
ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ევროკავშირის გაფართოების ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გაწერილი 9 დათქმა შესრულებული არაა და პირიქით, ამ პროცესის საწინააღმდეგო ქმედებებია გაკეთებული. ანალიტიკოსები ევროკავშირისგან მომდევნო მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობენ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაზე.
„ჩემი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ორი სავარაუდო მოლოდინი არსებობს. პირველი არის ის, რომ ჯერ „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს გარკვეული სანქციები დაუწესონ და შემდეგ უვიზო მიმოსვლა გააუქმონ, ან პირდაპირ შეაჩერონ", - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ აბსოლუტურად ყველა შანტაჟი და ქმედება არის დროებითი: „მე ამ პროცესებს ასე ვუყურებ: ეს არის ის მახინჯი ტენდენცია, რასაც ჰქვია ხალხის ხმების წინააღმდეგ გალაშქრება. შანტაჟი, რომ ევროინტეგრაციაზე რაღაც პროცესები შეჩერდება, ეს ყველაფერი აბსოლუტურად დროებითია."
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.
„ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ანუ 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ და რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და საჭიროა დამატებით „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის" გაუქმება.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. წინა წლის ანგარიშიდან, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა ცხრა ნაბიჯიდან უმეტესობის გატარებაში. დღევანდელი ანგარიში ნათელ უკუსვლას აჩვენებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ ასევე უკუსვლა იყო ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსა და ფუნდამენტურ უფლებებს [...] ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის.
„საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ"; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდზე მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს:
შემდგომი ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ მოსამართლეთა გადაყვანასთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით (მათ შორის ეფექტური გასაჩივრება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიკაცია და ჩიხების საწინააღმდეგო მექანიზმი).
ასევე, საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, უნდა მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების მიმართ და თავიდან აცილების მიზნით.
ნიკა ჩიტაძის აზრით, თუ დადგა საკითხი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ევროკავშირში აქვთ მიზეზი, რომ ამას მხარი დაუჭიროს.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლებელია, რადგან მასთან დაკავშირებით პროცედურულად საჭიროა ხმათა უმრავლესობის პრინციპი და არა კონსენსუსი. შესაბამისად, თუ 15 ქვეყანა ამას მხარს დაუჭერს, შესაძლოა შეჩერდეს კიდეც. თუმცა გამორიცხული არაა, რომ ჯერ გარკვეული შეზღუდვები „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს დაუწესდეს და შემდგომ საერთოდ გააუქმონ.
„იმის მიუხედავად, რომ ალბანეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის ქვეყნებს ესაზღვრება, მასაც შეუჩერდა ვიზალიბელარიზაცია გარკვეული დროის განმავლობაში. ასეთი მაგალითიც არსებობს.
„ევროკავშირში პირდაპირ არავინ იტყვის, მაგრამ ხომ იფიქრებენ, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი იძახის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის დახმარებით, მტერი ევროპაა და არა რუსეთი, ჩვენ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარიო. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში სხვადასხვა კონფერენციების ფარგლებში მეც ხშირად დავდივარ, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდები და ვიზას ავიღებ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ ამერიკის 5 ნოემბრის არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის.
„ძალიან ბევრ რამეს გადახედავს ამერიკის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მნიშვნელობა არ აქვსб დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს თუ არა, 5-6 დღეში მსოფლიოს ელოდება დიდი გლობალური კატაკლიზმები. საქართველოსთვის, რომელმაც ხუთიანზე შეასრულა ყველა რეკომენდაცია და ხუთიანზე ჩაატარა არჩევნები, ეს გამონათება უმნიშვნელო იქნება იმ გლობალურ პროცესებზე, რაც მომავალ კვირაში განვითარდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



