თამთა ჩაჩანიძე
(25.10.2024)

26 ოქტომბერს კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული სისტემით, ხოლო 10% ძველი მეთოდით დააფიქსირებს. ელექტრონული არჩევნები მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს და ამ ნაწილში მოსახლეობას 22:00 საათისთვის ეცოდინება შედეგები - შეიძლება უფრო ადრეც.

„როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, ამის შემდეგ რაღაც წუთებია საჭირო იმისთვის, რომ უბანზე კენჭისყრის შედეგი მივიღოთ... ამ პროცესს კი წესით, საათი-საათნახევარზე მეტი არ უნდა დასჭირდეს" ,- აცხადებს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე.

ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გაიგზავნება ცესკოში, ამით კი მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1- 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გაეცნობა პირველადი წინასწარი მონაცემები. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო უბანზე სწორედ ხელით დათვლის შემდეგ შედგება. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი იგზავნება ცესკოში პლანშეტის გამოყენებით, ოქმი კი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც კი უბნები დაიხურება, ელექტრონული არჩევნების პირობებში წუთებია საჭირო და შესაძლოა, 22:00 საათზე ადრეც გახდეს ცნობილი წინასწარი შედეგები.

„ელექტრონული წესით არჩევნები დაახლოებით 75% საარჩევნო უბანზე ტარდება, ოღონდ ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 90%-ია. ელექტრონული წესით ხმები საკმაოდ სწრაფად ითვლება იმ მომენტიდან, როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას. ეს შესაძლოა მოხდეს რვა საათამდე, რვა საათზე, ან ამის შემდეგ, რადგან თუ რვა საათისთვის ამომრჩეველთა რიგი დიდი იქნა, მაშინ ამ დროისთვის მისულ ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მისცეს ხმა და მხოლოდ ამის მერე დაიხურება უბანი.

„როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, ამის შემდეგ რაღაც წუთებია საჭირო იმისთვის, რომ უბანზე კენჭისყრის შედეგი მივიღოთ, ეს შედეგი ამოიბეჭდება, გამოიკვრება და ამის შემდეგ, მანქანის მიერ დათვლილი შედგი, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადააგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ კი უბნიდან მიღებული შედეგები ცესკო-ში უნდა გადააგზავნოს, ცესკო-მ კი თავის ვებ გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. ამ პროცესს კი წესით, საათი-საათნახევარზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.

„10% ძველებური წესით მისცემს ხმას, ამიტომ ბუნებრივია, რომ იქ ასე სწრაფად ვერ დაითვლება შედეგები. თუმცა, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით იმართება, სანამ შედეგები უბნიდან საოლქო კომისიაში გადაიგზავნება, მანამდე უნდა გახსნან ყუთები და ხელით უნდა გადათვალონ მასში არსებული ბიულეტენები, იურიდიული ძალა ხელით გადათვლის შედეგს აქვს. როგორც წესი, ხელით გადათვლის შედეგი, თუკი წესიერად იქნა დათვლილი, ან არ უნდა განსხვავდებოდეს მანქანის მიერ დათვლილი შედეგისგან, ან შეიძლება უმნიშვნელო განსხვავება იყოს იმის გამო, რომ ვთქვათ მანქანამ სადღაც რაღაცა ვერ გაარჩია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს თითო-ოროლა.

„როცა ხელით უკვე გადაითვლება, მერე შემაჯამებელი ოქმი დაიწერება, ამას კენჭს უყრის საუბნო სააჩეევნო კომისია, დაამტკიცებს ოქმს და შემდგომ ეს ოქმი ბიულეტენებთან ერთად საოლქო სააღჩევნო კომისიაში მიიტანენ.

„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, გეზიტპოლის ჩატარება ნებისმიერ კვლევით ორგანიზაციას შეუძლია, ვინც მსგავს რამეს ატარებს ხოლმე. კვლევა და კითხვაზე პასუხის გაცემა - ვის მიეცით ხმა, ეს დილის რვიდან, საღამოს რვამდე იმართება. ამას უფრო ადრე, სადღაც შვიდი საათისკენ ამთავრებენ, შემდგომ შეაჯამებენ და როგორც კი უბნები დაიხურება, ამის შემდეგ ეგზიტპოლის შემდგენ ორგანიზაციებს უკვე უფლება ეძლევათ გამოაქვეყნონ ეგზიტპოლის შედეგები. ეს საზოგადოებისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იძლევა საკმაოდ კარგ შესაძლებლობას დაინახონ მოსალოდნელი შედეგი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე