
არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გაზრდილი მოთხოვნის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ბილეთები დეფიციტურია. ავტოსადგურები მგზავრებით არის გადავსებული. სწორედ ამიტომ „პლატფორმა 26-ის" გარშემო გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ტრანსპორტის მობილიზება დაიწყეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იქნება, რადგან ქვეყანა სერიოზული არჩევანის წინაშე დგას.
„საზოგადოების სერიოზული აქტიურობაა. შეიძლება სხვა ქვეყნებში ხდება, მაგრამ მე საქართველოში მხოლოდ 9 აპრილს მახსენდება. ამხელა სოლიდურობა სპორტზე გვინახავს, თუმცა პოლიტიკურ საფუძველზე იმ ერთი შემთხვევის გარდა არ ყოფილა", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხადამჭერების აქტიურობა მაღალი იქნება.
„ვფიქრობ, აქტივობა საკმაოდ მაღალი იქნება და ეს დღის საათებში უკვე აშკარად გამოჩნდება. იაქტიურებენ, როგორც „ქართული ოცნების" მხადამჭერები, ასევე ოპოზიციის გულშემატკივრებიც".
„პლატფორმა 26-ის" მიერ ორგანიზებული პირველი რეისები რესპუბლიკის მოედნიდან რეგიონების მიმართულებით სრულიად უსასყიდლოდ დღესვე გავიდა. სხვა მოქალაქეები კი იმ ადამიანებს სთავაზობენ საკუთარი ავტომობილით წაყვანას, ვისი რეგისტრაციის მისამართიც რეგიონშია. როგორც პლატფორმის დამფუძნებლები ამბობენ, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იმისთვის, რომ მოქალაქეებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახუროს, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ, რომელიც „პლატფორმა 26-ის" „ფეისბუკ" ჯგუფშია. ამის შემდეგ მათ ორგანიზატორები დაუკავშირდებიან და მათთვის სასურველ დროს შეძლებენ მოქალაქეების განაწილებას. ამასთან, აღნიშნულ ჯგუფში მეორე სარეგისტრაციო ფორმაც დევს, რომელიც მოხალისე მძღოლებისთვისაა.
აღასანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ზუსტად იგივე ფორმით მოემსახურება საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, რომლებიც საარჩევნო უბნამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
„მარტო 1000-ზე მეტი ადამიანი დღეს წავა რეგიონებში, რათა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. ძალიან მაგარი განწყობაა. წარმოუდგენელია, მთელი ღამე გავათენეთ იმდენი ადამიანია მსურველი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ისე", - განაცხადა „პლატფორმა 26-ის" დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საბოლოოდ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა კარგად იმუშავა.
„ფანტასტიკური რაღაც ხდება. პირველივე არჩევნებიდან მოყოლებული ჩართული ვარ, მე თვითონ ვმონაწილეობდი, როგორც კანდიდატი, დამკვირვებელიც ვიყავი და ხმასაც ვაძლევდი და ეს არასდროს მინახავს. ვინმეს, რომ მოეყოლა ხალხის ასეთი სოლიდარულულობაზე, რათა ერთი ხმაც არ დაიკარგოს, არ დავიჯერებდი. ამხელა მობილიზებას და ჩართულობას ნამდვილად არ ველოდი. რა თქმა უნდა, ყველა ეს ხალხი ევროპის მომხრეა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგია. რასაკვირველია, ეს იმის ნიშანია, რომ აბსოლუტურად ყველას კარგად ესმის, რას კარგავს ქვეყანა და თვითონ კონკრეტული ადამიანი, თუკი „ოცნება" დარჩება. საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ კარგად იმუშავა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და სამოქალაქო სექტორმა. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ასე გამწარებულია და აგენტებად თვლის, ფაქტია, რომ საზოგადოებამ აგენტობაზე არ დაჯერა.
„ქართული ოცნება" ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ რომც შეინარჩუნოს მათ წინააღმდეგ განაჩენია უკვე გამოტანილი. ეს უკვე აგონიად დაწყებული მარცხი იქნება, ამიტომ ჯობს გონს მოეგონ და ხვალ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად ჩაატარონ. მაშინ შეიძლება ჰქონდეთ იმედი, რომ მათ მიმართ განაჩენი მკაცრი არ იქნება და საზოგადოება სახლებში მშვიდად გაუშვებს. ჩემი აზრით, ეს საზოგადოების მკაფიო შეტყობინებაა, რომ მათ ცვლილებები სურთ. ეს კი ცალსახად ევროპის სასარგებლოდ უნდა იყოს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
გია აბაშიძე კი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ კანონდარღვევებს ჰქონდეს ადგილი.
„ოცნების" ელექტრორატის ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი გააღიზიანეს დასავლეთიდან წამოსულმა დირექტივებმა, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა და თუ მხარს ე.წ. პროევრუპულ ოპოზიციას არ დაუჭერენ, ქვეყანას რაღაც პრობლემები შეექმნება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ევროკავშირის წარმომადგენელი იტყვის ამას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინმე თუ სხვა. შესაბამისად, ჩვენ ხვალ აქტივობის მაღალ მაჩვენებელს ვნახავთ. ასევე, დიდი ალბათობით რადიკალების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს ექნება ადგილი. სავარაუდოდ, ხელოვნურად შექმნიან დაძაბულების კერებს საარჩევნო უბნებთან, შესაძლოა ყუთების დაზიანებაც იყოს, ან გატაცების მცდელობა, საარჩვნო უბნების თანამშრომლებზე ბულინგი და ა.შ. მე იმ სცენარის გამეორებასაც არ გამოვრიცხავ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან ზოგიერთმა თქვას, რომ რაღაც უკანონობას ავალებდნენ, მოკლედ შეთითხნული ბრალდება წამოუყენონ ცესკოს. ეს სიახლე არ იქნება, რადგან წინა არჩევნებზეც ხდებოდა.
ძალიან კარგია, რომ ბევრი დამკვირვებელია, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, მაგრამ ამ სადამკვირებლო ორგანიზაციებში რადიკალების მხარდამჭერი ის ცნობილი ადამიანებიც არიან, რომლებმაც საერთოდ არ იციან რა არის საარჩევნო კოდექსი. უბრალოდ რაღაც ტრენდულია, რომ დამკვირვებლად დაფიქსირდნენ. ასეთმა უცოდინარმა ხალხმა შესაძლოა საარჩევნო პროცესისას გარკვეული სირთულეები შექმნან, შემდეგ ხმების შეჯამებისას და ა.შ. ამ უპრეცედენტო შემოტევების მიუხედავად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები აუცილებლად შედგება და ის შედეგიც დაიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ეს თავად დასავლელი აქტორების გამო ხდება და არჩევნების დადასტურების შემდეგ მათ მოუწევთ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან დიალოგი და კომუნიკაცია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



