
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ აღიარა და უწყვეტი პროტესტი დაანონსა. ამის პარალელურად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ბევრი რამ არის გამოსაკვლევი". შედეგები მანამდე არ აღიარა ოპოზიციამ. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ "ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითი იყო" და ოპონენტებს ეს "არ მოეწონათ".
საკითხზე, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ანალიტიკოსები უწყვეტ პროტრესტს ელოდებიან, თუმცა განსხვავებული სცენარებით.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საიდანაც აქცია დაანონსა და საკუთარი პოზიცია გამოხატა არჩევნებთან დაკავშირებით.
„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების "ტოტალურად გაყალბება" მოხდა.
"ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა... ჩატარდა რუსული არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი".
ამ საკითხს კი, 28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლინ კობახიძე გამოეხმაურა, მისი თქმით, მთავრობის ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დადებითი ანგარიში არ მოეწონათ.
„რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, მთავარი მისია სწორედ ეუთო/ოდირის მისია გახდა.
"ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები უკმაყოფილო გახდნენ იმ შეფასებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა გააკეთა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხებათ, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია.
ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გამოვიდნენ და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ. ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასებებით", - განაცხადა კობახიძემ.
როგორ გაგრძელდება პროცესები
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ არჩევნების არაღიარება ერთის მხრივ ლეგიტიმურობის საკითხს ეჭქვეშ რეალურად აყენებს, თუმცა ამის პარალელურად "ოცნება" თავის საქმიანობას აგრძელებს.
ანალიტიკოსის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, აქციების პარალელურად, დასავლეთ რა ნაბიჯებს გადადგამს.
"პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ იყოს ამ პროცესში პარტიებს შორის კოორდინატორი და ლიდერი. არჩევნების არაღიარება ერთის მხრივ ლეგიტიმურობის საკითხს რეალურად სვამს ეჭვქვეშ, თუმცა მეორეა დე ფაქტო ვითარება როგორია, "ქართული ოცნება" თავის საქმიანობას მაინც გააგრძელებს, თუ ამას შეიძლება საქმიანობა დავარქვათ.
"აქვე არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლება იზოლაციაში მოექცეს - არც საერთაშორისო ფორუმებზე მიიწვიონ და დე ფაქტოდ კონტაქტი გაწყვიტონ, თუნდაც იგივე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
პრეზიდენტი არჩევნებს არ აღიარებს და შესაბამისად, პარლამენტის პირველ სხდომასაც არ გახსნის, რომელიც არჩევნებიდან ათი დღის ვადაში უნდა გაიმართოს. კოსნტიტუციით განსაზღვრულია, რომ სხდომა პრეზიდენტმა უნდა გახსნას. პრემიერი კი აცხადებს, რომ სხდომას პარლამენტის თვამჯდომარე გახსნის, მაგრამ ეს კონსტიტუციის დარღვევა გამოდის.
"ახლა მთავარია ოპოზიციური პარტიების პოზიციები, შევლენ თუ არა პარლამენტში. თუ "ოცნებამ" მარტომ მაინც გახსნა სხდომა ერთპარტიულად, უკვე დე ფაქტო პარლამენტი გამოდის და დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება, ალბათ იგივე ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავდება სანქციები.
დასავლეთი ცდილობდა "ოცნებისთვის" ბოლო შანსი მიეცა, რომ ყველაფერი სამართლიანად და მშვიდობიანად მოგვარებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ ხერხდება, შესაძლოა კონკრეტული სანქციები იყოს.
"აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება, თუმცა დასავლეთის მხრიდან ძალისხმევაცაა საჭირო და ზეწოლის განხორციელება. აქციები მანამდეც იყო, მათ შორის 200 ათასიანი, მაგრამ ისე მოხდა, რომ "ოცნებამ" კანონი მაინც მიიღო. ახლა შესაძლოა გადამწყვეტი როლი სანქციებმა ითამაშოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, პრეზიდენტის მიერ არჩევნების არაღიარებით, ის "ოცნებას" სამაგიეროს უხდის იმპიჩმენტის საკითხზე.
"თავის დროზე, ხელისუფლებამ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი დაიწყო, ახლა ამან არ აღიარა და რუსული არჩევნები მოაწყეთო. ახლა ამ დონის ბრძოლა მიდის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასა შორის. ასეთი ბრალდებების ფონზე, პრეზიდენტმა მსაჯულის სტატუსი დაკარგა.
"საკმარისია ეთქვა, რომ შემთხვევები პროცედურულად უნდა გადამოწმდესო, ამაში ვერავინ ვერ შეეკამათებოდა, რადგან უცხოელებიც გადამოწმებას და გამოძიებას ითხოვენ. ამის მერე შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკი - ეს რუსულია, ფრანგული თუ გერმანული. თან, როცა განსხვავება 40%-ითაა, იქ ასეთი განცხადებები მით უფრო შეუფერებელია.
"არ ველოდები პროცესების დიდად ენერგიულ განვითარებას, რადგან ყველა ენერგიულ საფუძველს იმის რწმენა სჭირდება, რომ მართალია. ყველა ომს, ერისკაცებისთვის სამართლიანობის განცდა სჭირდება, რომ იომონ. მეეჭვება, რომ საქართველოში სამართლიანობის განცდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც შესაძლოა პრეზიდენტის გვერდით დადგეს.
"შესაძლოა ჰქონდეთ განცდა, რომ არ უნდათ "ოცნება" და უნდათ რაიმე სხვა, მაგრამ სამართლიანობის განცდა იმაზე, რომ ეს რუსული არჩევნები იყო და ა.შ. მეეჭვება.
ამასთან, უცხოური "ნავთის" მოსხმის გარეშე, ეს "ცეცხლი" არ გაღვივდება. თავისთავად ეს საპროტესტო აქცია მემგონი მაინც უფრო მათ დასანახადაა, ვინც ოპოზიციას მხარს უჭერდა, გინდ მოქალაქეები და გინდ დონორები. ოპოზიციისთვის საერთოდ მხარდამჭერები შესანარჩუნებელია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



