ნატალია ჯვარიძე
(25.10.2024)

რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პრემიერი ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ ამის საშიშიროება არ არსებობს. ანალისტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.

„რუსეთი საქართველოს არჩევნებში რომ დიდიხანია ერევა, ამის მანიშნებელია „ქართული ოცნების" მიერ ბოლოს მიღებული კანონები", - განაცხადა „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალისტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.

ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ამის არანაირი ეჭვი არ არსებობს. „თუკი რუსეთი საქართველოს და სხვა დიდი ქვეყნების არჩევნებში ერევა, გამოდის, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ამის არანაირი ეჭვი და საფუძველი არ არსებობს".

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთს ამის შესაძლებლობა არც აქვს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და არც მგონია, ამ ქვეყნებში სიტუაციის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს", - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ რეაგირებს კრემლი ბრალდებებზე, რომ რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსეთს საქართველოში გავლენა არა აქვს.

რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე. "შემიძლია ვთქვა, რომ მას არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკა ჩიტაძის აზრით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები და ბოლოს მიღებული კანონები, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს საქმეებში ერევა.

„რუსეთი გავლენას უკვე ახდენს. რა თქმა უნდა, ეს „რუსული კანონი" და ლგბტ-ების შესახებ კანონიც ამის დასტურია. გარდა ამისა, ჩარევაზე მიანიშნებს ის პროპაგანდა, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს. ასევე „ოცნების" მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველომ 2008 წელს უცხო ძალების წაქეზებით ომი დაიწყო და აქ რუსეთი საერთოდ არაა ნახსენები. ამასთან, გასახსენებელია „ოცნების" მიერ იმ ადამიანებზე მუქარაც, ვინც ოპოზიციას მისცემს ხმას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსული ნარატივია. ბიძინა ივანიშვილი იქიდან იღებს ინსტრუქციას და რუსული, ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს. ისინი დაშინების გზით ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას, განსაკუთრებით ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს შორის. ასე რომ, რუსეთი ამ ფორმით დიდი ხნის განმალობაში ერევა საქართველოს არჩევნებში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის, რომ რუსეთი აქაურ არჩევნებში ერევა. თუ ის ამერიკის, საფრანგეთის ან სხვა ქვეყნის არჩევნებში ერევა, როგორც იძახიან, მაშინ ამ ლოგიკით გამოდის, რომ მსოფლიოში მასზე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს. ეს არის ლიბერალ-ფაშისტების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები. რუსეთი რაც არის და რაც სჭირს, ის ეყოფა.

"მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას არჩევნები პირწმინდათ წაგებული აქვს. ასევე, წაგებული აქვთ მათ გარე პატრონებს ვაშინტონიდან და ბრიუსელიდან. ამიტომ რა უნდათ ახლა? მათი სურვილია აქ სიტუაციის არევა და ეს ნარატივი დაიწყეს, რომ ვითომ რუსეთი ერევა არჩევნებში. ეს ოპოზიცია მისი პატრონები არ იყვნენ, როცა იძახდნენ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელიაო? ახლა საქმე, იცით, რაშია? ქართული ანდაზაა "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო", ანალოგიური სიტუაციაა. აბსოლუტურ სიცრუეებს იძახიან იმისათვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტრორატი მოთმინებიდან გამოიყვანონ, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დავსვა, 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ გამოყვანილი იყო ის 300 ათასამდე კაცი? პუტინმა და პესკოვმა გამოიყვანეს? ბაწრები ჰქონდათ მობმული და ისე მოათრევდნენ თუ რაშია საქმე? სირცხვილია ბოლოსდაბოლოს.

"კარგად ჩანს, რომ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში დღეები აქვს დათვლილი და არა მხოლოდ საქართველოში, მათ შორის ამერიკაში და მთელს მსოფლიოში. დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან ერთად ისინი დასრულდებიან და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებიან. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინი ნომერი პირველი პოლიტიკოსი გახდა მსოფლიოში და ვინ გახადა თუ არა ლიბერალ ფაშისტებმა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე