ნატალია ჯვარიძე
(07.11.2024)

„ქართულმა ოცნებამ" უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამერიკასთან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დაახლოებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგას. თუ არადა, მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა. რაც შეეხება საშინაო ამბებს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. „ერთადერთი გამოსავალია, რას გადაწყვეტს ამერიკა. ყველა იღლება და სუსტდება, გამორიცხული არაა, ოპოზიციური ჯგუფებიც დაიღალონ."

იგორ კვესელავა: ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ტრამპი ჩამოყალიბებული და პროფესიონალი პოლიტიკოსია, რომელმაც იცის, სად, რა უნდა თქვას და გააკეთოს, ასევე, ვის რა უნდა შეჰპირდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ტრამპი საქართველოს ხელისუფლების წინაშე ისე არ დადგება, როგორც უნგრეთის პრემიერი დგება, ან სხვები. ის არის ტრამპი და დიდ ამერიკას წარმოადგენს. ის ჩვენს წინაშე კი არ უნდა დაგეს, ჩვენ უნდა დავდგეთ მის წინაშე და ვთხოვოთ ის, რაც მათ ინტერესებშიც შედის და ბუნებრივია, საქართველოსიც. დღევანდელი ვითარება ისევ ისე დარჩება, თუ „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკა არ შეცვალა, შეიძლება მდგომარეობა უფრო დამძიმდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა... საბოლოოდ ყველაფერი „ოცნებაზეა" დამოკიდებული.

საქართველოს დარჩენია ერთი გზა, ეს არის ან წავიდეს ევროპის და ამერიკის გზით, ან დაანებოს ყველაფერს თავი და აირჩიოს ის გზა, რომელიც უკუნეთში მიდის. რუსეთისკენაც ვერ წავა, რადგან ჩვენ ურთიერთობა მათთან არ გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, რომ საპატიო თავმდჯომარეობას თავი დაანებოს და ქვეყნის პრემიერი გახდეს. როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, უკეთესად იმართებოდა ქვეყანა. დღევანდელი პრემიერი ვერც ერთი პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს წინაშე დგას. მისმა მოსვლამ ეს აქციები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, შეიძლება შეანელოს.

„რეზონანსი": რა პერსეპქტივა აქვს ოპოზიციის აქციებს?

ი.კ: საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ერთი ლიდერი - ზვიად გამსახურია და მისი თანამოაზრე და მეგობარი მერაბ კოსტავა. თუმცაღა ხელისუფლებას გამსახურდიას გაგონებაც არ უნდა და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა გამსახურდიას მოღვაწეობაზე არაფერი იცის. დღეს რომ გამოდიან სხვადასხვა მოთხოვნებით, ეს თავის დროზე გამსახურდიამ დაიწყო. ოპოზიციიდან ზოგიერთი პოლიტიკოსი „მოკლეშარვლიანი" და „მოკლეკაბიანია". ასეთები ხელისუფლებაშიც არიან, გამოკალისების გარდა. „ოცნებაში" „ჭკუამოკლეებიც" არიან. ამიტომ ერთი კარგი ლიდერი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს ნორმალურად განსაზღვრავს.

ხელისუფლება ოპოზიციის არც ერთ სურვილს არ მიიღებს, მართალიც რომ იყოს. ისინი სიმართლით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ მათი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ ქვეყნის უფროსობით და დიქტატორობით. ბიძინა ახლა, იცით, რა პოლიტიკაზე დადგა? „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", ანუ ბიძინას ქარავანი მიდის, მას უყეფენ, მაგრამ ის ფიქრობს, რომ მის ქარავანს ვერაფერს უზამენ. როგორია ქარავანი, ეს არაა მთავარი, მას მიუძღვის თვითონ, ოღონდ, იცით, როგორ? ამ ქარავანში ცხვრები არიან, ბიძინა კი თავს ლომად თვლის. ამიტომ თუ ლომი მიუძღვის ქარავანს, მაშინ ის ძლიერია, ხოლო ოპოზიცია ყეფს.

მგონია, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. ერთადერთი გამოსავალია, რას გადაწყვეტს ამერიკა. ყველა იღლება და სუსტდება, გამორიცხული არაა, ოპოზიციური ჯგუფებიც დაიღალონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე