
პრემიერ ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ოპოზიციონერები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კობახიძე ევროპელი ლიდერებისგან გარიყული იყო და მხოლოდ „პრორუს" პოლიტიკოსებს შეხვდა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს, სხვების აზრით კი, ირაკლი კობახიძე ღირსეულად წარსდგა.
„მეც ოპოზიციონერების აზრზე ვარ, კობახიძე გარიყული იყო და ვისაც შეხვდა ყველა „პრორუსია". ჯერ ერთი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი, რომ არ ყოფილიყო ალბათ კობახიძეს არც მიიწვევდნენ", - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების გვერდით არ უნდა მჯდარიყო.
„ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების გვერდით კი არ იჯდა, არამედ რობერტ ფიცოს გვერდითო. დიახ, მე გვარამიას ამ შემთხვევაში სავსებით ვეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, არცერთ შემთხვევში იმ ლიდერების გვერდით ასეთი ვაჟკაცი კაცი არ უნდა მჯდარიყო".
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ამ შეხვედრაზე".
„კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, რაც არჩევნებზე მოხდა. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე იქნება „ქართული ოცნების" ნებისმიერი ლიდერის მისამართით, რომელიც მონაწილეობდა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია არჩევანი და რომელიც მონაწილეობდა იმ სპეცოპერაციაში, რასაც ე.წ არჩევნები ჰქვია. სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაშინების, პირადობების წართმევით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ათასგვარი მანიპულაციით არჩევანის შესაძლებლობა წაართვეს. ამიტომ, „ქართული ოცნების" ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი იქნებიან კეთროვნები საერთაშორისო ასპარეზზე იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ", - განაცხადა წითლიძემ.
ასევე, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ფესიბუქზე" წერს, რომ მრგვალ მაგიდაზე წესით საქართველოს გვერდით საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები უნდა მჯდარიყო, თუმცა მისივე თქმით, მათ კობახიძე არ მიიკარეს.
„კობახიძე საქართველოს სახელით წავიდა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე. ორბანმა, როგორც მასპინძელმა, დაპატიჟა, თორემ იქ ვერ მოხვდებოდა - ყველა წინააღმდეგი იყო მისი იქ ჩასვლის.
მოგეხსენებათ, ანბანის თანახმად ხდება მრგვალი მაგიდის ირგვლივ მონაწილეთა დასმა. ამ პრინციპით, საქართველო ხვდება გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის (Germany, Georgia, France).
აბა რა მოხდა? არ დაისვეს გვერდით შოლცმა და მაკრონმა და იძულებული გახდა ორბანი სხვაგან გადაესვა. არც სხვები არ გაეკარენ და საბოლოოდ დათანხმდა მხოლოდ ევროკავშირის ყველაზე სამარცხვინო (ორბანთან ერთად) ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერი ფიცო. აი ის, „გლობალური ომის პარტია კლავდა და მეც ეგრე მიპირებენო" ისტერიულად რომ ბოდავდა კობახიძე.
ქოცებო, დროზე გააუქმეთ არჩევნების შედეგები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გადაწყვეტილება მიიღეთ, თორემ ბევრად შორს და მძიმე ადგილზე გადაგსვამენ/დაგსვამენ ევროპელებიც და ჩვენც, ქართველებიც", - წერს გვარამია.
კობახიძე სამიტზე
სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობდა. სამიტში კობახიძესთან ერთად იყვნენ საქართველოს დელეგაცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
პრემიერი სიტყვით გამოვიდა თემატურ შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ის დასკვნით პლენარულ სესიაში მონაწილებდა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა.
„სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იყო მთავარი განსახილველი თემები. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს: რამდენიმე პრემიერ- მინისტრთან და შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი კოლეგებთან შეხვედრას დაესწრო, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს ინიციატივით გაიმართა. საუბარი ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას ეხებოდა. ვიზიტის ფარგლებში დარჩიანშვილმა სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას.
ამასთან, სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს და ვიქტორ ორბანს შეხვდა.
კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორისო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც მისივე თქმით, 2030 წლისთვის მოხდება.
„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არ განხორციელება იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას ვადა გასდის ძალიან მალე, ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ამ სამიტზე კობახიძის ვიზიტმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.
„ირაკლი კობახიძეს ვოლოდიმირ ზელენსკითანაც არ ჰქონია ლაპარაკი. თვითონვე თქვა ჩვენ მხოლოდ მივესალმეთ ერთმანეთს, ლაპარაკი არ გვქონიაო. რაც შეეხება შარლ მიშელთან შეხვედრას, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ის ევროკავშირის პრეზიდენტია და ყველას შეხვდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძის აზრით, რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი ისინი არიან, ვისთან ერთადაც უნდა მჯდარიყო ირაკლი კობახიძე.
„ირაკლი კობახიძე იჯდა ისეთი კაცის გვერდით, როგორიცაა ფიცო და ორბანი და რომელმაც იქ მიიწვია. ორბანმა ჩვენი ქვეყანა დააფასა და საქართველოში ჩამობრძანდა. გვარამიები და მისნაირი ოპოზიციონერები აბსოლუტურად მართლები არიან, როდესაც ლაპარაკობენ ამაზე. ეს მაკრონი და ეგენი უნდა ისხდნენ გვარამიებისნაირ ოპოზიციონერებთან", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



