თამთა ჩაჩანიძე
(20.11.2024)

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს კვლავ აანონსებს. "ქართული ოცნება" კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ აქვს, მანდატების გაუქმებაზე არ წავლენ და საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ორგანოში შევლენ. თუმცაღა, ამ დროისთვის ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პლატფორმა აცხადებს, რომ მეთერთმეთე მოწვევის პარლამენტს "ლეგიტიმაციას არ მისცემს". რა სტრატეგია აქვს მოცემულ მომენტში ოპოზიციას და რა - ხელისუფლებას?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია სტრატეგიაზე გზადაგზა სპონტანურად ფიქრობს, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის გეგმა არ აქვთ, ხოლო ხელისუფლების ტაქტიკის შემუშავება შედარებით ადვილია, როცა სტრუქტურები მათ დაქვემდებარებაშია და პროცესებზე გავლენის ბერკეტი "კონსტიტუციურად გააჩნია".

"დღეს დილას გირჩ ჯაფარიძეს უთქვამს, მოვიფიქრებთ და გეტყვითო, ანუ ოპოზიცია გზადაგზა, სპონტანურად ფიქრობს და ესე იგი, ამ მომენტისთვის სტრატეგია არ აქვთ. რას შეეხება სახელისუფლებო ტაქტიკას, მათ უფრო ადვილი ამოცანა უდგათ, გააგრძელებენ ისე, როგორც არიან.

"იმ ჯგუფებს, ვინც ოპოზიციაშია, ისეთი პირობები რომ ჰქონდეთ, როგორც ხელისუფლებას აქვს, მათთვისაც ტაქტიკა სტრუქტურების ამუშავება იქნებოდა და მეტი არაფერი. სტუქტურებამდე ხელი რომ არ მიუწვდებათ, მთავრობას ვერ აყალიბებენ და გავლენის მოხდენა ქუჩიდან უნდათ, ამას რომ ვერ ახერხებენ, ამაშია მათი პრობლემა.

"ანუ გავლენებზე არის ბრძოლა, უბრალოდ, ერთ მხარეს ხელისუფლებას პროცესებზე გავლენის მექანიზმები კონსტიტუციურად გააჩნია, მეორე მხარე კი ცდილობს ეს მექანიზმიქუჩის პროტესტებით მოიპოვოს, ოღონდ როგორც ჩანს გაუჭირდა.

"საინფორმაციო თვალსაზრისით მხარეების ტაქტიკას რაც შეეხება, მემგონი ოპოზიციას ისევ და ისევ უჭირს, რადგან საინფორმაციო ველში დგება საკითხი - რა არის მათი ძირითადი პოზიცია. მათი პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები სად არის გაყალბების არგუმენტები?! გაყალბებაზე მესამე პირში ლაპარაკობენ, რომ აი იმან ნახა და იმან გაიგო.

"გაყალბების უშუალო ფაქტები საიმისო რაოდენობის, რომ შედეგებში განსხვავება გააბათილოს, ჯერჯერობით არ ჩანს. რადგან არ ჩანს და ფაქტების გარეშე მარტო ლოზუნგები ისმის, ეს უკვე ნიშნავს, რომ საინფორმაციო ველშიც არ ექნებათ მათ ის წარმატება და იმდენი ადამიანის ცნობიერებაზე გავლენას ვერ მოახდენენ, რამდენიც მათ სჭირდებათ.

"ოპიზია ემოციურად ჯერჯერობით გავლენას იმ ადამიანებზე ახდენს, ვინც "ქართული ონებით" უკმაყოფილო ისედაცაა და ბუნებრივია ასეთი ხალხი არსებობს",- განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ 25 ნოემბერს, მაშინ როცა ახალი პარლამენტის პირველი შეკრებაა დაანონსებული, ხალხმრავალ აქციას ელოდება.

"დიდ მიტინგს ველოდები. მემგონი ინციდენტები არ იქნება, რადგან ამჟამად ინციდენტები გზის გადაკეტვის სტრატეგიამ გამოიწვია. მომიტინგეებს ნათქვამიც ჰქონდათ, რომ მათი მიზანია დისკომფორტი შეუქმნან მოსახლეობას, რათა მერე მოსახელობა ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. მოსახლეობა ადგა და ამათ დაუპირისპირდა, თან ძალიან მნიშვნელოვანი გზა იყო გადაკეტილი, სადაც ოთხი ცენტრალური ქუჩა გადის.

"წმინდა ცხოვრებისეულმა პრობლემამ ძიძგილაობის აუცილებლობა შექმნა, თორემ როცა რუსთავლი იყო გადაკეტილი, სადაც შემოვლითი გზები არსებობს და თბილისი ამ შემოვლითი გზებით სიარულს შეჩვეულია, რუსთაველის გადაკეტვა არ იწვევს ხოლმე ასეთ ინციდენტებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის სტრატეგია მოიცავს, როგორც პერმანენტულ აქციებს, ისე დასავლეთთან თანამშრომლობას და სამართლებრივ ბრძოლას. რაც შეეხება "ოცნებას", ანალიტიკოსის აზრით, მათი ძირითადი სტრატეგია დეზინფორმაციის გავრცელებაა.

"ოპოზიციის სტრატეგია პერმანენტული აქციებია, რისთვისაც აუცილებელია კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებთან, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მეორე მიმართულებაა, თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და დარწმუნება იმაში, რომ სანქციების ამოქმედეება დიპლომატიური ზეწოლაა აუცილებელი, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"მესამე მიმართულება უკავშირდება სამართლებრივ ბრძოლას. თუნდაც ის, რომ პრეზიდენტმა არჩევნებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დიდი იმედი არ აქვს, მაგრამ საქართველოში ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, ამის მერე უკვე წინაპირობა შეიქმნება, რომ საქმე ევროპის სასამართლოში წარადგინონ.

"რაც შეეხება საინფორმაციო ბრძოლას, აქ ოპოზიციას გარკვეულწილად სამუშაო აქვს. აუცილებელია ყველანაირი საინფორმაციო მეთოდებით, თუნდაც სოციალური ქსელებით თუ სხვა, მაქსიმალურად აამოქმედოს და დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქეები, რომ პირიქით, თავად ოპოზიცია იბრძვის მშვიდობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ქრისტიანული ღირებულებებისთვის და ამიტომაც სურს, რომ საქართველოს საიმედო მოკავშირე ჰყავდეს დასავლეთის სახით. უნდა დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ დასავლეთმა გამოყო თანხები ქართული ძელგების რეკონსტრუქციისთვის და მეორეს მხრივ, რუსეთმა თავის დროზე ისინი შეღება და გაანადგურა.

"ვიღაცა"ოცნების" პროპაგანფდას იჯერებს, ვიღაცას აწყობს. "ოცნების"ირითადი სტრატეგია დეზინფორმაციის გარცელება და საზოგადოების დაყოფაა. ცდილობენ დაარწმუნონ ხალხი, რომ სწორედ ისინი არიან მშვიდობის გარანტი. ამასთან სხვადასხვა დაპირებებია 2028 წლისთვის.

"გარდა ამისა, "ოცნება" მოსახლეობის დარწმუნებას სოცქსელებშიც ცდილობს, მაგალითად იმაზე, რომ აქციებზე ბევრი ხალხი არ გამოდის. ამასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს აბულინგებენ. ეს ვიღაცას მოსწონს, თუმცა საერთო ჯამში, საზოგადოების გარკვეულ ფენაზეა გათვლილი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს ოპოზიცია საკუთარ გეგმებზე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე 20 ნოემბრის ღამეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებს, რადგან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.

„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის!" - აღნიშნა ვაშაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება" და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა პროტესტის „რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმის მოფიქრება".

„შეცვალეს სტრატეგია, საშუალებას გვაძლევენ მელიქიშვილი გადავკეტოთ. ამბობენ, რომ ეს დისკომფორტი არაა. ჩვენთვის ამ აქციას შინაარსი არ აქვს. გუშინ აქ ვიყავით, თავად ჰქონდათ გადაკეტილი გზა. როგორც ჩანს, ეს მათთვის ატანადია. გადავწყვიტეთ, გადავიგეგმოთ, პროტესტის რაიმე სხვა ლოკაცია მოვიფიქროთ ან ფორმა, რომელიც მათ მეტ დისკომფორტს შეუქმნის. ალბათ, უფრო საღამოსთვის გვექნება გადაწყვეტილება", - განაცხადა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან".

რას ამბობს "ქართული ოცნება"

ოპოზიციის აქციებს "ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.

„შეტყობინება საკუთარ მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნეს - ახლა დავისვენოთო! ეს არის დასასრული! ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, მოატყუა. ეუბნებოდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებებს პარლამენტის კანცელარიას ჩავაბარებთ. სად არის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირდებით 61 განცხადება?! ამას სთხოვს ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველი! ნურას უკაცრავად, თქვეს, ახლა ჩვენ დავიღალეთ, დავისვენებთ, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებით, რა თქმა უნდა, ხელფასებს მივიღებთ და მერე თებერვალში ვნახოთ, რას გავაკეთებთო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ეს აქციის დაშლა არ არის, რადგან „გიორგი ვაშაძე ძირითადად ჟურნალისტებს და ოპერატორებს ელაპარაკებოდა, მის უკან კი ერთი-ორი ადამიანი იდგა".

„როცა მიხვდნენ, რომ მეგაფონით საუბარს აზრი არ ჰქონდა, თქვეს, მოდით წავიდეთ ერთმანეთს სახლში ველაპარაკოთო. ლიდერები წავიდნენ, თორემ არავინ არ დაშლილა, რადგან იქ არც არავინ იყო. როცა გირჩი ჯაფარიძე საუბრობდა, მაშინაც არავინ იყო არც აქციაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გამვლელი მოქალაქეებისა. როგორც ყვარყვარე თუთაბერს ჰქონდა განცდა, რომ ჯარს თვითონ მიუძღოდა და რეალურად ჯარი თავისით მიდიოდა და თვითონ ჩაუდგა სათავეში, ეს ხალხი ესაა - ჰგონიათ, რომ მათ ვინმე უჯერებს! მათ ვერასოდეს ვერავინ ვერ დაუჯერებს, რადგან კაცთმოძულე ადამიანები არიან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე