
შეიძლება დონალდ ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: ახლა ჩვენ ამერიკის მოახლოვებულ არჩევნებს უნდა დაველოდოთ. თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ურთიერთობაში შუალედის მოძებდა. თუმცა თუ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება ის ოპოზიციის მფარველად მოგვევლინოს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამას აცხადებს. ამერიკის კურსი კი სავარაუდოდ უფრო გამკაცრდება და უფრო სხვა ფორმებს მიიღებს. რასაკვირვლია, საქართველომ თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს და მთლიანად ვინმეზე დამოკიდებული ვერ იქნება. შეიძლება ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც არ დაუკარგავს.
ფაქტობრივად, ამერიკის არჩევნებმა უნდა განსაზღვროს საქართველოში არსებული მდგომარება და შეფასება უნდა მისცეს, თუ რასთან გვაქვს საქმე - საქართველოს მიმართ პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს თუ საერთოდ შეწყდეს ურთიერთობა, რაც არცერთი მხარისთვის მარტივი არაა.
გამორიცხული არც ისაა, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ისევ ისე დარჩეს, რადგან ტრამპი ამერიკის საერთო პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავა. ამიტომ შესაძლებელია ეს ვითარება ისევ ისე გაგრძელდეს, ან კიდევ უფრო მკაცრად. ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ტრამპის მოსვლით ყველფერი შეიცვლება.
როგორც ხედავთ, ახლა ამერიკა მაინცდამაინც არ აქტიურობს. ეს იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდებიან. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ხელისუფლებასთან ამერიკას ურთიერობა არ აქვს. მე ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ ამათ ტრამპთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.
ივანიშვილს არ უნდა ეთქვა, რომ ამ 2 მილიარდის გამო გაფუჭდა ამერიკასთან ურთიერთობა. ბატონი ბიძინა და მისი გუნდი ამერიკას ქონების გამო დაუპირისპირდა, მაგრამ როცა დადებითად დასრულდა პროცესი, მერე განაცხადა, რომ მას საშუალება აქვს მივიდეს და დაელაპარაკოს. ჩემი აზრით, ამერიკა ივანიშვილთან და მის გუნდათან არავითარ მოლაპარაკებას არ გამართავს.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით 26 ოქტომბრის არჩევნებს?
ი.კ: მე ვვარაუდობდი, რომ ამ თვეში მდგომარეობა გართულდებოდა და რთულდება კიდე. რაც ახლა საქართველოში მოხდა, ეს არ არის ისეთი რაღაც, რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა. ეს ორი „კლასის" ჩვეულებრივი დაპირისპირებაა - ხელისუფლების, რომელსაც თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს და ოპოზიციის, რომელსაც თავისი მოთხოვნები გააჩნია, მათ შორის ძალაუფლების ხელში აღების, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვა, უკვე ქუჩაშია. ერთ მხარეს არის ოპოზიცია, რომელსაც შეიძლება მე ოპოზიცია არც დავარქვა, ვთქვათ საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკური განწყობილება, რომელსაც სხვა სტრატეგია გააჩნია, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლებაა, რომელიც უკვე 12 წელია თეორიულად ებღაუჭება მათ მიერ წამოყენებულ პირობებს და ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებს. ძალაუფლების დაკარგვა იმიტომ არ უნდათ, რომ ეს ნგრევის ტოლფასია, ოღონდ ქვეყნის კი არა, მათი, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ამ 12 წლის მანძილზე საზოგადოება კლასებად დაიყო. საშუალო ფენა არ არსებობს, ან მდიდრები არიან, ან ღარიბები.
მე ვიცოდი, რომ არჩევნები ასე დასრულდებოდა, რადგან ხელისუფლება ძალაუფლებას და ე.წ. ნაშოვარს არ დათმობდა. ისინი ყველანაირად ეცდებოდნენ ამის შენარჩუნებას და ყველა რესურსს გამოიყენებდნენ - თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, ადმინისტრაციულ რესურს, ეკლესიის ფაქტორს, ქუჩას და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს, რაც შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა ეს ყველაფერი განსაზღვრა თუ არა ოპოზიციამ, არ ვიცი, მაგრამ არის რაღაცები - ხელისუფლებას გარე მხდაჭერა დასავლეთისგან და ამერიკისგან აბსოლუტურად არ გააჩნია, ხოლო ოპოზიციას გააჩნია, თუმცა „ოცნებას" რუსეთისგან აქვს და ეს ფარულად მიმდინარეობდა, მაგრამ გამოჩნდა, როცა რუსეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა და ინტერვიუ მისცა. ბუნებრივია, ეს მთავრობის გარეშე ვერ მოხდებოდა. აი, აქ დასავლეთის და მმართველი გუნდის ინტერესები ერთმანეთს დაეჯახა.
„რ": რას ფიქრობთ არჩევნების ხელახალ ჩატარებაზე?
ი.კ: მსოფლიოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არჩევნები სხვადასხვა მიზეზის გამო გაყალბებულა და ხშირად არც ჩატარებულა კიდეც, თუმცა ხელახალი არჩევნების გამართვა აშკარად ნიშნავს ხელისუფლების დათმობას, დამთავრებული საკითხია. ახლა რომ ჩატარდეს, მთავრობა არ ჩაატარებს, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მოხდება, ეს კი ხელისუფლების მარცხია, ამაზე ორი აზრი არ მაქვს. ახლა საკითხავია ხელისუფლება მშვიდობიანი გზით წასვლაზე წავა? თუმცა მაინც არის შანსი, რომ ის ამაზე წავიდეს და მშიდობიანად გადააბაროს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. არ შეიძლება ხალხი 12 წელი ატყუო. ეს „ოცნების" ხლისუფლებისთვის უფრო უკეთესი იქნება, რადგან ასეთ სიტუაციაში პოლიტიკური გარიგება უნდა მოხდეს, ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ აღებულ ქონებებს და მშიდობიანად დაეთხოვებიან მთავრობიდან.
ბიძინამ პოლიტიკა არ იცის და ზუსტად ესაა მიზეზი, რა შედეგებიც მიიღო. მას ვურჩევდი, რომ ამ საპატიო თავმჯდომარეობას თავი დაანებოს, დადგეს პარტიაში და ამის საშუალებით საქართველოს მართვა დაიწყოს. საპატიო თავმჯდომარეა და მაინც ქვეყანას მართავს, ეს პოლიტიკაში არ ხდება და ბოლოსდაბოლოს ამით თავს უარყოფითად იჩენს. ასე რომ, ჩემი აზრით, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამ მშვიდობიანი წასვლით ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, თუ არადა ისევ გაგრძელდება. ამ ეტაპზე ამერიკა და საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ მინდორზე ძოვას ვერ გააგრძელებენ, ეს ნაღდი ამბავია. ამას ვერც ევროპა იზამს, რადგან მათთვის დამარცხებას ნიშნავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



