ნატალია ჯვარიძე
(01.11.2024)

ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ხალხს სამოქმედო გეგმას დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გააცნობენ, მათი მხადამჭერების დიდი ნაწილი გააღიზიანა. უკმაყოფილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მოსახლეობაში გარკვეულწილად უნდობლობას აჩენს. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ გააჩნია და ემოციით მოქმედებს, რომელსაც მათივე აზრით, დიდი შედეგი არ ექნება.

„ჩვენ ოპოზიციასთან ერთად უამრავი პოლიტიკური საფეხური გვაქვს გავლილი, ბევრი მიტინგი გვაქვს ნანახი და ა.შ. 2020 წელსაც ასეთი სურვილი იყო, რომ ხალხს გაეგო, რას აპირებენ, ისე ჩამთავრდა ყველაფერი, გეგმა ვერ თქვეს. ამიტომ, ის ეჭვი, რომ გეგმა შეიძლება არ აქვთ და მხოლოდ ემოციით მოქმედებენ, ბუნებრივია, ჩნდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ რაც შეუძლია, ოპოზიციას აკეთებს. „მარტო ოპოზიციის დადანაშაულება არაა სწორი, რაც შეუძლიათ აკეთებენ. სოციალურ ქსელში თუ ვიღაც კრიტიკულ შენიშვნას წერს, მაშინ გამოსავალი და რეკომენდაციებიც შესთავაზონ".

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორშაბათს, 19:00 საათზე სამოქმედო გეგმას დეტალურად წარადგენენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ამას ოპოზიციის მხარდაჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

„ორშაბათს რატომ გვეტყვით? და შაბათს ან კვირას არა, როცა უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მოსვლა", - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.

„ფაქტობრივად, ანალგინით გვიწევს კიბოს მკურნალობა. ღმერთო, ისევ შენ თუ გვიშველი რამენაირად. მჯერა, არ მიგვატოვებ", - წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

„ვინ უშლის ნებისმიერ, თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდოს პარტიებს? მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებსა და დღეებში. განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება. ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ - თქვენი. ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით ფეისბუქში უკმაყოფილების გამოხატვით, გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ „ძლიერის საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ასევე სოციალურ ქსელში ოპოზიციის გეგმის რამდენიმე პუნქტი გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტი ქუჩის უწყვეტი პროტესტია.

„პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. უწყვეტი პროტესტი - ქუჩის აქციები; ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება!"- წერს ხაზარაძე.

ოპოზიციის მიერ სამოქმედო გეგმის ორშაბათისთვის გადადებას „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უკვე „აჭრილია" და სწორადაც ვეღარ მეტყველებს.

„მათი გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზებაო და გააბრაზეს თავისივე ამომრჩეველი. „გაბრაზების განხორციელება" რაღაც ახალი ტერმინია - „გავაბრაზოთო", თქვან; გაბრაზებულ იქნას ნაცვლად თქვან, გაბრაზდა. რას ლაპარაკობენ, უკვე აჭრილები არიან, ვეღარც მეტყველებენ სწორად. ჩახლართეს რაღაც სიტყვათა წყობა, მაგრამ რეალურად, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. მართლა მესმის, გულწრფელად მესმის მათი. როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, „ქართულ ოცნებას" 25% აქვს და შემდეგ 54%-ის იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც „ტოპ ტვინები" გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა ორშაბათს იქნება. ამიტომ მოდი, ძალიანაც ნუ დავძრახავთ ამ ხალხს. ჯერ ერთი ტყუილი თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას" 25% აქვს და მეორე ტყუილს ახლა საუბრობენ გადასაფარად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის მიერ წამოწყებული აქციები ისევე ჩაივლის, როგორც გასულ წლებში იყო.

„სოციალური ქსელები პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სივრცეა და იქ ჩანს-ხოლმე ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ფიქრი და ეს ფიქრი ამ ეტაპისთვის კრიტიკულია. კრიტიკული შემთხვევით არ არის, რადგან ჩვენ ოპოზიციასთან ერთად უამრავი პოლიტიკური საფეხური გვაქვს გავლილი, ბევრი მიტინგი გვაქვს ნანახი და ა.შ. 2020 წელსაც ასეთი სურვილი იყო, რომ ხალხს გაეგო, რას აპირებენ, ისე ჩამთავრდა ყველაფერი, გეგმა ვერ თქვეს. ამიტომ, ის ეჭვი, რომ გეგმა შეიძლება არ აქვთ და მხოლოდ ემოციით მოქმედებენ, ბუნებრივია, ჩნდება. მითუმეტეს, რომ გეგმის კონსტრუიურება ადვილი არ არის.

„ოპოზიციონერები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, იძახიან, რომ საპროტესტო აქციებია გამოსავალი. ალბათ, გეგმაშიც დიდი ადგილი პროტესტს უკავია. თუმცაღა გავიხსენებ იმას, რომ აქციები ყოველთვის შედეგს არ იძლევა. მაგალითად, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების ძალიან ხალხმრავალი და ხანგრძლივი აქცია იყო, მაგრამ შედეგი მიიღეს? ვერა. ჩვენთვის ნაცნობ სინამდვილეშიც იყო აქციები ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ. ყველას ჰგონია, რომ ამ პროტესტის გამო გადადგა. რეალურად კი, ის თვითონ, რომ არ წასულიყო არაფერი მოხდებოდა, ვინაიდან ეს აქციები არაფრის მომცემი იყო.

„ასევე, სააკაშვილის დროს იყო საპროტესტო გამოსვლები, ე.წ. კარვების ქალაქი რომ შეიქმნა. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა ჭკუა იხმარა და საერთოდ არ გაეკარა. შედეგად რა მოხდა? თვითონვე ჩაქრა, დაიშალა კარვების ქალაქი. ასე რომ, აქციით სერიოზული პოლიტიკური შედეგის მიღება, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, ძალიან რთული იქნება.

„კი აპროტესტებენ, ხმები მოიპარესო, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, ოპოზიციის ხმები „ოცნებისას" ბევრად ჩამოუვარდება. ამიტომ მიტინგებს თვითონ ამ ხალხისგან არ ექნება დიდი მხადაჭერა, თავი რომ დავანებოთ ოპოზიციის ერთიანი აზრის არქონას. მათი რიგებიდან ერთ ჭკუაზე მყოფი ხალხი არაა და ყველა თავისას მიერეკება. მე ასე მგონია, ლაპარაკი იმაზე, რომ აქციებშია გასაღები, ძალიან ზედაპირულია. თუკი აიმ გეგმაში აქციები არაა, მაშინ რა არის, ამაზე ლაპარაკიც ძალიან ძნელია. მაშინ გეგმა უნდა წარმოადგინონ, რომ პარლამენტში შევლენ და იქ, საპარლამენტო მექანიზმებით ეცდებიან წინააღმდეგობების გაწევას. ასეთი პოზიტიური უნარები მათ არ გააჩნიათ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მიზნის მიღწევა რთულია, თუმცა ოპოზიცია მაინც ყველაფერს აკეთებს.

„ხელისუფლების შეცვლა არა არის მარტივი საქმე, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც არჩევნებს გიყალბებენ. ოპოზიციის მიზანი იყო, რომ პატიოსანი გზით შეეცვალათ. პროგრამები წარადგინეს, მოსახლეობას შეხვდნენ და ა.შ. დღეს ცოტა რთული ვითარებაა, შეიძლება აქციები ჩაატარო, მაგრამ ასე უცებ ხელისუფლების შეცვლა ხშირ შემთხვევაში არ გამოდის. 2003 წელს პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს და მაგიტომ მოხდა. დღეს კი „ოცნება" დიდ თანხებს უხდის და ისინიც ყველაფერზე მიდიან, ოღონდ პრემიები აიღონ.

„ასეთი ტაქტიკაა, რომ ყველა ვარიანტში მათ უნდა იბრძოლონ იმის მიუხედავად, რომ ეს აქციები ხელისუფლების სწრაფად შეცვლას არ ნიშნავს. მიტინგის ორგანიზება ერთია, მაგრამ ხალხმაც უნდა აჩვენოს ერთობა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა ამის პარალელურად ვიცით, რომ გაყალბებასთან დაკავშირებულ ფაქტებს აგროვებენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინონ. სავარაუდოდ, ასევე ელოდებიან საერთაშორისო ვითარებას, ამერიკის არჩევნებს. თუ კამალა ჰარისი გავა, უფრო მოსალოდნელია, რომ „ქართულ ოცნებას" და მის წევრებს სანქციები ისევ დაუწესდეს, რაც ამ რეჟიმს კიდევ უფრო დაასუსტებს. რა თქმა უნდა, ბევრი ნიუსანსი იყო, რაშიც ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, თუმცა მარტო მათ ვერ დაადანაშაულებ. ყველაფრის მიუხედავად, „ოცნებას" მაინც მისცეს ხმა, ბევრმა შეგნებულად, ბევრმა შეუგნებლად. დაახლოებით 40% საერთოდ არ წავიდა არჩევნებზე, რადგან თვლიან, რომ სასურველი კანდიდატი არ არის. ასე რომ, მარტო ოპოზიციის დადანაშაულება არაა სწორი, რაც შეუძლიათ, აკეთებენ. სოციალურ ქსელში თუ ვიღაც კრიტიკულ შენიშვნას წერს, მაშინ გამოსავალი და რეკომენდაციებიც შესთავაზონ.

„ხალხის ნაწილი თვლის, რომ რადგან ოპოზიცია დამარცხდა, სუსტებად აღიქვამენ. მე ისიც გამიგია, რომ „ოცნებამ ოპოზიციას შეუსრულა", თუმცა მარტო ოპოზიციას კი არა, მთლიან საქართველოს შეუსრულა 2012 წელს. საერთოდ არ არის მარტივი ბრძოლა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე