თამთა ჩაჩანიძე
(11.11.2024)

"ჩვენ ვართ ევროპა" - ამ ლოზუნგით პროტესტი 11 ნოემბერს კვლავ გაგრძელდა, შეკრების მთავარი ლოკაცია ისევ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გახდა. აქციას შეუერთდნენ თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებმაც სპეციალურად გამართული სცენიდან შეკრებილებს მიმართეს, სადაც პროტესტანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხნა, რის შემდეგაც სიტყვით გამომსვლელებს მიეცათ შესაძლებლობა მიემართათ შეკრებილებისთვის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ ისეთი კულმინაციური მომენტებიც დადგეს, რა დროსაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბება.

რა თქვეს გამომსვლელებმა

"ძლიერი საქართველოს" მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლა ბოდიშით დაიწყო, მან ევროპელ ლიდერებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მათთან შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

"შეიძლება რაღაც საკითხში ჩამოსულ სტუმარს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ქართველი კაცისგან სტუმრის არ მიღება...შეიძლება რაღაც მიზეზის გამო არ მიიღო, მაგრამ დამუნათება, წყევლა და გინება, არცერთ ქართულ ტრადიციაში არ ეწერება. ამიტომ ესენი [ხელისუფლება] სრულიად სამარცხვინო ადამიანები არიან. არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა. ტიპური მონები არიან, რომლებიც ერთ რამეს ემსახურებიან - ბიძინას მორჩილები არიან. გასაქცევიც არსად აქვთ. მონური ქვეშევრდომები არიან და მათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

"ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს იმ ქვეყნებში, რომლის წარმომდგენლებიც დღეს აქ არიან. წარმოუდგინეთ, ჩვენს ემიგრანტებს რომ უთხრან - "აქ რა გესაქმებათ, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში". უმეტესობა არალეგალია და თავისი მძიმე შრომით აქ ოჯახებს არჩენს. ცოტა ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ როდესაც აქ ამ უზარმაზარი ქვეყნების წარმომადგენლებს ასე ექცევი, ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ენმ-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით კი, ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს.

„დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. თქვენ დღეს თქვენი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს.

"ჩვენი ერთიანობით აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე. უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს.

"დღეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ძალა, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეკრებილებს მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა, მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"არ დანებდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ... ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია და მთავრობა არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს, ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში.

"შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და წართმეული არჩევნების დაბრუნებისთვის.

"აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანას სურს, გახდეს დიდი გაერთიანების წევრი. სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ დღეს. იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და გითხრათ მადლობა თქვენი სიძლიერისთვის, ბრძოლისთვის. მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას თქვენდამი", - განაცხადა მიხაილ როთმა.

როგორ გაგრძელდება პროტესტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება და კულმინაციური მომენტებიც იქნება, რა დროსაც დიდია იმის ალბათობა, რომ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბოს.

"საპროტესტო აქციები გაგრძელდება და შესაძლოა ყოველ დღეც იყოს. რა თქმა უნდა, ყოველდღე ხალხმრავალი ვერ იქნება, მაგრამ მუდმივად ხალხის გამოსვლა მნიშვნელოვანია.

„კულმინაცია ალბათ 21 ნოემბერს იქნება, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს. შესაძლოა ამ დღით თუნდაც იგივე ცესკო-ს სიახლოვეს იყოს პროტესტი, შემდეგ უკვე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში "ახლადარჩეული" ე.წ. პარლამენტის პირველი სესიის დროს იქნება დიდი აქცია.

"მგონია, რომ პირველი სესიის დროს პოლიცია მობილიზებული იქნება, რადგან უფრო მეტი ადამიანის მისვლას ელოდებიან. არაა გამორიცხული, რომ როგორც გაზაფხულზე გააკეთეს, როცა უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ ე.წ. პოლიციელები, იგივე განმეორდეს და ხელისუფლება ყველაფერზე წავიდეს, თუმცა ეს მათ არ უშველის, რადგან დღეს უფრო დასუსტებულია.

"ჩემი აზრით, პროტესტანტი ადამიანების რაოდენობა გაცილებით დიდია, უბრალოდ ყოველდღე ვერ ახერხებენ შეკრებას, მაგრამ გადამწყვეტ დღეებში საპროტესტო ტალღა დიდი იქნება. "ოცნება" შეიძლება არ იმჩნევს, მაგრამ ბევრი ხალხის ეშინია, ძალიან კარგად იციან, რომ ისინი უმრავლესობაში არ არიან",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ პროტესტის მიმდინარეობისას ვითარება დაიძაბოს, თუმცა კონკრეტულად როდის, ძნელი სათქმელია. ამბობს, რომ არაა გამორიცხული შეტევა "მინიმუმ პარლამენტის შენობაზე".

"ოპოზიციისგან სიტყვა "კულმინაციური მომენტი" გამოყენებულია იმიტომაც, რომ ალბათ რაღაც განსხვავებული მოხდება. შეიძლება იყოს შეტევა მინიმუმ პარლამენტის შენობაზე, რადგან სხვა ადგილებში ისეთი თვალში მოსახვედრი არ იქნება, როგორც პარლამენტზე.

ასეთი შეტევის ერთ-ერთი ფუნქცია ალბათ ის იქნება, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს. მერე უკვე ეს თემა წამოვა წინ, რომ აი, დემოკრატიის მსურველი ხელისუფლება საპროტესტოდ განწყობილ ხალხს როგორ სჯისო.

"ვითარების დაძაბვას არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, რომ უცხოელების ეს შემადგენლობა ისეთი მყვირალა და ძლიერი არაა. მათ ალბათ უფრო დიდი ძალების მხარდაჭერა სჭირდებათ და ამისთვის არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციას ახალი საკვები უნდოდეთ უცხოელების მხრიდან პროტესტის გამოსათქმელად. შესაძლოა ვითარება საგანგებოდ გაამწვავონ, რათა ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს.

"პროტესტთან მიმართებაში საქართველოს დამოკიდებულება უკვე გამოჩნდა, ეს ოპოზიციონერებმა იციან კიდეც. მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ ამას ოთხი გამარჯვებული პარტია აკეთებდა, თუ ეს არჩევნები ამ ოთხი პარტიის გამარჯვებისთვის იყო სანდო, მხოლოდ "ოცნების" გამარჯვებისთვისაა საეჭვო ეს შედეგი? ასეთი აუწყობელი ვერსია აქვთ და ეტყობათ თავადაც იციან, რომ შედეგი გაყალბებული არ იყო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს "ქართული ოცნება"

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აქციებს ათკაციან სეირნობებს ეძახის.

„მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია. მათი აქტივობა კარგია, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია. ისინი რაც უფრო დასუსტდებიან და გაქრებიან, მით მეტი სივრცე გაჩნდება რეალური ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რაც კარგი იქნება. ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყოველთვის ხელს უშლიდა. ჩვენ ოპოზიცია კი არა, უცხო ძალების აგენტები გვყავს, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება და ქართველ ხალხზე შურისძიება. ეს ვერ განახორციელეს და სასოწარკვეთას ვხედავთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით კი,ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

„გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე