
ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია, რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შეხვდნენ, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე ოპოზიციის ლიდერებს. "ქართულმა ოცნებამ" მათთან აუდიენციაზე უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა "დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა" და მათთვის მიუღებელი ის პოზიციები, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას უკავშირდება.
ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებს პირველად პრეზიდენტმა უმასპინძლა, ორბელიანების სასახლეში საკუთარი აზრი დააფიქსირეს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა ისე ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის ყველაზე მოწყვლად საკითხს ვიზლიბერალიზაციის შეჩრებას ახასელებენ და ამასთან პერსონალურ სამქციებსაც უსვამენ ხაზს.
ევროპელ ლიდერებს მოგვიანებით ოპოზიციაც შეხვდა, შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას" "მძიმე დღე ელის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ" და, რომ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციისგან პირდაპირ ითქვა, რომ "იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნები გააყალბა".
რაც შეეხება საკითხს, ყოფილა თუ არა, მსოფლიოში არჩვენების საერთაშორისო გამოძიების პრეცედენტი და რა ნაბიჯებია მოსალოდნელი ევროკავშირისგან, აღნიშნულზე "რეზონანსთან" ანალიტიკოსებმა დეტალურად ისაუბრეს.
არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პრეცედენტი და მოსლაოდნელი ნაბიჯები
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პრეცედენტი არსებობს, ეს სერბიაში მოხდა, თუმცა, აქ ხელისუფლებამ თავად გამოიჩინა კეთილი ნება, საქართველოს შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" წინააღმდეგ წავა და საერთაშორისო პარტნიორებთან არ ითანამშრომლებს, საპასუხო ნაბიჯები მოსალოდნელია, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, სადაც პირველ რიგში განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
"რამდენიმე წლის წინ ასეთი პრეცედენტი სერბიაში იყო, მაშინ სერბეთის ხელისუფლებასაც დაახლოებით იგივე სიტუაცია ჰქონდა, თუმცა, მან თავად გამოიჩინა კეთილი ნება და ასეთი გამოძიების ჩატარებას დათანხმდა.
„როცა ქვეყნის ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მას ჩვენი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა არ სცნობს და არც არავის მიულოცია, თავისთავად შეკითხვა უკვე იბადება.
"ეს სახიფათოა არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების ინტერესებშიც კი შედის, რომ ასეთ სიტუაციაში, რამე შეკითხვა არ იყოს. პირიქით, უნდა ითანამშრომლონ, მითუმეტეს თავადვე იძახიან, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდაო და მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ამ თემაზე კითხვები არ არსებობდეს. ამას ევროკავშირის მოწოდება არ სჭირდება, ქვეყნის შიგნითაც არის ამაზე სერიოზული შეკითხვები და გარეთაც.
"როდესც ბრიუსელში ვიყავი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - ზოგიერთ ჩინოვნიკს ჰგონია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებს გააუქმებს, შეიძლება მერე ისაუბრონ თუ როგორ დაუბრუნდნენ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბარს, მაგრამ ამაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას კი სწორედ ამ ჯგუფის იმედი აქვს, რომ შესაძლოა კანონები ვაჭრობის საგანი გახდეს.
"თუმცაღა, ევროკავშირში არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც უკვე გამზადებული აქვს ვიზალიბერალიზაციის თემა და ყველაფერი და თუ ხელისუფლება კონკრეტულ საკითხებს არ დათანხმდა და სიტუაცია დაძაბულობისკენ წავიდა, ანუ, თუ დემონსტრაციებს ძალის გამოყენება მოჰყვა, დიდი რისკია, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, რომლისთვისაც ქვეყნები ფაქტობრივად მზად არიან.
"როცა ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვა, ის ამ შეფასებებს დაეყრდნობა და საქართველოზე საკითხს ძირეულად არ შეცვლის, რისი იმედიც "ოცნებას" აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეუთოს საბოლოო დასკვნა, რადგან შესაძლოა უფრო კრიტიკული აღმოჩნდეს, ვიდრე შუალედური დასკვნა იყო",- განაცხადა კაკაჩიამ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოთხოვნა არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, სუვერენული სახელმწიფოს "დიდი შეურაცხყოფაა".
"გარე დამკვეთთა ნებისმიერი სურვილის ასრულება, მხოლოდ მარიონეტულ ქვეყნებში ხდება. საქართველო დიდი ხანია მარიონეტული აღარაა, სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფოა, ამას ევროპასა თუ აშშ-ში ცალკეული პოლიტიკოსები ვერ ეგუებიან. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩამოვა, უცხოელ დამკვირვებლებს შევახსენებ, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ და შეიმეცნონ თუ რა არის ქართველი ხალხის პრიორიტეტები.
"არ აქვს მნიშვნლობა რას გვეტყვიან ქუჩიდან, პარლამენტის გარედან, თუ ფესვდოპრეზიდენტის რეზიდენციიდან. ფაქტია, რომ ევროკრატები კრემლის ნარატივს ავრცელებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია ლგბტ პროპაგანდას და სუვერენიტეტის სრულ დაქვეითებას უდრის.
„ეს ევროპის დამფუძნებელი მამების სურვილი არაა, ევროკავშირი თავის დროზე იმ ფასეულობებზე შექმნეს, რასაც ჰქვია თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა. ნოტაციების კითხვა, საბჭოთა კავშირში და ცარისტული რეჟიმის დროს კარგად გვახსოვს.
"კოლექტიურ პავილიონისებსა და როთებს ნუ ჰგონიათ, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ ენჯეო საქართველოა, როგორც სააკაშვილის დროს იყო. დიდი შეურაცხყოფაა, რომ გარე საგამოძიებო კომისიამ ეუთო/ოდირის მიერ აღიარებული თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.
„ამით ნამუსგარეცხილი ევროპოლიტიკოსები შეურაცხყოფას საკუთარ თავს აყენებენ, რომლებიც თბილისში დაწანწალებენ.
"ტრამპის გამარჯვების შემდეგ, გლობალურ პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ გადალაგდება, მათ შორის ფდსევდოლიბერალების პარპაშსაც ბოლო მოეღება, ყოველ შემთხვევაში, მათი გავლენები მინიმუმამდე დავა საქართველოზეც და სხვა სუვერენულ სახელწიფოზეც",- განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, აბაშიძემ გვითხრა:
"ევროკავშირის ბოლო შეხვედრა გასულ პარასკევს 8 ნოემბერს შედგა, მანამდე ხომ შარლ მიშელი და სხვები გვემუქრებოდნენ, რომ ძალიან მწვავე იქნებოდა საქართველოს საკითხის განხილვა და სად არის ეს განცხადება? ევროკავშირის 27 ქვეყანაში განხეთქილება საქართველოს სასარგებლოდაა დიდი უპირატრესობით. თავადვე ვერ შეთანხმდნენ საქართველოზე რა უნდა თქვან, ამიტომაც ის ე.წ. მიზეზი, რომ საქართველოს საკითხის განხილვისთვის დრო არ ჰქონდათ, ძალიან სასაცილოა.
"ამავე დროს, იმის მცდელობა, რომ მათ საქართველოზე რაღაც გავლენის მოხდენა სურთ, რომ რადიკალური ოპოზიცია წინ წასწიონ, ეს ფუჭი მცდელობაა. საქართველო ამ გამოწვევას გადაიტანს და არაფერი არ დაზიანდება. შანტაჟი, რომ უვიზო მიმოსვლა შეწყდება და რაღაც სანქციებს დააწესებენ, ეს ბოდვებია ე.წ. ევროკრატებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელ თამაშს ვერ ეგუებიან",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
რას ამბობს "ქართული ოცნება"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიზეზებს ასახელებს თუ რატომ თქვა უარი "ოცნებამ" დელეგაციასთან შეხვედრაზე.
„როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი.
გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად:
არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ.
საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ.
საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა, და ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც სჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ.
აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა.
რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა, და ამასთან შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ.
ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს.
საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას.
შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე.
26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება.
ამავდროულად, მსურს გამოვხატო პატივისცემა დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დავუდასტურო დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტის თქმით, ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და საქართველოსი ჯერ კიდევ სჯერა.
"მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში.
„როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება არის მართლაც ევროპული, თუმცა ხელისუფლება არ არის დემოკრატიული.
„ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის რა გადაწყვეტილებას მიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპელი ლიდერების შეფასებები
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
„გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ," - განაცხადა პეტმა.
პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს, „ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ".
„როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთო, გიპასუხებთ - მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. ეს ვიზიტი მე დავაორგანიზე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როცა თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხისა და წნეხის ქვეშ იყო. ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ.
„ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არა (მაგრამ ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან), მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო.
"ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ. სხვა გზა არ არსებობს, ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ საქართველოსადმი ჩვენი სიმპათიების გამო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც დავარქვათ", - განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



