ ახლა არ მოქმედებს მაგალითად რუსული კანონი, ცენზურის კანონი, თუ ახლა არავის არ ხურავენ და არ იჭერენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არის პროტესტი. თუ პროტესტი შეწყდება დაიწყება ძალიან მძიმე რეპრესიები ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ", - ამბობს ბაია პატარაია.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას გეგმების დაკონკრეტება ისევ უჭირს და საკუთარ მხარდამჭერებს ახალს ისევ ვერაფერს ეუბნება. ოპოზიციას არავითარი გეგმა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან ვიღაცამ რაღაც მუქარა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაზე. სხვა მათი გეგმა და იდეა ნულია.
უფრო მეტიც, "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცოტა ხანს კიდევ "იჭიჭყინებს" ქუჩაში და საგაზაფხულო სესიის დროს, მათი უმეტესობა პარლამენტში შევა. მისივე თქმით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარის განმეორებას ცდილობს.
"ოპოზიციის მხრიდან მე მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ცოტა ხანს კიდევ იჭიჭყინებენ ქუჩაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დროს, მათი უმრავლესობა აუცილებლად შემოვა პარლამენტში.
„მსგავსი სცენარი ჩვენ უკვე ვნახეთ 2020 წელს და ახლაც ისინი მსგავსი სცენარის განვითარებას ცდილობენ. ტელეკამერების წინ კეკლუცობენ, რომ განცხადებებს დაწერენ და არ შევლენ, მაგრამ, ახლა დაწერილი ნებისმიერ განცხადება ფარატინა ქაღალდია", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციას რეალურად ხალხი არ ჰყოფნის და ბუნებრივია, დაღლილმა ადამიანებმა, რომლებიც ქუჩაში ამ ხნის განმავლობაში იყვნენ, უნდა დაისვენონ. მამარაძის თქმით, ის ცხოვრობს ჭავჭავაძეზე და საკუთარი თვალით ადევნებდა ამ მოვლენებს თვალს. შესაბამისად, ოპოზიცია ჩიხშია და არ იცის რა გააკეთოს.
„სასაცილოდ ცოტა ადამიანები იყვნენ ადგილზე და მერე კიდევ უფრო სასაცილოა, როცა მათი მედიები იტყუებიან, თითქოს იქ ძალიან ბევრი ხალხია და გზის გადაკეტვის უფლება აქვთ. ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკა ნაწილობრივ მოქმედებს. ისინი ცდილობენ დასავლეთის თვალში იმის ჩვენებას, თითქოს დედაქალაქში საპროტესტო მუხტი არ წყდება. ამიტომ ადგილზე იმაზე მეტი კარვები მიიტანეს, ვიდრე ადგილზე ხალხი იმყოფებოდა. თანაც ყველა საერთაშორისო კანონის მიხედვით, ეს დარღვევაა.
„როცა აქციაზე ბევრი ხალხი არ არის, ბუნებრივად არ ხდება ქუჩის დაკავება, როგორც ადრე გვინახია, თუნდაც, ივანიშვილის 2012 წლის წინასაარჩევნო აქციის დროს მოხდა. იმდენი ხალხი იყო გამოსული, რომ რუსთაველის მეტროდან ვერ გატოკდებოდი თავისუფლებამდე.
„დასავლეთის გამოძახილი ნახეთ ახლა, როთი როგორ ყვიროდა, რომ შეხედეთ ამ ბრწყინვალე ქართველებს, როგორ იბრძვიანო. დღეს მთელი ევროპა მათ გვედით უნდა იყოსო. ეს მათი შედეგია უკვე და ამით ოპოზიცია რაღაცის ჩვენებას დასავლეთში საკუთარი ლობისტებისთვის ახერხებს.
„რა თქმა უნდა, დარბევაც უნდათ, მაგრამ ეგეც კარგად იციან, რომ სააკაშვილის დრო არ არის და არ იქნება ისეთი სახის, რომ ამან გაბრაზებული ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანოს“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, ის დიდი ოდენობით სტუდენტებისა, რომლებიც თავისი საკუთარი სურვილით ქუჩაში გაზაფხულზე გამოდიოდა და „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, დღეს ისინი არ გამოდიან. ოპოზიცია ამ თვითმომდინარე ტალღას აჯდებოდა. ახლა კი ესეც ვეღარ ხერხდება.
„ეხლა სტუდენტები გაეცალნენ პოლიტიკოსებს და ამიტომ თითოოროლა სტუდენტი თუღა დგება მათთან. მე მაქვს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და ისინი ამბობენ, რომ კი ბატონო, ჩვენ გვაქვს პორტესტი დღემდე ამ კანონის მიმართ, მაგრამ ამ ოპოზიციას მხარს ვერ დავუჭერთ.
„ამ ლიდერების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არ არის მხარდაჭერა. კი ბატონო, მისცეს ხმა, მაგრამ არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლა უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციის წარმომადგენლობა ყოფილიყო. ოპოზიციამ ეს კარგად იცის, მაგრამ ისევ აგრძელებს წაგებული თამაშის თამაშს“,-ამბობს მამარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



