
მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ელიან, რომ დასავლეთიდან მათ მხარადჭერა ექნებათ და ეს პარლამნეტი ჩვენი პარტნიორების მიერ არ იქნება აღიარებული. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამერიკიდანაც და ევროპიდანაც არჩევნების აღიარება უკვე მოხდა და ოპოზიცია იძულებული იქნება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიების დადებითი დასკვნა აღიარონ. ოპოზიციამ კი 28 ოქტომბრის რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე მოითხოვა, რომ ხელმეორე არჩევნები ჩატარდეს, ოღონდ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ჩაატარონ.
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დამკვირვებლები იუწყებიან არათანაბარი პირობების, პოლარიზებულ ატმოსფეროში გამყოფი კამპანიის და ამ საარჩევნო პროცესზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის გამო მნიშვნელოვანი შეშფოთების შესახებ და მოუწოდებენ საქართველოს ცესკოსა და სხვა შესაბამის ორგანოებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
"ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ბუნდესტაგის და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ანდრეს ჰუნკო განცხადებას ავრცელებს.
"ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა სცენ. ეჭვი არ არის, რომ დიდმა უმრავლესობამ ხმა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" მისცა. როგორც ელექტრონულმა, ასევე ხელით დათვლამ, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგმა აჩვენა, რომ ხმების 54% "ქართული ოცნების" მხარესაა. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ალიანსმა "ცვლილებებისთვის" 11%-ზე ნაკლები მიიღო...
არჩევნების შედეგების არაღიარება იქნებოდა ქართველი ხალხის ნების სერიოზული იგნორირება და ამ გზით დემოკრატიული პროცესის დარღვევა," - წერს X-ის საკუთარ გვერდზე ბუნდესტაგის წევრი ანდრეს ჰუნკო.
ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, იმიტომ, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
რაზე იქნება დამოკიდებული დასავლეთის პოზიცია
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები დამოკიდებული იქნება იმაზე, რა რეაქცია ექნება დასავლეთს და რა იქნება მათი საბოლოო პოზიცია. თუმცა, საყვარელიძე ამბობს, რომ ახლა ამერიკაში მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ამიტომ მეტწილად დამოკიდებული ევროპა ამერიკის არჩევნებზეც არის.
„ახლა სულგანაბული მთელი მსოფლიო ამერიკის არჩევნებს ელოდება და ბევრი რამ, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც დამოკიდებული იქნება იქ განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ბლინკენმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ამ არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი მთავრობას შექმნის. შემდეგ სურვილი გამოჩნდა, რომ ამ პარლამენტმა უკან წაიღოს ეს კანონები და ა.შ. ეს უკვე არჩევნების აღიარებაა. რა მოხდება ამერიკაში ახალი არჩევნების შემდეგ, რთული სათქმელია. აშშ-ს ეს ხელისუფლება ჩინეთს ებრძვის. ამიტომ სალივანმა ადრეც თქვა, რომ საქართველო ჩინეთის გირაოში აღმოჩნდებაო.
„ამიტომ ამერიკამ მოუქსია ევროპა საქართველოს. ესენი ეხლა ამერიკის სამსახურში არიან, როცა ჩვენ გვიპირისპირდებიან. ამიტომ, როგორ იქნება ჩინეთთან ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება, ამაზე იქნება ჩვენი ურთიერთობაც დასავლეთთან დამოკიდებული. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის რეაქციას. თუ არ იქნება დიდი აქციები, მასობრივი პროტესტი და ა.შ. დასავლეთიდან ვერ იქნება დიდი რეაქცია. ხალხზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასევე მტკიცებულებებზე, რომელსაც ოპოზიცია წარადგენს“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დასავლეთი ასევე დამოკიდებულია ეუთო/ოდირის პოზიციაზეც. მათ დასკვნას აუცილებლად გაითვალისწინებენ. ამ ეტაპზე კი ამ ორგანიზაციების დასკვნა არ არის მწვავე და უარყოფითი. ამიტომ ოპოზიციას დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნება თუ არა მყარი.
„დასავლეთი მეტწილად ასევე დამოკიდებულია ეუთო/ოდირის დასკვნაზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო დასკვნაზე. ახლა ყველა მაინც ელის მათ დასკვნებს. ამიტომ აუცილებელია, რომ მყარი და სერიოზული მტკიცებულებები იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მხოლოდ ოპოზიციის განცახდებაზე და პრეზიდენტის ნათქვამზე დასავლეთი არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო დაუწყებს ყურებას ქართველ ხალხს, მის რეაქციას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს“,-ამბობს საყვარელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



