
ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის დაპირისპირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ ისინი გეგმას ორშაბათს წარადგენენ, ეს მათი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს და თქვეს, რომ მოქმედების დღის წესრიგის შესახებ სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, რის შემდეგაც ბარიერგადალახულმა სამმა პარტიამ საპროტესტო გამოსვლა დააანონსა, გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. „სამეულის“ ტაქტიკას გახარია სავარაუდოდ არ იზიარებს. როგორც მოგვიანებით, სოციალური ქსელით გაირკვა, ეს ტაქტიკა არასერიოზული გამოდგა იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამის შემდეგ კი ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა სტატუსი, სადაც დაწერა, რომ ის კარვებს ეძებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა აჩუქებენ, მიყიდიან თუ რაც იქნება, ის არაფრის დამალვას აღარ აპირებს. გაჩნდა ეჭვი, რომ მათ ამომრჩეველში დაპირიპირების და გაბრაზების შემდეგ, მოეფიქრებინათ რაღაცა, რაც მათ იმედს მისცემდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კარვების იდეა თავად ოპოზიციაშივე მიუღებელია.
მაგალითად „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც მათი ამომრჩევლის დაკვეთაა. თუმცა არ ჰგონია, აქციებზე მათი ამომრჩევლები „კარავში შევიდნენ.“
მეზვრიშვილის თქმითვე, გახარიას პარტია ოპოზიციას მაქსიმალურად ეხმარება. „როგორი ფორმითაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ. წინა აქციებზე იცით, რომ ვიყავით. არ მგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და იდეაფიქსი იყოს ვიღაცა სცენაზე იდგება პარტიიდან თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად ამ პროცესს ვეხმარებით, მაქსიმალურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით. აქციებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა. კარვებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს.“
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ოპოზიციას მხოლოდ ერთი გეგმა აქვს, როგორ შევიდეს ისე პარლამენტში, რომ ეს მათ არ დაბრალდეს.
„გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს. ყველას თავი მოგებული ჰგონია, ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს შვებიან,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
ხაზს უსვამს, რომ „ეგზიტპოლები გაყალბებული იყო“.
„წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ 4 პარტიის ხმა არ დაიკარგოსო, ქარტიაო, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით. ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ცხადია. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ 4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან. გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს - დაშალეს, არაფერი არ უთხრეს. გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, არჩევნები გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რას იზამს ოპოზიცია. პარლამენტის წინ დადგას კარვებს თუ გზას გადაკეტავს, მოსახლეობაში მათ მიმართ არ არის ნდობა და მხარდაჭერა. მათ არჩევნები წააგეს, ამიტომ ახლა რაც არ უნდა მოიფიქრონ, და ფაქტია ამასაც ვერ ახერხებენ, ისინი ხალხში არარსებულ პროტესტს ვერ გააღვიძებენ.
„წყალწაღებული ოპოზიცია ახლა ცდილობს ხავსს მოეჭიდოს. პოლიტიკურად მათი მხარდაჭერა ჩვენს მოსახლეობაში არ არის იმხელა, რომ ქუჩაში გაჰყვნენ. ხალხს არ უნდა არც დაძახება, არც კარვების დადგმა და არც არაფერი. როცა ჩვენი მოსახლეობა უსამართლობას რეალურად ხედავს და ეს მოხდა 2003 წელს, 2012 წელს, მან საკუთარი თავის მობილიზება თავადვე მოახერხა. ოპოზიციამ ვერ შეიგნო ერთი, რომ ინტელექტუალურად, მორალურად, ზენეობრივად ვერ დგას მმართველ გუნდზე მაღალა, ამიტომ ხალხმა არ მისცა მათ ხმა. ამას უნდა შეეგუონ და მოეშვან ხალხის აღმა-დაღმა ტარებას.
„ავიღო ცალ-ცალკე ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს 4 ნოემბერს ქუჩაში იბარებს და გეგმა უნდა შესთავაზოს. ნიკა გვარამია, რომელიც კახელებს და მეღვინეებს ღვინოში მოშარდვით ემუქრებოდა. ან სტუდენტებზე როცა ამბობდა, რომ ნეტა მეტეორი ჩამოვარდეს და სტუდენტები დახოცოსო. გვარამია ყველამ იცის მიშას დროს რასაც წარმოადგენდა. რა საქმეები შეთითხნა პროკურორობის დროს და იმ რეჟიმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო. გავყვეთ ბოკუჩავას და ვაშაძეს, რომლებიც ძალიან სასაციოლდ გამოიყურებიან. მთელი საარჩევნო პერიოდი ხალხს კი არაფერს პირდებოდნენ, მარტო იმას ამბობდნენ, რომ მიშა იყო ყოვლის და ყველაფრის შემოქმედი, რომ გამარჯვებისთანავე ის ციხიდან გამოვიდოდა. ნუ, ნაციონალები რასაც დაემგვანენ, ვნახეთ და რა შედეგებიც აქვთ, ეგეც გამოჩნდა“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, არც დანარჩენები გამოირჩევიან საზოგადოებაში დიდი სიმპათიითა და ავოტორიტეტით.
„ავიღოთ ასევე ხაზარაძე, რომელიც ქართველებისთვის მევახშეობასთან ასოცირდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის „თი-ბი-სი“ ბანკმა რამდენი ადამიანი გაამწარა, რამდენი კითხვები არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან მისი თანამშრომლობის შესახებ. შემდეგ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბუჯეტიდან ფული შეჭამა. ნუ, ელისაშვილზე, დოლიძეზე და ჯაფარიძეზე ხომ აღარაფერს ვამბობ. დოლიძე მთელი ცხოვრება ბანკირებს და ხაზარაძეს ებრძოდა და მერე მასთან პარტიაში ამოყო თავი. ელისაშვილმა რაც იკადრა, როგორ აგინა ხაზარაძეს დედა ეთერში და მერე შერიგდა, კი ნახა ხალხმა. ჯაფარიძემ რუსების წინ ქართველ კაცებს ჩაახდევინა და პუტინს ათქმევინა, ქართველებმა საკუთარი სახე ძლივს გამოაჩინესო. გახარიამ რაც ქნა კი ვიცით. მოკლედ ამ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში გაჰყვება? როცა არჩევნებზე არ შემოხაზა ისინი? ასე ატარებენ ცოტა ხანი ხალხს ზევით-ქვევით და მერე ისევ 2020 წლის სცენარს გაათამაშებენ. გაყალბებული ეგზიტპოლები აზეიმეს საკუთარ ამომრჩეველს და მართლა მეცოდება ეს ხალხი, რომლებსაც მათი სჯერა“,-ამბობს მამარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



