თამთა ჩაჩანიძე
(28.10.2024)

ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა მოქმედმა ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ. ოპოზიცია 24 საათის განმავლობაში სიების ჩახსნას ითხოვს ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა- ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა სარჩევო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს.

"ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა "ქართული ოცნების" და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო, რის შემდეგაც საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ.

„აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე და ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.

პროტესტის დაწყებამდე ოპოზიციის წარნმომადგენლები "თბილისი მარიოტში" ელჩებს შეხვდნენ. როგორც თავად განაცხადეს, დიპკორპუსის წარმომადგენლებს არჩევნებში დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორ გაგრძელდება პროტესტი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტის გაგრძელებისთვის მთავარია გაყალბებაზე მტკიცებულებები დამაჯერებელი იყოს, თუ ფაქტები დამაჯერებელი არ იქნა, ამას არა მხოლოდ ქართული საზოგადება, არამედ დაასავლეთი არ დაიჯერებს.

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არსებობს გაყალბების უტყუარი ფაქტები, თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ბრწყინვალე, რაც საზოგადოებაში აშკარად ახალ ენერგიას გამოიწვევს, რომ მართლა გაყალბებულია.

"მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არაა, საჭიროა ფაქტები ჩანდეს. როგორ ჩანს, ამას სწორედ ამ შეხვედრაზე გამოაქვეყნებენ და უკვე აქედან გამომდინარე დაგეგმავენ. თუ გაყალბება დადასტურდა, "ქართული ოცნების" არავითარი პატიება არ შეიძლება.

„მერე უკვე საჭიროა, რომ გაყალბებისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყოს, რომ ისინი უზურპატორები არიან, ძალაუფლება მიითვისეს. საჭიროა ან ხმების ხელახლა გადათვლა და სიტუაციის გამოსწორება, ან თუ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნები.

"ახლა მთავარია მტკიცებულებები დამაჯერებელი იყოს და ეს დასავლეთში ყველამ ნახოს, რადგან თუ მტკიცებულებები დამაჯერებელი არ იქნება, ამას არა მხოლოდ ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს, არამედ დასავლეთიც და შესაბამისად, იტყვიან, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩატარდაო.

"კარგია, მაგრამ პროცესები ახლა დაიწყება, ხალხის რაოდენობას მუდმივად ექნება მნიშვნელობა და არა მხოლოდ პროტესტის პირველ დღეს. რაოდენობა საკმარისია ხოლმე რამდენიც გამოდის, თვლას აზრი არ აქვს, რუსთაველის გამზირი ივსება ხოლმე და ეს საკმარისია, რათა ხალხის ნება ჩანდეს.

"ქართულ ოცნებას" ამ ტიპის ხალხის თავისმოყრა არ შეუძლია, მართლაც დიდი მობილიზაცია სჭირდებათ - ფული მისცენ და ა.შ. რომ ჩამოიყვანონ, როცა "ოცნების" მოწინააღმდეგე ძალები პირიქით, თავისი ნებით გამოდიან და თავიანთი სახსრებით ჩამოდიან",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველ და მეორე ადგილზე მყოფ ძალებს შორის 40%-იანი რეიტინგული სხვაობაა, რა მასშტაბის გაყალბებაც, მისი თქმით, შეუძლებელია.

"ვსვამ კითხვას - რის გამოა პროტესტი? იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარეს? გამიგია ხმების 10 და მაქსიმუმ 20% გაყალბება, მაგრამ 40% გაგიგიათ? პირველ და მეორე ადგილზე მოფ პარტიებს შორის 40%-ია სხვაობაა.

„ეს ხომ სიყალბეა თავად მათი მხრიდან, ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდაო? "სამართლიანმა არჩევნებმა" თქვა, რომ ჩვენი დათვლისა და აპარატების შედეგები ერთმანეთს დაემთხვაო. თავად გვარამია, პრეზიდენტი და სხვა ოპოზიციონერები არ იძახდნენ, რომ ისეთი აპარატებია, ამისგან გაყალბება და მანიპულაცია გამორიცხულიაო?

"აქედან ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, ამათ პატრონებისგან აქვთ დავალება. ან მეორე ამბავია, ვინც ამათ აფინანსებს, მათ წინაშე უნდათ თავის გამოჩენა, რომ შეჭმული ფულები გაათეთღონ. მათ უკვე მრევლი ჰყავთ, რომლებსაც აბოლებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

"მინდა გაბრიყვებულ ადამიანებს მივმართო, ესენი ყოველგვარ უბედურებაზე წამსვლელები არიან, ოღონდაც მათი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. პოლიტიკური ამბიციებიც იმდენად არა, რამდენადაც შემოსავლები გაიმდიდრონ. წმინდა წყლის აფერისტები არიან, მათ უცხოეთში ბინებიც აქვთ და პატრონებიც, გაბრიყვებულ ხალხს აქ დატოვებენ და შემდეგ თავად დარჩენილ ცხოვრებას უცხოეთში იცხოვრებენ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები

"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტში არ შევა და "ოცნების" არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს". ის ორშაბათის პროტესტს შეუერთდა.

"ეს არის ის ძირითადი და წინა ხაზი, სადაც დღეს მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის გადარჩენისთვის და ჩვენ აქ ვიბრძვით 24 საათის განმავლობაში.

"საპროტესტო აქციაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამყარდეს და რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც",- განაცხადა გახარიამ.

შედეგებს არ აღიარებს და პოროტესტს შეუერთდნენ "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველოსთვის" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". პროტესტამდე ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.

„მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია [შეხვედრა] ერთი საათით ადრე დიდი აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შესახვედრად მივიდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

"არჩევნები მიტაცებულია რუსულ სტილში და ამას ქართველი ხალხი არავის აპატებს. ამას გაყალბება არ ჰქვია, ამას ჰქვია სისტემური მიტაცება და ძალიან ბევრი დაღღვევის ფაქტია, რის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით მეგობრებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ეს „ქართული ოცნება" ვერ იქნება, აგერ ნახავთ", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა.

"ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური - პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

"ამ მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასევე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა.

"ოპოზიცია როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!

"ერთადერთი რაც მათმა ქმედებამ შეიძლება მოიტანოს არის კვლავ მღელვარება, ძალადობა, რაც ბევრჯერ ვნახეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე