
პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიემა დაიწყო. უწყების ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა.
„პრეზიდენტი როცა გამოდის და იძახის, არჩევნები „რუსულად" გაყალბდაო, ასეთ ვითარებაში რა უნდა ექნა ხელისუფლებას და ვინ უნდა დაეძახა?", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის ვარაუდით კი, ამას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვება. „ამას დადებითი შედეგი არ მოჰყვება. როგორც სასამართლო, რომელიც ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, რასაკვირველია, პროკურატურაც არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას და სათანადოდ არ გამოიძიებს".
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარუოდ გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით.
ცესკოს განცხადებისა და საკარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცეულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ საქმის აღძვრა და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, რომელსაც საბოლოო ჯამში, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
„მე რატომღაც მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრედიტაცია, რადგან მან გარკვეულწილად პოლიტიკური ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღეს გამაერთიანებელ როლს თამაშობს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
„ამიტომ, ჩემი აზრით, ამ გზით მმართველმა პარტიამ მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა, ვინაიდან პრეზიდენტის დაბარება იმაზე მიუთითებს, რომ ვითომ პროკურატურას მასზე დიდი უპირატესობა გააჩნია. თითქოს რაღაც შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ქვეყნის მეთაურს პროკურატურაში იბარებენ, როცა შესაძლებელია მათი თანამშრომელი ზურაბიშილთან მივიდეს და გარკვეული ინფორმაციები მიიღოს.
„ამასთან, ხელისუფლება ცდილობს იმიტაციის შექმნას, რომ ვითომ საქმეს შეისწავლიან და თავს წარმოაჩენ ისე, თითქოს ნებისმიერი საქმის გამოსაძიებლად მზად არიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„მე ასე მგონია, პროკურატურა საერთო ჯამში საქმის წამოებას გარკვეული პერიოდის მერე ფაქტების არ არსებობის გამო შეწყვეტს. ბევრი რამე ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ის სანქციების პაკეტს მოამზადებს ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
„შესაძლებელია, ასეთ ვითარებაში პროკურატურამ საქმე გამოიძიოს, ოღონდ ეს დაბრალდეს არჩევნებში მონაწილე ცალკეულ ადამიანებს და თქვან, რომ ამაში სახელმწიფო არაფერ შუაშია. თუმცაღა, როგორც ვთქვი, დიდი ალბათობით სისხლის სამართლის დევნა არ დაიწყება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის დაბარება გამოწვეულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც მისივე აზრით, სამართლიანი შედეგი ექნება.
„ბაიდენი და მისი „შესტიორკა" ბორელი მოითხოვენ, რომ გინდა თუ არა გამოძიება დაიწყოსო. აბა რა უნდა ექნა ხელისუფლებას? ამ გამოძიებაში ის უნდა დაეძახათ, ვინც იძახის, რომ არჩევნები გაყალბდა, ანუ სალომე ზურაბიშვილი.რომ ამბობ არჩევნები გაყალბდაო, ამისთვის ხო უნდა გქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები? მითუმეტეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ.
„აქციაზე და ტელევიზიით გამოდის და იძახის, რომ რუსულად გაყალბდაო. ასეთ ვითარებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა უნდა გააკეთოს? ზურაბიშვილთან რომ მივიდნენ, დაელაპარაკონ და უთხრან არ გაყალბებულა, ის ეტყვის არა გაყალბდაო.
„ამიტომ სახელმწიფოში შესაბამისი ორგანო არსებობს, რომელსაც პროკურატურა ჰქვია და რომელსაც ევალება კანონის დამღვევების წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ამიტომ დაუძახეს ქალბატონ სალომეს - მობრძანდით და შესაბამისი დასაბუთებით მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მოხდა, რათა დამნაშავე დავსაჯოთ.
„ამავე დროს, თუ გაყალბდა, ვთქვათ რომ გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილს და მის „მეხუთე კოლონას" უნდათ, რომ პრეზიდენტი დაიჭირონ, თუმცა, მათდა სამწუხაროდ, ამ ბედნიერებას ვერავინ მიანიჭებს, ვინაიდან მათთვის ეს „ბაირამობა" იქნება. სალომე მორალურ-ზნეობრივად ისედაც დაჭერილია. ეს იმიტომ, რომ კონსტიტუციას არღვევს. ამაზე ეუთო/ოდირმაც დაწერა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



