ნატალია ჯვარიძე
(10.11.2024)

11 ნოემბერს თბილისს ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ეწვევა და ამ მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერ გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავება დაემთხვა. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოშ არსებულ შდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე?

ვიზიტის ერთ-ერთი ინიციატორი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთია. მან სოცილური ქსელით მიმართა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვედრა შესთავაზა. დელეგაციაში ასევე შედიან ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.

უკვე ცნობილია, რომ ევროპულ დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შევხდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს მიიღებს. შეხვედრის შემდეგ კი გაიმართება პრესკონფერენცია.

გარდა ამისა, ევროპელ პარლამენტარებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეხვდებიან. როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები".

„მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები. რასაკვირველია მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, მათ შორის არიან უკვე ცნობილი კრიტიკოსები, რომელიც არ უყვარს „ქართულ ოცნებას", მაგალითად, მიხაილ როთი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი სხვა, სულ 12 ადამიანი ჩამოდის. მათთან რასაკვირველია დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები. ოპოზიცია მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა და როგორ მოიპარეს ეს არჩევნები", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

„ოცნების" პოზიცია

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ხელისუფლების წარმომადგენლები არ თვლიან საჭიროდ აპრიორი ნეგატიური შინაარსის შეხვედრა იქნეს ორგანიზებული".

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ძალიან უპატივცემულოდ და შეურაცხმყოფელად მოიქცნენ იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პირდაპირ პარალელს ავლებდნენ უკრაინის მაიდანთან. მაგალითად, ესტონეთის წარმომადგენლები, იგივე პოზიცია მოვისმინეთ ლიეტუვისა და ლატვიის წარმომადგენლებისაგან.

„საერთოდ, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მარტო საქართველოს ხელისუფლებას კი არ მიაყენა, როდესაც ვითომ ირაკლი კობახიძეს მის მიერ შერჩეულ კაფეში ეპატიჟება და აგდებით ელაპარაკება, არამედ საერთოდ მთელ საზოგადოებას, როდესაც საუბრობდა ეკლესიაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე და ა.შ.

„ჩვენგან არ ყოფილა არანაირი განცხადებები. პირიქით, მათი მხრიდან არის გააფთრებული ზეწოლა იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასე რომ, არაადეკვატურია ის შემოტევა, სადაც ძალიან სერიოზული გადაცდომაა დიპლომატიურ ურთიერთობებში. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება არ მიაჩნიათ ისეთ პარტნიორად, რომელსაც შეიძლება ეკამათო, მწარედაც ეკამათო, მაგრამ ასეთი საუბრები და შეურაცხმყოფელი მოქმედებები ქვეყანასთან მიმართებაში რასაკვირველია, არასწორია. მითუმეტეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც არც ერთი ევროპული სტანდარტი დარღვეული არ აქვს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა რეიტინგით, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული ეკონომიკური მაჩვენებლებით. არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს და კარგი ტენდენციებია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლები არ თვლიან საჭიროდ აპრიორი ნეგატიური შინაარსის შეხვედრა იქნეს ორგანიზებული", - განაცხადა ვოლსკიმ.

მან „რეზონანსთან" გერმანიის საელჩოს განცხადებაზეც ისაუბრა.

გერმანიის საელჩოს განცხადება პირდაპირ თუ არა, ორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ელჩს, თუ ბერლინიდან შემოსული დავალება არ არის, შეხედულება აქვს ასეთი - საქართველოში პროცესები უნდა განვითარდეს ისე, რომ ხალხი ერთამენთს დაუპირსპირდეს. საქართველოში ბერლინის კედელი არ არსებობს. საქართველოში საუკუპაციო ხაზი არსებობს. ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია იმ ოკუპაციის გამო, რომელიც დაუშვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც გერმანიის ელჩი პოლიტიკურად მხარს უჭერს", - განაცხადა გია ვოლსკიმ „რეზონანსთან".

ნეგატიური ფონი მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ

აღნიშნული ვიზიტის ინიციატორი, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთია. ის თბილისი ჩამოსვლამდე სოციალური ქსელით გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს" და არ იცის „როგორ მოიცალა საქართველოსთვის". გერმანელმა პარლამენტარმა „ტვიტერზე" ემდეგი რამ დაწერა:

„ძვირფასო ირაკლი კობახიძევ, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ. მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?"

ამის პარალელურად საქართველოში გერმანიის საელჩომ შაბათს განცახდება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, „თავისუფლების მოპოვებას" ბრძოლა სჭირდება.

„ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის.

„დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველ გუნდშ ეს განცხადება პირდაპირ აღქმული იქნა ოპოზიციის წაქეზებად და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ადგილზე შეაფასონ საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია და ის პრობლემი, რაც არჩევნებს ახლდა თან.

„ამ არჩევნების შემდეგ რომ ჩვენი მოკავშირეების მხრიდან გაგრძელდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, ეს ბუნებრივიც იყო და მოსალოდნელიც. როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს ადგილზე ჩამოვიდნენ და გაეცნონ ვითარებას, ნახონ რა ხდება როგორც სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით, ისე იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არჩევნებს თან ახლდა.

„ვფიქრობ, ხელისუფლების მისამართით ერთგვარი მოწოდებები იქნება იმაზე, რომ მათ დაიწყონ შესწავლა, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს ქვეყანაში და ოპოზიციის მიერ წაყენებული პირობებს ანგარიში გაუწიონ", - აღნიშნავს ძაბირაძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს დასავლეთი ოპოზიციის წაქეზებას.

„ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელისუფლებასთან მიმართებაში არ იქნება მეგობრული ხასიათის. იქნება უფრო უხეში და ხისტი პოზიციონირება რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ჩვენ მსგავსი ვიზიტები ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტებისგან გვინახავს, რომლებიც თავხედურად იდგნენ ოპოზიციურ აქციებზე და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, თუნდაც ესტონეთის ან ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ან გერმანიში გამოჩნდეს პოლიტიკური ოპოზიციის შეკრებაზე.

„გასაგებია, მათ ჰგონიათ, რომ საქართველო ე.წ. დაბალი ღობეა და ასე ვთქვათ, დაემორჩიელება რაღაც ინსტრუქციებს დასავლეთიდან, მაგრამ დიდი ხანია ეს უკვე ასე აღარ არის და 26 ოქტომბერს ქართველმა ამომრჩევლებმა ეს გასაგებად თქვეს. შესაბამისად, მიხაილ როთი იქნება გერმანიიდან, თუ სხვა „ნაცოპოზიციური" დასავლელი აქტორები, არანაირი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც მიტინგზე დადგნენ, ან რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ ღია განცხადებები და მოწოდებები გააკეთონ, ეს მაინც არაფერს შეცვლის. ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ოპოციზიის მხადამჭერები ერიდებიან აქციაზე გასვლას. რა უშლიდა ხელს შაბათს, რომ კარგ ამინდში ძალიან ბევრი ადამიანი გასულიყო გარეთ?", - თქვა აბაშიძემ.

როგორ გაგრძელდება გერმანია-საქართველოს ურთიერთობა

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოს მმართველი გუნდიდან ევროპულ დელეგაციას არავინ შეხვდება, ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებს ურთიერთობას დასავლეთთან. ხოლო რაც შეეხება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, პრემიერ კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ მათი დაძაბვაც მოსალოდნელი იყო.

„წესით ხელისუფლება ამ დელეგაციას უნდა შეხვდეს, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოლიტიკას გააგრძელებს ევროპა ჩვენთან მიმართებაში. ასე მარტივად გადასაწყვეტი ეს საქმე არაა. წინასწარ არ მინდა ნეგატიური დამოკიდებულება მქონდეს. თუ არ მოხერხდა მოლაპარაკება, ამას მათი მხრიდან შესაბამისი შედეგიც მოჰყვება, ძალიან დაიძაბება ურთიერთობები.

„ვერ გეტყვით, ვიხილავთ თუ არა ევროპული დელეგაციას ოპოზიციის აქციაზე. თუმცა, არ გამოვირცხავ, რომ მივიდნენ, ვინაიდან ასეთი შემთხვევა იყო.

„როდესაც ირაკლი კობახიძე განაცხადა - შოლცმა თავის საქმეს მიხედოს, პარლამენტი ეშლება და ა.შ. - ასეთ შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ეს განცხადებები რეაგირების გარეშე დარჩებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის თქმა, რომ გერმანიაში ყველაფერი იშლება, მინიმუმ პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს, რადგან საპარამენტო რესპუბლიკაში ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.

„თუ ესენი ქვეყნის დაღუპვას იმას ეძახიან, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს, ეს არასწორია. იქ ისეთი არაფერი ხდება, რაც კატასტროფას ნიშნავს. ჩვეულებრივი ამბავია, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს კოალიცია დაიშალა და ახალი არჩევნები ჩატარდება. ჩვენისთანა მიუჩვეველი საზოგადოებისთვის ეს, რა თქმა უნდა, პრობლემატურია. პრობლემა კიდევ უფრო თვალში საცემი ხდება მაშინ, როდესაც ამაზე პოლიტიკოსები ლაპარაკობენ. ნუ, ასეთი დონე გვაქვს, ვერაფერს ვუზამთ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძე კი ამ ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება და მიაჩნია, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები დალაგდება.

„გერმანიის საელჩო ბოლო პერიოდში გამოირჩევა რადიკალური არადიპლომატიური განცხადებებით და ახლაც სიახლე ნამდვილად არ იყო. თუმცაღა ბერლინის კედლის დაცემის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ არსად ხსენებულა „მშვიდობიანი რევოლუცია".

„მშვიდობიან რევოლუციას გვეუბნება ის ქვეყანა, სადაც ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ვადამდელ არჩევნებს ვერ ატარებენ ბიულეტენებისთვის საჭირო ქაღალდის დეფიციტის გამო. ქვეყანა, რომლის ერთ-ერთი სამარცხვინო წარმომადგენელი, ბატონი როთი იმდენად არარეიტინგულია, რომ პოლიტიკას ტოვებს და ვითომ ის აკრიტიკებს საქართველოს პრემიერს. მე განსხვავებას ვერ ვხედავ როთს, ლევან ხაბეიშვილსა, თუ სხვებს შორის. ასეთი განცხადებებით, რომ ვერაფერს მიაღწევენ სუვერენიტეტსა და თავისუფლების მოყვარე ქართველ ერთან, ეს უდავოა.

„თუ ასე გააგრელებენ ამ იაფასიან „შაპიტოს", ეს პირველ რიგში დააზიანებს იმ პოლიტიკოსებს და არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათი ვიზიტი არაფერს შეცვლის, ყველაფერი ფუჭია.

„არის თუ არა მათი ვიზიტის მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შემდეგ განცხადებებში გამოჩნდება. თუმაღა გერმანიის საელჩოს და როთის განცხადებები მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. მათთვის მიუღებელია „ქართული ოცნების" პოლიტიკა და საკუთარი უმსგავსო არადიპლომატიური, არაპოლიტიკური ქმედებებითა და ნათქვამებით აქეზებენ რადიკალურ ოპოზიციას.

„შეიძლება ევროპელი ლიდერები ვიხილოთ ოპოზიციის აქციაზე, შეიძლება - არა. აქ სხვა შეკითხვაა - შეძლებს კი ოპოზიცია მასობრივი აქციების მობილიზებას? როგორც ჩანს, არ აქვთ ამის უნარი, რესურსი და რაც მთავარია, მათი მხარდამჭერების რაოდენობაც ძალიან სავალალოა.

„გერმანია-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც საქართველო-უკრაინის, გააფუჭეს უკრაინის შემთხვევაში ოფიციალური კიევიდან და გერმანიის შემთხვევაში ოფიციალური ბერლინიდან. თუმცა, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ გვინახავს დაძაბული ურთიერთობები, თუნდაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის, მაგრამ ურთიერთობის პატივისცემიდან გამომდინარე, ცალკეული კონფლიქტები ამოიწურა. ასევე ვხედავ, რომ როგორც კი ბერლინში გააცნობიერებენ, რომ აზრი არ აქვს საქართველოს უაზრო კრიტიკას, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა გამოსწორდება და ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე