
პარლამენტის პირველი სხდომა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, როგორც „ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი. ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და, კონსტიტუციონალისტების აზრით, ეს პარლამენტის ულებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის. პირველი სხდომის დღეს კი, საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ, ანალიტიკოსები ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავენ.
ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმს ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში კი კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ოცნებას" 90 მანდატი ერგო, იმავე წლის 11 დეკემბერს კი პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო, დადგენილება კი 87 ხმით მიიღო.
ახლა „ქართულ ოცნებას" 89 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას კი ჯამში 61 მანდატი აქვს. სულ ხუთმა სუბიექტმა გადალახა საარჩევნო ბარიერი. „ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია, „კოალიცია ცვლილებებისთვის" - ნანა მალაშხია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" - თინა ბოკუჩავა, „ძლიერი საქართველოსი" - მამუკა ხაზარაძე, „გახარია საქართველოსთვის" კი გიორგი გახარია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტი, როგორც 2020 წელს შეიკრიბა, ასევე შეიკრიბება ახლაც.
„პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური - პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს", - ამბობს პაპუაშვილი.
21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.
პაპუაშვილის ინფორმაციით კი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, ამის შემდგომ კონსტიტუციით დადგენილ ათდღიან ვადაში პარლამენტი შეიკრიბება.
„ახლა მიდის პროცედურები საარჩევნო კომისიაში, დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები სარჩელებთან დაკავშირებით. ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ამის შემდგომ კონსტიტუციის დადგენილია 10 დღიანი ვადაა, რომლის განმავლობაში პარლამენტი შეიკრიბება თავის შემადგენლობით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის შედეგებს არ აღიარებს, პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ „პრეზიდენტს ფორმალური კომპეტენცია აქვს და თუ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ დაარღვევს, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი, ამას უზრუნველყოფენ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო".
2020 წლის 8 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაშინდელი არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნა საკანონმდებლო ორგანოში.
კონსტიტუციაში ასევე ვკითხულობთ, რომ „პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარლამენტი ოპოზიციის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება, თუმცა ფუნქციონირება შეეძლება.
„89 დეპუტატი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტმა თავისი თავის ლეგიტიმაცია მოახდინოს და მუშაობას შეუდგეს. არის რიგი კანონები, რომელთა მიღებაც „ქართულ ოცნებას" გაუჭირდება, პარლამენტი სრულფასოვანი არ იქნება, მაგრამ იფუნქციონირებს. სხდომის პირველ დღემდე დიდი დროა, მანამდე სასამართლოები იქნება და არ ვიცით ვინ რას გადაწყვეტს, ჯერ პროცესი მიდის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ პარლამენტი შედგება და პირველ სხდომას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, მოსალოდნელია ოპოზიციის პროტესტიც - როგორც პარლამენტის შიგნით, ისე გარეთ.
„პარლამენტი შედგება, იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობა დამაჯერებლად შემდგარია „ქართული ოცნებისგან". ის უვიცი სპეკულაციები, რომ პრეზიდენტი ვერ დანიშნავს და პარლამენტი ვერ შეიკრიბება, იმ უვიც კლასტერს დავუტოვოთ, რომელიც დღემდე არსებობს ქართულ საჯარო სივრცეში.
„ჩემი ვარაუდით, პირველ სხდომაზე რადიკალური ოპოზიცია რა თქმა უნდა შევა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ოცნების" სხვა ლიდერები უნდა დაამუნათონ - ეს მათი მთავარი ლაიტმოტივი იქნება და ამას ვიდეოკადრებში აღბეჭდავენ, რომ ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა, სამარცხვინო იარლიყებით „შეაქებენ" ივანიშვილს, ღარიბაშილს, კობახიძეს.
„მოლოდინი მაქვს, რომ აქცია იქნება როგორც პარლამენტის დარბაზში, ისე გარეთ. ამ შესაძლებლობას როგორ გამოტოვებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, სამარცხვინო ნაცასპიტებმა საჯაროდ კიდევ ერთხელ აგინონ?! შემდეგ გარეთ გამოვლენ და იქნება სასტვენებით თუ რაღაც სხვა ხმოვანი საშუალებებით დროებითი მცირემასშტაბიანი პროტესტი, მაგრამ საინტერესოა რამდენი კვირა თუ რამდენი თვე გასტანს ეს ე.წ. ბოიკოტი? მყვირალა ლიდერების გარდა, იქ სხვა პერსონაჟებიც არიან, რომლებსაც უწინარესად პარლამენტი და აქედან მიღებული პრივილეგიები სურთ - ხელფასები, დანამატები, საგარეო ვიზიტები და ა.შ. არასდროს ვეთანხმები „გირჩის" იაგო ხვიჩიას და მის თანამოაზრეებს, მაგრამ ამჯერად მეც ვფიქრობ იმას, რომ ეს ე.წ. ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში შევა ისე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. ოპოზიციაში სამარცხვინო რეალობაა, როცა მაქსიმუმს ითხოვენ და არაფერს იღებენ ხოლმე, საკუთარი უპრინციპობის გამო.
„ბიძინა ივანიშვილი არის და იქნება „ქართული ოცნების" პოლიტიკური ბრენდი. ამიტომაც იყო ის გადამწყვეტ არჩევნებში სიის პირველი ნომერი. ჩემი პოლიტტექნოლოგიური შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს არც პარლამენტში და არც მთავრობაში, ის პარტიას უნდა მართავდეს, რომელიც მან დააფუძნა და ასეც გაგრძელდება.
„ჩემი პოლიტტექნოლოგიური თვალთახედვით, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მაგალითად იქნება საბა ბუაძე, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა ნაცსექტანტები, მიუღებელია. ჩემი ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტიდან უნდა გავიდეს და მის მიერ დაფუძნებული პარტია მართოს", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა პირველ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს აბაშიძემ გვიპასუხა:
„რა თქმა უნდა, პირველ სხდომაზე უნდა მივიდეს არჩეული ყველა პარლამენტარი, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ის რადიკალები, რომელსაც სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მორიგ ჯერზე უსაფუძვლოდ დაამუნათონ, უნდა დადგან ე.წ. ტელეპერსორმანსი, რომ აი, ე.წ. რუს ოლიგარქს დაუპირისპიტრდნენ, მაგრამ ამის შედეგი არაფერი არ იქნება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



