
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის - ფარულობისა და საყოველთაოობის დარღვევას. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, „ყველა გზა უნდა სცადოს". შეაფერხებს თუ არა ეს პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას, რომელიც 25 ნოემბერს უნდა შედგეს?
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილა არ შეუძლია ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობა შეაფერხოს.
„XI მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არაა. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არაა. გვითხრან, რომელ ნორმას მიიჩნევენ, თუ ასეთად რომელიმე ნორმას მიიჩნევენ და იმაზეც გავცემთ პასუხს", - თქვა მდინარაძემ.
კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის დავა, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს და სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, შესაძლოა „პროცესმა დაახლოებით ერთი თვე მოიგოს", რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის - 25 ნოემბრისთვის, სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი, „სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას".
კონსტიტუციონალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლომ 25 ნოემბრამდე სარჩელის მიღების საკითხი ან არ განიხილა, ან განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა აქტის მოქმედების შეჩერება, მაშინ პარლამენტი შეიკრიბება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სარჩელის შეტანის გადაწყვვეტილებაზე 18 ნოემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაანონსა. ამასთან მისი თქმით, გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა გაგრძელდეს.
პრეზიდენტი მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ ახალ არჩევნებამდე 2020 წელს არჩეული პარლამენტით, მთავრობითა და მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციით მივიდეთ, ხოლო „გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს - არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი".
ანალიტიკოსები მიიჩნევრნ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა - ახალი არჩევნები და არჩევნებამდე ძველი ხელისუფლებით მისვლა - კანონის ფარგლებში ჯდება, თუმცა მთავარია რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება.
რამდენად პერსპექტიულია პრეზიდენტის გეგმა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოებერს საგანგებო ბრიფინგზე 26 ოქტომბრის არჩევნების მისეული შეჯამება წარმოადგინა. მისი თქმით, „არჩევნები არ შედგა" და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას" სთავაზობს, რომ ამ არჩევნებამდე 2020 წელს არჩეული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით მივიდეთ.
„არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე მესამე კვირა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვიდგას", რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დაუშვებს. ამბობს, რომ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგი შაბთ საღამოს ჰქონდა დანიშნული, თუმცა, ორშაბათისთვის გადადო. ბრიფინგამდე კი მას ოპოზიციის ლიდერებთან ჰქონდა კონსულტაციები.
პრეზიდენტის ბრიფინგს „ქართული ოცნებიდან", როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ თავად ზურაბიშვილმა გაიხანგრძლივოს პრეზიდენტიობის ვადა.
„სალომემ - პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის გეგმაში ახალი და ორიგინალური არაფერია, რადგან, თუ ახალი არჩევნები მართლაც დაინიშნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც პრეზიდენტმა აღწერა. თუმცა, მთავარი საკითხიც სწორედ ესაა - გადაწყდება თუ არა ახალი არჩევნების დანიშვნა.
„თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნა, ცხადია, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდება, რომ ამჟამად არსებული პარლამენტმა უნდა გააგრძელოს საქმიანობა, შესაბამისად, მთავრობაც იგივე რჩება, შესაბამისად, პრეზიდენტიც თანამდებიბაზე რჩება, რადგან, სანამ არ შედგება ახალი არჩეული პარლამენტი, მანამდე საარჩევნო კოლეგია ვერ შეიკრიბება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის ამ გეგმას არარეალისტურად მიიჩნევს.
„საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტები ყოფილა, როდესაც პარლამენტს უხანგრძლივდება საქმიანობა. მაგალითად, ასე იყო 2003 წელს, როცა არჩევნების პროპორციული ნაწილი გაუქმდა და მაშინ ძველმა პარლამენტმა ახლის არჩევამდე იმუშავა. ასე რომ, აქ სიახლე არაფერია და შეიძლება საქმიანობა გაუხანგრძლივდეს და იმუშაოს ახალი პარლამენტის არჩევნებამდე. მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი რამ - რამდენად დაუშვებს ამას თავად ხელისუფლება და რამდენად არის ეს მისთვის მისაღები. არ მგონია, რომ ახლა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას, არჩევნების შედეგებზე უარი თქვას და ახალი არჩევნები დანიშნოს. გეგმა თეორიულად ნორმალურია, მაგრამ მისი განხორციელების შანსი, ჩემი აზრით, პრაქტიკულად ნულის ტოლია", - განაცხადა ძაბირაძემ.
შეაფერხებს თუ არა სარჩელი პარლამენტის შეკრებას
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხმალაძე აცხადებს, რომ თუ სასამართლომ 25 ნოემბრამდე სარჩელის მიღების საკითხი ან არ განიხილა, ან განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა აქტის მოქმედების შეჩერება, მაშინ პარლამენტი შეიკრიბება.
„რამდენადაც მახსოვს, იქ ამ შემთხვევისთვის რაიმე განსაკუთრებული ნორმა არაა. არის ასეთი რამ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 30 დღის ვადაში. მეორე, პრეზიდენტი ალბათ სარჩელით მოითხოვს, დროებითი ღონისძიების სახით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებას. თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, მაგრამ თუ არ დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტი შეიკრიბება. მერე კი ყველაფერი იქნება დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
„საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილება, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თუ უარი თქვა, პარლამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივ საქმიანობას; თუ სარჩელი დააკმაყოფილა, მაშინ შემაჯამებელი ოქმი გაუქმდება, შესაბამისად ახალარჩეული პარლამენტი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს და უნდა გაიმართოს ხელახალი არჩევნები.
„არანაირი საფუძველი არაა, რომ სასამართლომ სარჩელი განსახილველად არ მიიღოს. უნდა მიიღოს, ოღონდ აქ არსებითი იქნება დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას, რომ შეჩერდეს შემაჯამებელი ოქმის მოქმედება. ასებული ვითარებიდან გამომდინარე, მან ასეთი გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს, ლოგიკურად ასეა, თუმცა თავად სასამართლო ადგენს რამდენ ხანში მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, რამდენად აქვს შანსი „ოცნებას", რომ 25 ნოემბერს პარლამენტი შეკრიბოს, ხმალაძემ გვითხრა, რომ „თუ სასამართლომ მანამდე სარჩელის მიღების საკითხი ან არ განიხილა, ან განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა აქტის მოქმედების შეჩერება", მაშინ პარლამენტი შეიკრიბება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია პროცესი სრაფად გაიაროს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად გაიაროს, რეალურად, კონსტიტუციის იმ მუხლს, სადაც საუბარია გასაჩივრებულ დეპუტეტების რაოდენობის ორ მესამედზე, ამას ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს, ხელისუფლება ისე, არასამთავრობო სექტორი ისე. ყველა ვარიანტში ისევ და ისევ იქამდე მივდივართ, რამდენად არის ხელისუფლების ნება, რომ არჩევნები გააჩეროს, ან გადაითამაშოს, ან რაღაც ამდაგვარი.
„თუ ხლისუფლებისთვის ასეთი მოცემულობა მისაღებია, მაშინ რა თქმა უნდა, გააკეთებს, მაგრამ თუ მისაღები არაა, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლიათ სარჩელიც მიიღონ და გადაწყვიტონ. ეს ხომ ფორმალურია? საკონსტიტუციო სასამართლო მართლა ხომ არ იხილავს, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მმართველი გუნდი გადაწყვეტს და ყველაფერი მაინც მმართველ გუნდზეა დამოკიდებული", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



