
საკონსტიტიციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დაარეგისტრირა - კონსტიტუციონალისტების თქმით, ახლა სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად.
თუ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი, მაშინ სასამართლოს განხილვისთვის 30 დღიანი ვადა აქვს.
სპეციალისტების თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო 25 ნოემბრამდე, მაშინ პარლამენტის დაანონსებულ დღეს 25 ნოემბერს შეიკრიბება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იურისტთა ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დაობს.
შეუშლის თუ არა ხელს დაანონსეულ შეკრებას სარჩელი
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" იმ პროცედურაზე ყვება, რაც პარლამენტის რეგლამენტის თანახმადაა გაწერილი.
"პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველს სხდომაზე, ჯერ უნდა აირჩიონ დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, შემდეგ სამანდატო კომისიას უნდა გადაეცეს ცესკო-ს მიერ შემუშავებული დოკუმენტები, პირველ რიგში შემაჯამებელი ოქმი. სამანდატო კომისიამ ეს დოკუმენტები უნდა შეისწავლოს და პარლამენტს წარუდგინოს, პარლამენტის წევრად არჩეულ იმ პირთა სია, რომელთა უფლებამოსილებასაც უნდა ეყაროს კენჭი.
"თუმცაღა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც შემაჯამებელი ოქმი - ანუ მთლიანად არჩევნების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, აქ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტის რეგლამენტის ნორმა, რომელიც ამბობს - იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოში, ან საერთო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, კონკრეტული პირის, ან პირთა არჩევნების კანონიერების თაობაზე, შესაბამისი პირები სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს პარლამენტის იმ წევრთა სიაში, რომელიც პარლამენტს წარედგინება უფლებამოსილების ცნობისთვის, ხოლო პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს ასეთ პირთა უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, რომლითაც დადგინდება, რომ ამ პირთა არჩევა იყო კანონიერი.
"რადგან პრეზიდენტმა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი მთლიანად გაასაჩივრა და ამ ოქმის ერთი ნაწილია სწორედ იმ პირთა სახელები და გვარები, ვისი არჩევაც ცესკო-მ დაადგინა, 150-ივე პირი არ შეიძლება შეყვანილ იქნან პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში.
"სამანდატო კომისიამ თავის დასკვნაში, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, უნდა დაწეროს, რომ ამ 150 წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ საკონსტიტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მანამდე პარლამენტის სხდომა ვერ გაგრძელდება და ამით უნდა დაამთავროს პარლამენტმა თავისი პირველი სხდომა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს",-განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო სასამართლომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მოასწროს 25 ნოემბრამდე, ხმალაძემ გვითხრა:
"საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. შეუძლია თქვას, რომ სარჩელი არსებითად განხილვისთვის მიღებულია, ან სარჩელი არ აკმაყოფილებს რიგ პირობებს და უნდა ჩამოთვალოს რა პირობებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ოღონდ ეს უნდა დაასაბუთოს.
"თუ სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო, მაშინ პარლამენტს შეეძლება უკვე ჩვეულებრივად გააგრძელოს სხდომა და ცნოს უფლებამოსილება. თუ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი, მაშინ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განხილვას უნდა დაელოდოს.
„ამ განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს და ეს ვადა აითვლება სარჩელის დარეგისტრირების მეორე დღიდან, ანუ 21 ნოემბრიდან და შემდგომ 30 დღის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს შეიძლება იყოს მიღებული მეათე, მეთორმეტე, ან მეოცე დღეს, ეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოაზეა დამოკიდებული",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, სარჩელი, 25 ნოემბერს დაანონსებული პირველი სხდომის გამართვას ხელს ვერ შეუშლის.
"საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა და თუ მისაღებია და განსახილველია, დღესვე განიხილავს. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ უფრო მიმაჩნია, რომ მისი განხილვა არ შედგება. ცესკო-მ განცხადება გააკეთა, რომ არჩევნები შედგა. მანამდე სხვადასხვა სასამართლო ჩატარდა და ამ სასამართლოების განაჩენების შედეგად, ცესკო-მ ის განცხადება გააკეთა, რაც გააკეთა.
"ამიტომ არ მგონია ამ სარჩელმა პოლიტიკური პროცესს ხელი შეუშალოს. ეს არის "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" სიტუაცია, ეს ამბავი მათ არ გამოუვათ. კიდევაც რომ იყოს განხილული, მაინც არჩევნები შემდგარია, ჩატარებულია და პარლამენტი მუშაობას ერთი კვირის დაგვიანებით შეუდგება, თუ ერთი კვირით ადრე, ეს დიდი ამბავი არ იქნება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
რა წერია საია-ს განცხადებაში
რაც შეეხება საიას განცხადებას, განმარტავს წესს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა.
„ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
"დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
"შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.
"ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს საია.
რას ამბობს "ქართული ოცნება"
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც სახელმწიფოს მეთაური 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, „აბსურდულს" უწოდებს და აცხადებს, რომ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, ყოვლად უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, სისულელეა დაშვება იმისა, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ გამართოს, რადგან „ასეთი დაშვებით პარლამენტი არასდროს უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ".
„იმდენად თვალსაჩინოა თვალთმაქცობა და თაღლითობა, რომელიც ვითომ და, ხმების ფარულობის დარღვევას უკავშირდება, ვფიქრობ, რომ აქ სხვა გეგმაც არის ჩადებული - ეს არის გეგმა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ!
"მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ არსებობს ფენომენალური ნიჭის მქონე ასობით ათასი ადამიანი, ვინ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან" და შეუძლია, როცა ბიულეტენის უკანა მხრიდან წამიერად წერტილი გამოჩნდება, მიხვდეს, ეს წერტილი რომელი პარტიის გასწვრივ არის დასმული.ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის იქეთ ვერაფერი მოიპოვეს.
"ფაქტია ისიც, რომ გამოუშვეს ქუდები, დროშები და მელნის ლაქები ბრენდად გაიხადეს. ისინი ამ შავი ლაქით შევლენ ისტორიაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



