ელზა პაპოშვილი
(19.11.2024)

ორშაბათს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ისევ ვერ მოხერხდა. გადაწყდა მხოლოდ ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში გასარკვევად საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა. რას ნიშნავს ეს, რა უფლებამოსილებები ექნება ამ მისიას და რა გავლენას მოახდენს მისი საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ისე დასავლეთის მიერ საქართველოს არჩევნების აღიარება-არაღიარებაზე?

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ამ მისიასთან თანამშრომლობაზე, რაც უკვე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა წინასწარ განცხადებებში. შესაბამისად, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერებს დასავლეთში ეჭვებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და გააურთულებს მის აღიარებას.

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში გამოგზავნიან მისიას, ასევე მიიწვევენ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებზე სასაუბროდ.

ბორელმა შეკითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოაგზავნიან, რათა ყურადღებით შეისწავლონ, რა მოხდა არჩევნებზე.

მან იმაზეც ისაუბრა, თუ რა იქნება მისიის მიზანი:

„(მისია) შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. 

„სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია. მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას, რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, - განაცხადა ბორელმა.  

18 ნოემბერს ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროკაშვირში საქართვესთან დაკავშირებით გამოკვეთილი და ერთიანი პოზიცია არ აქვთ.

რაც შეეხება მოსალოდნელ რადიკალურ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოდან ბრიუსელშ გაგზავნილ წერილში ითხოვდა 4 ოპოზიციური პარტია, ევროკავშირი, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ამისგანაც თავს იკავებს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, 18 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარეკ ეშტოკის კომენტარმაც გამოავლინა.

„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ ეშტოკს.

ხელისუფლების პოზიცია „ტექნიკურ მისიაზე“ 

„რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაც? უბრალოდ, რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს - ტექნიკური მისია“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ინიციატივას. მისივე თქმით, საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები  და „კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს”.

„ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს. რაღაც ფორმატი მოიგონა ვიღაცამ. რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაც? ჯერ საერთაშორისო გამოძიებაო, მერე მიხვდნენ, რომ აბსურდი იყო. რა საერთაშორისო გამოძიება? ქვეყნის სუვერენიტეტი გადაშალეს, თითქოს დაფაზე ცარცით დაწერილი იყოს. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა. ახლა საუბარია რაღაც ტექნიკურ მისიაზე. ვინმემ იცის განმარტება?  უბრალოდ, რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს რაღაც ტექნიკური მისია.

„ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის? კუბილიუსია ტექნიკური მისია? ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით? რაზე არის ლაპარაკი, არავინ იცის, არც თვითონ არ იციან ამ განცხადების ავტორებმა რა ტექნიკური მისია იქნება, აწი მოიფიქრებენ.

„საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები  და კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს“, - განაცხადა  მდინარაძემ.

„ოცნება“ მათ მუშაობის უფლებას არ მისცემს“

როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ევროკავშირის მხრიდან „ტექნიკური მისიის“ გამოგზავნის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების არ სჯერათ და სიტუაციაში გარკვევა პირადად სურთ. თუმცა ჩიტაძე ფიქრობს, რომ „ოცნება“ ამის საშუალებას მათ არ მისცემს. ეს კი დასავლეთის მხრიდან არჩევნების აღიარება კიდევ უფრო გაართულებს და საეჭვოს გახდის. 

„რა თქმა უნდა, ევროპაშიც არავის სურს, რომ საქრათველოს არჩევნების საკითხი ასე ჰაერში გამოკიდებული იყოს. რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იქნას ნაპოვნი. „ოცნებას“ რომ აღარ ენდობიან, ეს უკვე დიდი ხნის ამბავია. ამიტომ გადაწვიტეს „ტექნიკური მისიის“ გამოგზავნა, რომელიც ორივე მხარესთან სიტუაციის გარკვევას შეეცდება. ალბათ აქ სურთ კონკრეტული ოქმების ნახვა. ასევე ცესკოს მხრიდან ყველა იმ ტექნიკური დეტალების გაცნობას მოისურვებენ, რომლის შესახებაც ოპოზიციას აქვს პრეტენზია. 

„თუმცა, მე არ ველი, რომ ამის უფლებას „ოცნება“ ამ მისიას მისცემს. ისინი მაინც შეეცდებიან, რომ ბოლომდე თავისი გაიტანონ. შეიკრიბება პარლამენტიც და მას ლეგიტიმურად გამოაცხადებენ. თუკი ეს ტექნიკურდ მისია ვერც საქართველოში ჩამოვა და თუ ჩამოვა, მას  არ მისცემს ხელისუფლება აქ კონრკტულ დეტალებზე წვდომის საშუალებას, რომ გაერკვენენ ვინ არის მართალი, მაშინ, ვფიქრობ, არჩევნების აღიარების პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. დასავლეთში ეს საკითხი ისედაც კითხვის ქვეშ დგას და თუკი „ოცნება“ კიდევ უფრო  მეტ წინააღმდეგობას გაწევს, რა თქმა უნდა, ეჭვები მით უფრო გაიზრდება. ამიტომ სიტუაცია იმაზე რთულად მგონია, ვიდრე ახლა აღიქვამს ჩვენი მოსახლეობა. ქვეყანას იზოლაციაში მოხვდერა ემუქრება“, - ამბობს ჩიტაძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველოსთვის რადიკალური ზომების მიღებას მხარი არ დაუჭირა, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ევროპაც ამერიკის მოლოდინშია, შესაბამისად, ყველა თავს იკავებს რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისგან. ამიტომ მეტწილად ნათელ სურათს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა მოგვცემს. ამიტომ ჯერჯერობით მაინც ბევრი რამ ბუნდივანია.  

„შარლ მიშელი - 2“ არ იქნება...“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ჟოზეფ ბორელის მიერ დაანონსებულ „ტექნიკური მისია“ გაუგებარი მოვლენაა, რომელიც თავად ევროკავშირში ვერ ახსნეს გასაგებად, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს. ამასთან, აბაშიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კრიზისს იხსენებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მოგვარდა, თუმცა ახლა მსგავს რამეს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „შარლ მიშელი - 2“ აღარ იქნება.

„დამთავრდა ის დრო, როცა გვკარნახობდნენ ულტიმატუმის ენით, როგორი უნდა ყოფილიყო ქართული მართლმსაჯულება, კანონები. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ქართული არჩევნები ჩატარდა თუ არა დემოკრატიულადო. 

„რაღაც მისიით რომ ჩამოდიან, ეს უკვე არავის აღარ ადარდებს. იმდენს მიაღწიეს, რომ სიტყვა „ბორელი“, „ევროპარალმენტარები“ დასაცინ ტერმინად იქცა. ეს კი იმ ჩინოვნიკების „დამსახურებაა,“ რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში უნამუსოდ ერევიან. როგორი უნდა იყოს საარჩევნო გარემო - ახლა ამას გვარიგებენ კიდევ.      

„ალბათ აქ ჩამოვლენ, შეხვდებიან ოპოზიციას, მათთნ მიტმასნილ არასამთავრობოებს, შემდეგ მიიღებენ გარკვეულ მიკერძოებულ დასკვნებს. ეს ხალხი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომა მაინც შედგება. შემდეგ ამ პარლამენტში თუ არ უნდათ მანდატები, მობრძადნენ და დაწერონ ის კანონიერი განცხადება, რაც მათ მანდატებს ნამდვილად გაუუქმებთ და არა ის ფარატინა ქაღალდი, რაც ახლა დაწერეს. 

„ამ ბარიერგადალახულ ოთხ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. ამიტომ ტექნიკური მისია ჩამოვა, თუ საგამოძიებო მისია, არ აქვს მნიშვნელობა. უმჯობესია მათ მყარი რეკომენდაციები მისცენ რადიკალებს, რომ აიღონ მანდატები და შევიდნენ პარლამენტში“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, 18 ნოემბერს ევროკავშირის მინისტერიალზე აშკარად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში საქართველის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება მცირდება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგომასთან დაკავშირებით. 

„ეს ყველაფრი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით არ არის ერთიანი დამოკიდებულება არც ევროკავშირში და მისი წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საქართველოს დაბულინგება და კირიტიკა ევროპაში ერთსულოვნად მიღებული არ არის. ეს ძალიან კარგია და რაც უფრო დრო გავა, დეკლარილებულად მომხრე ევროკავშირის სივრცეში უფრო გაიზრდება. ამიტომ რადიკალების მოლოდინი, რომ დასავლეთი რაღაც „ტექნიკურ მისიას“ აგზავნის აქ და ამაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება იქნება დამოკიდებული, არასწორია. ევროპა ადრე თუ გვიან ამ არჩევნებთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებს და ეს ძვრები დაწყებულია“, - ამბობს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე