
26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, რომელიც უჩვეულოდ მშვიდი იყო, უშუალოდ არჩევნების დღე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. რამდენიმე საარჩვენო უბანზე სხვადასხვა სახის დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისი, სამეგრელო, მარნეული.
თბილისში ყველაზე კონფლიქტური რაიონი ისანი-სამგორი და გლდანი იყო. ამ რაიონებში დღის განმავლობაში სიტუაცია რმდენჯერმე დაიძაბა. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კარგად ორგანიზებული კონკრეტული ჯგუფები ცდილობდნენ დღის განმავლობაში დებოში და პორვოკაციები მოეწყოთ იმ უბნებში, სადაც ოპოზიციური მედია იმყოფებოდა. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სიტუაცია, თითქოს არჩევნები დაპირისპირების ფნზე მიდიოდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ ირგანიზებული ე.წ. ტიტუშკები და „ძველი ბიჭები“ ოპოზიციის დამკვირვებლებსა და მხადამჭერებზე ძალადობდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
დაპირისპირება იყო „ნაციოანლური მოძრაობის“ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ისანი-სამგორი
ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში - 56-ე საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე მყოფი დამკვირვებლები ყვებიან, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოოდნენ ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც თავს დამკვირვებლებად ასაღებენ.
გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე კაცი ხელკეტებით გადადგილდება.
20-ზე მეტი პიერი მანქანებს ფეხს ურტყამდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ავარია მოხდა.
ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
დაპირისპირება იყო ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელები კი ადგილიდან მიიმალნენ.
300 არაგველის ტერიტორიაზე, N 9 საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოქალაქეების ჯგუფი დახვდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორებაც.
სამას არაგველზე იყო მისული „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსის თქმით, „ოცნებამ“ სუს-ის „ნასედკები“ აამოქმედა:
„პირდაპირ უნდა ვთქვა, ბოდიში - ბოზები დგანან, „ნასედკები“, პოლიციასთან და სუს-თან ერთად, ვითომ „დაგრეხილი“ ძველი ბიჭები. არც იქ, თავის ცხოვრებაში არ უქნია ეს ხალხი. 200 ლარსა და წამალზე, ოჯახშიც რომ არ უყვართ, მათ მეუღლეებს ერთი სული რომ აქვთ, რომ „გაეთრიონ“ სახლიდან, ასეთი ხალხია/ წარმოუდგენელია. ქალებს აყენებენ შეურაცხყოფას. მაგალითად, როგორ ელაპარაკებიან გოგონას, არც ზრდილობა აქვთ, არც კულტურა, „ძველბიჭობაც“ არ იციან. ამ „ძველ ბიჭებსა“ და კრიმინალებს თავისი გასჭირვებიათ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. თუ მართლა „ძველი ბიჭია“, ის არ ეუზრდელება გოგონას, არ გაეკიდება შუშის ბოთლით, მაგდენი მაინც ესმით, მაგრამ ესენი არიან „ნასედკები“, სუს-ისა და პოლიციის მიერ დაქირავებული.
„მოვედით ახლა ადგილზე. სად არიან? გაქრნენ, გაიქცნენ. პოლიციასთან ერთად მოძრაობენ, კრიმინალები არ არიან, ნუ დავუძახებთ. მათ ის დაუძახეთ, რაც დასაწყისში ვთქვი“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი ამბობს, რომ მას „ოცნების“ აგიტატორებმა შუშის ბოთლიც კი ესროლეს.
„ბოლო 1.5 საათის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომლებიც მიდიან და ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, იმის მიუხედავად, თუ ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები“, - ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ ადგილებზე ხდება, სადაც „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფებია მობილიზებული.
„არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“. მაგალითად, ბოლო 1.5 საათის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტი ადამიანიცაა, რომლებიც მიდიან და ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფებს, იმის მიუხედავად, თუ ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები.
„მათ შორის, განსაკუთრებით ხდება იმ ადგილებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს დამთხვევაა? განა რამდენი გადამღები ჯგუფი ჰყავს ამ ტელევიზიას, მაინცდამაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს - ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ა.შ.
„მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას - და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერებისა და ტელეზონდერების მონაწილეობით - „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან, პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ - ამას ამბობს „ტვ პირველი“, ამით ყველაფერია ნათქვამი.
„მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ხანდახან პასუხებს იღებენ და თურმე, ლეგიმიტაციის პრობლემაა, მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
დაპირისპირება გლდანში
გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირება დამკვირვებლებს შორის დაიწყო.
დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შაკო კუჭაშვილი იყო. მისი განცხადებით, უბანთან უბეიჯო ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა.
„კანონის თანახმად არ აქვთ უფლება, საარჩევნო უბანთან 150 მეტრის რადიუსზე იყოს უბეიჯო ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მივუთითე მას და მოვუწოდე დაეტოვებინა ტერიტორია, რაზეც არ დამთანხმდა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი“, - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.
დაპირისპირებაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ერთ-ერთი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე იყო.
დაპირისპირება მარნეულში
მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული კომისიის ერთ-ერთი წევრია, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
კომისიის წევრს ჩხუბის შედეგად დაზიანებები არ მიუღია, ის კონფლიქტის ფონზე გახდა შეუძლოდ. ექიმების განცხადებით, მას მაღალი წნევა და სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა აუცილებელი.
უბანზე დაპირისპირება მარკირების პროცესში სავარაუდო დარღვევის შემთხვევის გამო დაიწყო. „საია“-ს წარმომადგენლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მარკირების პროცესში დარღვევას. საპირისპიროს ამტკიცებს უბნის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრები.
დაპირისპირება ზუგდიდში
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე პარტია „ახალისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, უბნის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შემთხვევის შედეგად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაალ შამუგიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია.
დაპირისპირება კახეთის გზატკეცილზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოქალაქეები ერთმანეთს კახეთის გზატკეცილზე, პირდაპირ საავტომობილო გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ოფისში უცნობი პირები მივარდნენ, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



