ელზა პაპოშვილი
(25.10.2024)

არჩევნებამდე ერთი  დღით ადრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები მძიმდება. მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე და გუშინდელი შეკრების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ელოდება. სწორედ სოციოლოგიური გამოკითხვებიდან გამომდინარე ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს აანონსებენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც კოალიციური მთავრობის გეგმას სახავენ და ე.წ. ტექნიკური მთავრობის გარშემო პრეზიდენტთან კონსულტაციებს აწარმოებენ. 

ორივე მხარე მთლიანად პროპორციული სისტემით ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტად აცხადებს და ამომრჩევლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება კი ოპოზიციას პირიქით, შანტაჟში, მუქარაში, მოსყიდვაში ოპოზიციას აქეთ ადანაშაულებს. 

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გააცნო. დოკუმენტი 1-ელი ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოვლენილი დარღვევებია: ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.   

„უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 

„საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ - უკრაინას შორის, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს.

ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიცია კი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც მათი პარტიის მიერ შეგროვდა.

„ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეგროვდა ჩვენი პარტიის მიერ და იმ დარღვევებისა და იმ პროცესის შესახებ, თუ როგორია წინასაარჩევნო გარემო. მთავარია, მათი მისია და მათი პოზიცია, ობიექტურად გააშუქონ ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს, რაც მთავარია, და არჩევნების დასრულების შემდეგ დათვლის პროცესი, რა დროსაც მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება მცდელობები საბოლოო შედეგების მანიპულაციის,“ - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების კითხვები, ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია საკუთარი ხმების დაცვას.

„მათი ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას, რამდენად არიან ჩართულები ხმების დაცვაში და როგორ შეიძლება ისინი დაეხმარონ პროცესს. ცხადია, ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი,“ - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.   

ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება - მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა, - ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

მისი განცხადებით, „რადიკალებმა“ არც კი უნდა გაიფიქრონ ცესკოს ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმა, ვინაიდან, მათ ვერავის შეშფოთება და აღშფოთება ვერ უშველით.

„ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება - მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა.

„უცხოეთიდან წაქეზებულმა ნაცრადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა. ვერანაირი შეშფოთება-აღშფოთების უსტარები არ უშველით კანონდამრღვევებს, ცხელთავიან ექსტრემისტებს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მიხედვით:

„ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ან არაერთგზის ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

„რაც შეეხება 330-ე მუხლის მოქმედების არეალს, „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით,“ – ამბობს გია აბაშიძე.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე