
ოპოზიციის ორდღიანი აქცია ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ დაშალა და ქუჩიდან მათი კარვები აიღო, თუმცა პროტეტი უკვე მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს იყო ოპოზიციის მომხრეთა და პოლიციის ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება. დაკავებულია 16 მოქალაქე და აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ანალიტიკოსები საპროტესტო მუხტის აწევას არ პროგნოზირებენ, თუმცა მათივე აზრით, შედარებით მაღალი აქტივობა 25 ნოემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვისას იქნება.
„მე ვფიქრობ, დღეს და ხვალ რამე ისეთ სერიოზულ აქციებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს იქნება მიტინგი მიტინგისთვის. დიდი ალბათობით, ძალებს და რესურსებს ინახავენ 25 ნოემბრისთვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ხელი შეუშალონ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, აქციის დაშლა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მუხტმა აიწიოს.
მოვლენების ქრონოლოგია
აქციის მონაწილეები პოლიციას გაუმართლებელ ძალადობასა და ძალის გადამეტებაში დანაშაულებენ. შსს-ში თავის მხრივ აცხადებენ, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიცია მეორე დღეა უწვეტ აქციას მართავს. მათ გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია. 19 ნოემბერს, დილის 7 საათისთვის შსს-მ მანიფესტაციის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილა, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდნენ.
„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს მიზანმიმართულად ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.
„ამასთან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცემათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს", -ნათქვამი იყო შსს-ს მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი მივიდა და სიტყვიერად გააფრთხილა. თუმცა ოპოზიციონერმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებდნენ.
ამის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-სთან მობილიზებულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლებმა ოპოზციის მიერ გაშლილი „კარკვების ქალაქი" დაშალეს და აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირისკენ გაიყვანეს. ტერიტორია მერიის სამსახურებმა დაასუფთავეს.
აქცია ამით არ დასრულებულა. პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმე საათში პოლიციამ ისევ სცადა ქუჩის გათავისუფლება, როს გამოც ახალი შეტაკება მოხდა. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი დიღმის სამმართველოში.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძეა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი კამერით იღებდა დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი და პარტია „ახალის" პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი ყვება, რომ პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ, მას საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა სახეში დაარტყა.
„მეორე ღამე გავათენეთ მშვიდობიანად, ვაპროტესტებდით, როდესაც გამოვიდნენ და უკვე უკან დახევა როცა მიმდინარეობდა, პოლიცია როცა გვაწვებოდა, ჯერ გოგა მემანიშვილმა, როდესაც დამინახა, ეგრევე სახეში დამარტყა ხელი, რასაც მოჰყვა მერე დაპირისპირება, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე იყო ნიკა მელიას დაკავების მცდელობა. მანდაც მოვხვდი მე, მანდაც ჭიდაობა და მოულოდნელად, არ ვიცი რა იყო, რის გამო გავხდი ცუდად და მოუწიათ ჩემი გადმოყვანა საავადმყოფოში იმიტომ, რომ სუნთქვა და წელის ტკივილები მაწუხებდა", - აცხადებს კვიტატიანი.
„გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, აქციის მონაწილეები ორი დღე - ღამის განმავლობაში არავის გაუფრთხილებია, რომ რომელიმე ნორმას არღვევდნენ.
„მე საერთოდ არ მესმის ძალა რატომ გამოიყენეს და შეუძლებელია ვინმემ ახსნას. ჩვენ ეს პროტესტი გვქონდა ორი დღე-ღამის განმავლობაში. ორი დღე-ღამის განმავლობაში არ გვინახავს არცერთი, ან წერილობითი, ან ზეპირი განცხადება შსს-ის მხრიდან, რომ ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომელიმე კანონის რომელიმე ნორმას ვარღვევდით. შესაბამისად, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. ზუსტად იმავეს ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით მანამდე.
„მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ზღვა რობოკოპი ჰყავდათ, ოღონდ საქმეში არ ჩაურთავთ. გარდა ამისა იყვნენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ახლაც აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანია, რომელთაც ფიზიკური დაზიანება აქვთ მიღებული. სასწრაფოს ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა, სავარაუდოდ, მძიმე, იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ცუდად იყო. 15 წუთი სასწრაფოს არ ატარებდნენ, ეს ადამიანი რომ გაეყვანათ აქედან. ეს ტიპური რუსული „ომონის" ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო, რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
რას ამბობენ „ოცნებაში"
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ კანონისგან გადახვევას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ჩვენ ვნახავთ კანონისგან გადახვევას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
„ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი შენ სცდები კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის მიეცემა ისმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება, საზოგადოებას და ხალხს შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. არსებობს კანონი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს იმ დროს, როდესაც არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა კახა კალაძემ.
გაიზრდება თუ არა საპროტესტო მუხტი
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ შევადარებთ ახლანდელ აქციებს და 2007 წლის ნოემბრის მიტინგს, ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მისივე თქმით, მაშინ ბევრი მიზეზი იყო იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტი აწეულიყო, ახლა კი ამის შანსი არ არსებობს.
„სხვათა შორის, შედარებებიც კეთდება - 7 ნოემბერს სააკაშვილმა რომ აქცია დაარბია, საპროტესტო მუხტი გაიზარდაო და ისიც იყო ნათქვამი - მაშინვე ნახევარი ქალაქი გარეთ გამოვარდაო. დღეს ვხედავთ, რომ ნახევარი ქალაქი ქუჩაში არაა და კითხვაც დაისვა, თუ რატომ.
„ეს იმიტომ, რომ საპროტესტო მუხტი მარტო დარბევაზე არაა. ეს რაღაცნაირი ჯამია ხოლმე საზოგადოებაში იმ პროტესტებისა, რომელიც დაგროვდა: ციხეში ხალხის ჩასმა, ქონებების წართმევა, ძალადობა და ა.შ. ეს მოვლენები აჩენდა პროტესტს და დარბევა დაემატა, როგორც ძალადობის ფაქტი. ამიტომ გაიზარდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი.
„ასეთი სიტუაცია, რომ საპროტესტო მუხტის ასაწევად დაგროვილი იყოს ასეთი ფაქტები, ამჟამად საქართველოში არაა. ის, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, ეს ხომ ოპოზიციის შემოთავაზებული ფორმულაა? თორე რა ეტყობა, რომ ეს ხდება? დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვთ. შეიძლება ხელისუფლებაზე ბევრი რამ თქვან - უნიათობა, მოუწესრიგებლობა, ბევრი მიმართულებით პრობლემურობა, მაგრამ პროტესტი იმის მიმართ, რომ თუ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ დავიღუპებით, ასეთი მდგომარეობა, როგორც მაშინ იყო, არაა.
„მაშინ რომ ასე იყო, ეს გამოჩნდა 2012 წლის არჩევნებში, ანუ ის უკმაყოფილო ხალხი შეგროვდა და საარჩევნო ყუთთან მივიდა. დღეს არჩევნების ყუთთან უფრო მეტად მივიდნენ „ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგე ხალხი და „ქართული ოცნების" მომხრე ადამიანები. ამ მხრივაც ჩანს, რომ დღეს პროტესტი არ არის ისეთი, როგორიც მაშინ. ასე რომ, ეს მიტინგი არ იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ რადგან აქციის მონაწილეები გაიყვანეს და დაშალეს, ამას შეიძლება მოჰყვეს დიდი საპროტესტო ტალღა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, აქციის მონაწილეების რაოდენობა არ იყო იმხელა, რომ გზების გადაკეტვის აუცილებლობა ყოფილიყო. მისივე ვარაუდით, ოპოზიციონერები სხვა ლოკაციებზე გადაინაცვლებენ, თუმცა, უახლოეს დღეებში, მისი ვარაუდით, სერიოზული აქცია მოსალოდნელი არაა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეებს აქციისთვის ერთი დღე აცადა. სავარაუდოდ, მათ არ სურდათ, რომ ეს აქციის დაშლა დამთხვეოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რათა მათთვის სალაპარაკო თემა არ მიეცათ. მაგრამ შემდგომ უკვე, როგორც ჩანს, მოსახლეობის უკმაყოფილების ხარისხის გათვალისწინებით, ვინაიდან მათ გადაკეტეს მართლაც ისეთი მაგისტრალი, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ტრანსპორტით, შეფერხება მოხდა, რამაც დისკომფორტი გამოიწვია. ამიტომ გადაწყვიტეს აქციის დაშლა.
„თან, რა რაკურსიდანაც არ უნდა შეგვეხედა, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო ისეთი დიდი, რომ მოძრაობა გადაეკეტათ. შესაბამისად, ნაწილობრივ ეს მინი კარვების ქალაქი, რომელიც, როგორც მათი ცალკეული წარმომადგენლები აცხადებდნენ, ციხე-სიმაგრედ უნდა გადაექციათ და ერთგვარი „მინი მაიდანი" უნდა ყოფილიყო, არ გამოვიდა.
„სავარაუდოდ, ისინი დაიწყებენ თავიანთი მომხრეების მობილიზებას უკვე სხვა ადგილზე. რამდენად შეძლებენ კრიტიკული მასის შეგროვებას, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისათვის ასეთი პირი არ უჩანს.
„ვფიქრობ, დღეს და ხვალ რამე ისეთ სერიოზულ აქციებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს იქნება მიტინგი მიტინგისთვის. დიდი ალბათობით, ძალებს და რესურსებს ინახავენ 25 ნოემბრისთვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ხელი შეუშალონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



