
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისს იმ ფონზე ეწვია, როდესაც დასავლეთი საქართველოშ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ ჩქარობს და ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტების შეჩერების შესახებ. თავად ევროკავშირში ამ ვიზიტს „ნაადრევს" უწოდებენ და ხაზგასმით ამბობენ, რომ ორბანი არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.
აღანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები სტვენითა და ნეგატიური შეძახილებით შეხვდნენ უნგრეთის პრემიერს, რომელიც სასტუმრო „თბილისი მერიოტში" მიემართებოდა.
უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა, თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს.
„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია", - აღნიშნა ბორელმა.
სამშაბათს დილით მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ვიქტორ ორბანთან ერთად თბილისს ეწვივნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.
ამის შემდეგ კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია შედგა.
რა თქვა ორბანმა
მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ გამართულ ბრიფინგზე ვიქტორ ორბანმა „ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც მშვიდობის მიმართულებით გაკეთდა, გასაგებია".
მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ „ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო".
„მე რაც ვიცი, უკრაინის გვერდით არის უნგრეთი. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს ეს ამბავი. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ.
„არავის უნდა თავისი, საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით. უნგრეთშიც ასე არის.
„ასევე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, სასაცილოა ნამდვილად.
„ასევე, მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის, რომ იმ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, თქვენ არ მიეცით საშუალება, რომ თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ.
„ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში და ასევე, მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც ვიზიტად იყვნენ ჩვენთან და დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ. ასევე, განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული მიმართულებით. უცნობი არ არის, რომ ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენს ეკონომიკურ აღმავლობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ტურიზმის და წყლის რესურსების განვითარებაში შევიტანოთ წვლილი.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი ევროკავშირისთვის ძალიან დიდია იმიტომ, რომ უშველებელი გეგმა გულისხმობს „მწვანე ელექტროენერგიის" მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობს. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობლივი საწარმოც გვაქვს. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.
„მინდა აქვე ვახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფო სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს, ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-სთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველის სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე თქმით, უნგრელმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასა, როგორც „პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული".
„ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის. საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი. შემიძლია ვთქვა, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა, იმ კრიტიკული აზრის გარდა რაც გამოითქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე, ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს. ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისთვის არჩევნების შედეგებს დაელოდა, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს მისი ჩამოსვლა ჩარევად არ აღქმულიყო.
„არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოვსულიყავით, ამიტომ მადლობა მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია. არ ვიცი, რის გამო ხდება - ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ბუნების ხალხი ვართ. ჩვენს ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები არიან და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს. ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია", - განაცხადა ორბანმა.
რაზე ისაუბრა კობახიძემ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტს შეეხო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უნგრეთთან თანამშრომლობის დღევანდელი მოცემულობით კმაყოფილია, თუმცა ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი. ესაა პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება; უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალში გაგრძელდება მუშაობა. ასევე, ტურიზმის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განსაკუთრებული პრიორიტეტია. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარული ვარ, რომ აქაც გვაქვს კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
„ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებზე. აქ გამოსაყოფია შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად ვმონაწილეობთ. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა. გავიმეორებ, ჩვენ შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე. კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით. რა თქმა უნდა, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ.
„დასასრულს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების ძალიან კარგი გამოხატულება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.
„განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით, უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე პირადად ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაქვს მხარდაჭერის დიდი იმედი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



