თუ პირველი სხდომა მაინც შედგა, „ამას მოჰყვება დიდი ფრუსტრაცია და დაცინვა ხელისუფლებისგან“
ელზა პაპოშვილი
(07.11.2024)

რა გეგმა აქვს ოპოზიციას? - მმართველი გუნდის ოპონენტები საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციის მოგროვებას, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობასა და დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ამ გეგმაში, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტის ბლოკირება იქნება. 

„ოპოზიცია თუ შეუშლის ხელს და არ შედგება სხდომა, რა გამოდის, არალეგიტიმური იქნება და თუ ვერ შეუშლის და სხდომა ჩატარდა ლეგიტიმური იქნება? აი, აქ ლოგიკაში ცოტა ოპოზიცია მგონია იჭედება,“ -კითხულობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც ეს ძალისხმევა ისევე დასრულდება, როგორც ადრე სრულდებოდა-ხოლმე და „ოცნება“ სხდომის ჩატარებას მაონც შეძლებს. „ამას მოჰყვება დიდი ფრუსტრაცია და დაცინვა ხელისუფლებისგან, რომ, აი, ხომ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ჩვენ მაინც შევიკრიბეთ",

მისი აზრით, აქ გამოსავალია საყოველთაო გაფიცვა. „მასობრივ, საყოველთავო გაფიცვაზე უნდა წავიდეს მთელი ქვეყანა დ პარალიზება მოახდინოს მთელი საქართველოსი. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ ცოცხალი ხალხის რესურსებს პატივი უნდა ვცეთ.“

„ოცნებაში“ კი ოპოზიციის გეგმებს ირონიულად უყურებენ, აცხდებენ, რომ „რიგში დადგებიან, როგორ შემოვიდნენ პარლამენტში. ის პროცესები, რომელიც ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, კიდევ ერთხელ, კრახით დასრულდება.

ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებს სამი მიმართულებით თანმიმდევრულ მუშაობას, პირველი - ქვეყნის შიგნით ადამიანების ინფორმირებას, დარღვევებზე ინფორმაციის მოგროვებას. მეორე - ეს არის მუშაობა საერთაშორისო მასშტაბით, მუშაობა  პარტნიორებთან, მათთვისაც ინფორმაციის მიწოდება. მესამე - დემოკრატიული პროტესტი. 

„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილის გუნდის დამარცხება „თანმიმდევრულ პროტესტს“ და „დიდ მოთმინებას“ მოითხოვს. 

"ქართული ოცნება" არის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ტიპის ძალა თავისი ბუნებით, თავისი მოწყობით, სულისკვეთებით იმიტომ, რომ არის კერპთაყვანისცმელობაზე აგებული და არა რაიმე ღირებულებაზე. ასეთი ძალა მოითხოვს თანმიმდევრულ პროტესტს, თავგანწირვას, დიდ მოთმინებას და, რაც მთავარია, განცდას, რომ ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, ჩვენს უკან არიან ჩვენი ოჯახები, შვილები, მეუღლეები, მშობლები და მათი მომავლისთვის არის ეს ბრძოლა.

„კოალიციები იქნება ქართველი ხალხის სამსახურისთვის, შესაბამისად ძლიერი საქართველო არის ამ საქმეში ჩამდგარი და ჩვენ ვაპირებთ, პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ მართლაც გამორჩეული მასშტაბის გაყალბებას",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ჩვენ გვაქვს დასახული ამოცანა და, ვფიქრობ, რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ის ნაწილი, რომელიც იღებს აქტიურ მონქწილეობას ამ პროტესტში, ვთანხმდებით, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ გადაუდგამთ. „ამისთვის აქტიურად ვემზადებით“,- დასძინა მან.

„დიახ, ჩვენ, ყველამ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ გადაგვიდგამს - ქუჩაში. ამისთვის აქტიურად ვემზადებით, შემთხვევით არ არის, საარაკო სიგიჟეებს რომ ავრცელებენ და აგზავნიან წერილებს, რომ, თითქოს, ვიღაც გადატრიალებისთვის ემზადება. რომელი გადატრიალება?! გადატრიალებას ეძახიან ყველა იმ შემთხვევას, რომელშიც ადამიანი პროტესტს გამოთქვამს. ვერც პროკურატურა და ვერც სპეცრაზმი ვერ გაართმევს თავს, როცა ხალხი გამოვა. ხალხს როდესაც ვამბობ, არ ვგულისხმობ 80, 100 ან 150 ათას, ვგულისხმობ, ზღვა ხალხს“, - განაცხადა მელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ინტერესში ქვეყნის დესტაბილიზაცია შედის. უმრავლესობა ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, გამოიყენოს მოპოვებული მანდატები.

მათი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის ის, რომ რეალურად არ აქვთ გეგმა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ რიგში დადგებიან, როგორ შემოვიდნენ პარლამენტში. ის პროცესები, რომელიც ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, კიდევ ერთხელ, კრახით დასრულდება. მოვუწოდებთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, გამოიყენონ ის მანდატი, რომელიც მათ საზოგადოებამ მისცა და აუცილებლად შევიდნენ პარლამენტში", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მორიგ სქემაზე საუბრობენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს გაიცა დავალება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი გახარიას და "ლელოს“ ბარიერის გადალახვაში დაეხმარა. მათივე თქმით, არცერთი გამოკითხვით, "ლელოს" და გახარიას მაღალი რეიტინგი არ ჰქონიათ.

"საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ არავინ არ ეკითხება კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" შემავალ პარტიებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვის გაუერთიანდებიან, ან ვის გამოეყოფიან. მათ ნაცვლად, გადაწყვეტილებებს იღებს ის კონკრეტული ძალა, რომელსაც აქვს დიდი გავლენა. შესაბამისად, ისინი იღებენ დავალებებს და ამის შესაბამისად მოქმედებენ-ხოლმე. სავარაუდოდ, ახლა ეს დავალებები აგვიანებს და სწორედ ამიტომ ქუჩაში სეირნობით არიან დაკავებულები და მეტი გასაკეთებელი და სათქმელი არაფერი აქვთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.        

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, რა სიახლე შეიძლება ოპოზიციამ მოსახლეობას შესთავაზოს პარლამენტის შეკრების დღეს, ალბათ ამ დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი მივა, ეცდებიან, რომ დეპუტატები პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ შევიდნენ. 

„პარლამენტის შეკრების დღე წარმომიდგენია ისეთი, როგორიც ადრე ყოფილა. ოპოზიცია მიიყვანს ხალხს, შენობას მოაქცევენ ალყაში, მაგრამ „ოცნება“ მაინც შეიყვნს დეპუტატებს და პარლამენტის სხდომა მაინც ჩატარდება. დაიცავენ მხოლოდ ერთ მიმართულებას პოლიცია და დეპუტატებს ჩვეულებრივად შეიყვანენ. ხალხი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შევიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ პარლამენტის სხდომა მაინც ჩატარდება. 

„ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ რამეზე, პარლამენტში ოპოზიციის არშესვლით მას უკვე არალეგიტიმურად ვაცხადებთ. თუ ჩვენ ვთანხმდებით , რომ პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია არ შევა, არალეგიტიმურია, მაშინ რისი ეშინიათ? რატომ არ უშვებენ ამ არალეგიტიმურ ხალხს, „ოცნების“ დეპუტატებს, რომ პარლამენტში შეიკრიბნონ და სხდომა ჩაატარონ? რეაქცია ასეთი, რომ არაფრის დიდებით სხდომის ჩატარება არ დავუშვათ, მეტყველებს შიშზე, რომ ეს პარლამენტი მაინც ლეგიტიმური იქნება, მიუხედავად იმისა, შევა იქ ოპოზიცია თუ არა.   

„ოპოზიცია თუ შეუშლის ხელს და არ შედგება სხდომა, რა გამოდის, არალეგიტიმური იქნება და თუ ვერ შეუშლის და სხდომა ჩატარდა ლეგიტიმური იქნება? აი, აქ ლოგიკაში ცოტა ოპოზიცია მგონია იჭედება. ამას მოჰყვება მაინც დიდი ფრუსტრაცია და დაცინვა ხელისუფლებისგან, რომ, აი, ხომ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ჩვენ მაინც შევიკრიბეთ. ვიღაცისთვის ეს შეკრება საკრალური მნიშვნელობის იქნება და ოპოზიციურ ამომრჩეველში ასეთი მოლოდინების შექმნა, მერე ნიჰილიზმს იწვევს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.    

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პროტესტი მაინც საჭიროა, ხალხი უნდა მივიდეს პარალმენტთან და მთელმა მსოფლიომ და ქვეყანამ უნდა დაინახოს, რომ ხალხში პროტესტია. ზაქარეიშვილი ოპოზიციის გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ რთული იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ხალხის აქციებზე გამოყვანა. 

„ამ სიცივეში ხალხს ყოველდღიურ რეჟიმში აქციაზე დგომა გაუჭირდება. ჩვენ ბოლო დროს, გაზაფხულზე აქციების გამართვას უფრო შევეჩვიეთ. ასევე უაზროდ მიმაჩნია ისეთ ადგილებში პორტესტის გამოხატვა და შეკრება, როგორიც  სპორტის სასახლის  შენობაა, ან მერე მისი შეცვლა ახლა სხვა ლოკაციით და სასამართლოსთან მისვლა, სადაც მოსამართლემ სხდომა საერთოდ გადადო. აქციის ადგილი ყოველთვის არის პარლამენტის შენობა, სადაც ხელისუფლებაა. ასეთი უცნაური იდეები, იქ შევიკრიბოთ, აქ შევიკრიბოთ, ხალხს უფრო ღლის. 30 წელია ამას ვაკვირდები და არ შეიძლება საზოგადოების ენერგიის ასე ფუჭად გახარჯვა და დაღლა.  სერიოზულად მასობრივ, საყოველთავო გაფიცვაზე უნდა წავიდეს მთელი ქვეყანა დ პარალიზება მოახდინოს მთელი საქართველოსი. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ ცოცხალი ხალხის რესურსებს პატივი უნდა ვცეთ და მხოლოდ მაშინ დავიბაროთ, როცა მნიშვნელოვანი დღეა. მაგალითად პარლამენტის სხდომის დღეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.         

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე