
სოხუმი პარალიზებულია. რუსეთთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს ქალაქიდან გასასვლელი ხიდები ისევ ბლოკირებული აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლება შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ეს ყველაფერი ორშაბათს საღამოს სოხუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროსაც ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაძაბულობის პიკი 15 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტის სხდომისას იქნება.
ოპოზიციონერები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, რომლის განხილვაც პარასკევსაა დაგეგმილი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პარასკევს საპროტესტო მუხტის მნიშვნელოვან აწევას და სიტუაციის სერიოზულ გამწვავებას ვარაუდობს.
„დე ფაქტო ხელისუფლებისგან წინდაუხედავი ნაბიჯი გამოიწვევს ტემპერატურის კიდევ უფრო აწევას. პარასკევს ე.წ. პარლამენტთან იმაზე მეტი ხალხი მივა, ვიდრე აქამდე. საზოგადოება ახლა მხოლოდ რატიფიკაციის გამო კი არ გამოვა ქუჩაში, არამედ უსამართლობის გამოც, რომელიც იმ 6 ადამიანის წინააღმდეგ განხორციელდა, რომლებიც რატიფიკაციას არ ემხრობოდნენ. მე რაღაც გარკვეულ რევოლუციონურ სცენარებსაც არ გამოვრიცხავ. ვნახოთ ამ ორ დღეში როგორ მოიქცევა ე.წ. ხელისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში მათ საკუთარი თავი სერიოზულ ჩიხში მოაქციეს, როდესაც ეს ხალხი დააკავეს".
აფხაზური „ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი - ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დააკავეს და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, ისინი ე.წ. პარლამენტის შენობასთან თავს დაესხნენ და გაუსწორდნენ დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერ ერთ-ერთ „დეპუტატს" და მათი დაკავებაც ამიტომ მოხდა.
ამ ყველაფერს პროტესტი მოჰყვა. დაკავებულთა ნათესავები და თანამოაზრეები ღამით დე ფაქტო შსს-სთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი შსს-სა და ასევე დე ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
ამის შემდეგ პროტესტის მონაწილეები ქალაქის გასასვლელისკენ დაიძრნენ და სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ამის შედეგად შეწყდა საავტომობილო მოძრაობა სუხუმიდან რუსეთის საზღვრის მიმართულებით და ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებული აღმოჩნდა.
გადაკეტილ ხიდებზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების" წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
აფხაზურ „ტელეგრამ" არხებზე სამშაბათს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი ხიდიდან ერთი - კოდორის ხიდი - უკვე განბლოკილია. მათივე ცნობით, „ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გარანტია მისცეს, რომ დაკავებულები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან". თუმცა, რუსული მედიის ცნობით, მოგვიანებით ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა.
ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ღამით ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა".
„აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს", - განაცხადა ბჟანიამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა დე ფატო პარლამენტს რუსეთთან ე.წ. საინვესტაციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა, აქციას ჰქონდა დაგეგმილი.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ აფხაზური საზოგადოებისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზოგიერთ სფეროში კრემლის ჩარევა. ამასთან, მისივე აზრით, ე.წ. შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც კვირის ბოლოს იგეგმება, აფხაზურ ეკონომიკას საბოლოოდ დაანგრავს და ამას აფხაზური საზოგადოება კარგად აცნობიერებს.
„ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელია რუსული პოლიტიკის ის ფორმა, როგორსაც ახორციელებენ. თბილისში არაფრით გვინდა გავიგოთ, რომ აფხაზები არ არინ მარიონეტები და მათ თავისი ინტერესები გააჩნიათ. მათ ინტერესებში კი შედის ზოგჯერ რუსეთის მხადაჭერა და მათი პოლიტიკის გატარება იმ სფეროებში, რაც ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვას, საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ხშირად მათ ინტერესებში არ შედის რუსული პოლიტიკა საკუთრებასთან, ეკონომიკასთან, შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ყველას ერთ ქვაბში ვხარშავთ, როგორც მარიონეტებს.
„ბოლო 2 წელია აფხაზური საზოგადოება მკაფიოდ და ცალსახად წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას აფხაზეთის ტერიტორიაზე. პარასკევს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში უნდა განხორციელდეს შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს რუსული ინვესტიციების უპირობო დაცვას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც აფხაზი ბიზნესმენების ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსებს, რომლებიც აფხაზურ ეკონომიკაში 2 მილიონ რუბლს ჩადებენ, გადასახადებიდან გათავისუფლდებიან და მასქიმალური შეღავათებით ისარგებლებენ, რაც არ ექნებათ აფხაზ ბიზნესმენებს. რა თქმა უნდა, ეს აფხაზეთის ეკონომიკას ბოლომდე დაანგრევს. ამის ეშინიათ ზუსტად და ამიტომ არიან წინააღმდეგი. ამან სერიოზული კამათი გამოიწვია საზოგადოების შიგნით - მოქმედ და ყოფილ ე.წ. პარლამენტის წევრებს შორის. გუშინ ეს 6 ადამიანი, რომლებთა შორის არის 2 ყოფილი ე.წ. პარლამენტის წევრი, როგორც კრიმინალები, სრულიად უსაფუძვლოდ დააპატიმრეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



