ელზა პაპოშვილი
(29.10.2024)

მას შემდეგ ,რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ბარიერ გადალახულმა ოპოზიცირმა პარტიებმა  26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხდეს, გამოიწვევს თუ არა ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზის? რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას და პრეზიდენტს კონსტიტუციით და სამართლებრივად იმისთვის, რომ დასახულ მიზანს -  შედეგების გაუქმებასა და ხელახალ არჩევნებს მიაღწიონ?

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ არც ოპოზიციას და არც პრეზიდენტს კონსტიტუციით არ შეუძლიათ ამ პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხება. პირველი სხდომის ჩატარება მმართველ გუნდს, ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელიშედეგების გამოცხადების შემდედ 10 დღის ვადაში უპრობლემოდ შეუძლია. არც საკადრო გადაწყვეტლებები იქნება მისთვის პრობლემა, რადგან ამაისთვის მინიმუმ 76 დეპუტატია საჭიორ, „ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს.   

26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ჯერ კიდევ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, თუ რა მოხდება, თიკი პრეზიდენტი პარლამენტის სხდომას არ დანიშნავს.

„პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, თეორიულად ჩვენ თუ დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფენ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“, - ამბობს პრემიერი. 

მის ნათქვამს ადასტურებენ კონსტიტუციონალისტები. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება ან არაღიარება. ის ვალდებულია მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს.  

„პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება ან არაღიარება. ეს ფუნქცია მას კონსტიტუციურად განსაზღვრული არ აქვს. პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ასეთი პირდაპირი ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში. თუმცა მმართველი პარტია ამბობს იმას, რომ ისინი გამოიყენებენ სხვა ჩანაწერის ანალოგიას. ამ სხვა ჩანაწერში წერია, რომ თუ პარლამენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი არ მოიწვევს, მაშინ პარლამენტი მაინც შეიკრიბება. ამ ჩანაწერს გაავრცელებენ და პარლამენტი მაინც შეიკრიბება“, - ამბობს  ვახუშტი მენაბდე. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერც თავისი პარტიული სიების ჩახსნით შეძლებს პარლამენტის მუშაობის ბლოკირებას, რადგან პარტიული სიების რეგისტრაციიდან მოხსნა აკრძალულია არჩევნებამდე 16 დღით ადრე, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობამდე. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შესაძლებელია პარტიული სიის იმ ნაწილის ანულირება, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში. დეპუტატს კი მხოლოდ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუძლია გადადგომა. 

გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მინიმუმ 76 მომავალი დეპუტატი). ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.  

ბრძოლის სამი მთავარი მიმართულება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ოპოზიციამ სამი მიმართულებით უნდა იმუშავოს და კონკრეტული გეგმა დასახონ იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი საბოლოოდ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, რომ „ოცნებისთვის“ გაყალბების დამტკიცება არ იქნება მარტივი და ასევე იქნება დროში გაწელილი პროცესი. მათ კარგად უნდა იცოდნენ,  რა კონკრეტული გეგმა აქვთ, თუკი პარლამენტში შესვლაზე საბოლოოდ უარს იტყვიან და უნდა მიჰყვნენ. 

„ახლა მათ უნდა იმუშაონ სამი მიმართულებით. პირველი - მოაგროვონ ყველა ის ფაქტი, რაც გაყალბების უტყუარი მტკიცებულება იქნება. შემდეგ აჩვენონ ეს დასავლეთს და დაამტკიცონ, რომ მართლები არიან. ხოლო მესამეს მიმართულებაა ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და ხალხისთვის ზუსტად თქმა, თუ რას აპირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორდება იგივე, რაც მოხდა 2020 წელს. 

„რაც შეეხება პრეზიდენტს და მისი მხრიდან არჩევნების აღიარება-არაღიარებას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის მიხედვით, მისი როლი ფორმალურია. სამართლებრივად არ აქვს არანაირი ძალა. მმართველ გუნდს თავისუფლად შეუძლია 10 დღის ვადაში, როცა ცესკო საბოლოო შედეგებს დადებს, პარლამენტი მოიწვიოს და ის ლეგიტიმურად ცნოს. 76 მანდატია საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტი ლეგიტიმური იყოს. როგორც ვიცი „ოცნებას“  89 მანდატი აქვს. ამიტომ ოპოზიციის განცახდება, რომ ის პარლამენტში არ შევა და ამით პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს არასწორია. 

„შესაბამისად, კონკრეტული გეგმაა საჭირო, რომ „ოცნება“ იძულებული გახდეს ან რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, ან, როგორც 2003 წელს მოხდა, უზენაესმა სასამართლომ პროპორციულად ჩატარებული არჩევნების შედეგები გაყალბებულად ცნოს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია როგორც დასავლეთის, ისე ქვეყნის შიგნით ხალხის დიდი ნაწილის დარწმუნებას შეძლებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ „ოცნებაზე“  ზეწოლა ხალხიდანაც და დასავლეთიდანაც ძლიერი იქნება. ეს კი მათ იძულებულს გახდის ხელახალი არჩევნები დანიშნონ. თუმცა ამას დრო და ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება.

„ისინი პარლამენტში ისევ ერთმანეთს შეასწრებენ...“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციას რეალურად არ აქვს რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვალოს. მისივი თქმით, ოპოზიცია კანონმდებლობის იგნორირებით მოქმედებს და მისივე მხარდამჭერ კონსტიტუციონალისტებსაც აღარ უჯერებს.

„ეს ხალხი გადაიქცნენ ჭორიკანა მეზღაპრეებად, რომლებიც კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. თავის მიმდევრებს და უცხოელ დამკვირვებლებს „აბოლებენ“, რომ არჩვენები გაყალბდა. სწორედ მათ ნიშას არის აყოლილი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი დე ფაქტო  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუ მათ არ სჯერათ „ოცნების“ მყარი არგუმენტების, რატომ არ უჯერებენ ოპოზიციონერ კონსტიტუციონალისტებს - ვახტანგ ხმალაძეს და ვახუშტი მენაბდეს? ისინი ზუსტად განმარტავენ კანონმდებლობას. 

„აქ მთავარი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უკვე წარმავალი პოლიტიკური ფიგურაა და რაღაცა ერთი თვე დარჩა, ბოლომდე უნდა უმტროს საქართველოს სახელმწიფოებრივობას, რადგან შემდეგ აგენტოკრატიისგან დიდი ხეირი მიიღოს. სხვანაირად, ლოგიკურად, რაციონალურად, მისი ასეთი ტოქსიკური ქმდებები ვერ აიხსნება. ზურაბიშვილმა თუ არ იცის კონსტიტუცია, მრჩევლები ხომ გვერდით ჰყავს. თუმცა საქმე ისაა, რომ ეს მრჩევლებიც მის თარგზე არიან მოჭრილი. მისმა საპარლამენტო მდივანმა თავი მოიჭრა, როცა თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ მოსწონდა „იმიტომ, რომ იმიტომ“ და ერთი არგუმენტი ვერ დაასახელა. 

„ამიტომ ეს ორომტრიალი ჭიქაში წარმავალია. ქარის მონაბერი მტვერია, რომელსაც ქარი წაიღებს. მე არ ვიცი ბოლოს შერცხვებათ ასეთ ნამუსგარეცხილ პოლიტიკურ პერსონაჟებს თუ არა, რომ მერე პარლამენტში შესვლა მოუწევთ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს.  ზურაბიშვილის აღიარება-არაღიარება პარლამენტის ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს. მის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და კონსტიტუცია. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უკვე საინტერესო აღარ არის და მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას განაჩენი უკვე გამოუტანა. ცოდოა ის ხალხი, ვინც ამ ოპოზიციას ხმა მისცა, რადგან მალევე დაინახევენ ისევ, როგორი მატყუარა და აფერისტები არიან. პარლამენტში ისევ ერთმანეთს შეასწრებენ“, - ამბობს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე