ნატალია ჯვარიძე
(24.10.2024)

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ფინანსთა საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამერიკულ კომპანიების და მათი თანამშრომლების სახლების ჩხრეკის ბრძანება გასცა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება და თაღლითობა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების მცდელობაა.

ხუთშაბათს დილიდან პოლიციამ 5 ლოკაცია გაჩხრიკა, მათ შორის ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს" ოფისი. ასევე, ფინანსური პოლიცია შევიდა მისი თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში.

„ეგრევე ჩამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ გადავიდნენ სახლის ჩხრეკაზე. თქვეს, რომ ეძებდნენ დოკუმენტაციას და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში იქნებოდა საინტერესო. ახსენეს ორგანიზაცია სადაც მე ვმუშაობ, ეს არის „ატლანტიკური საბჭო" - ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ვიკვლევ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში", - ამბობს ბუზიაშვილი.

მანამდე ჩხრეკა იყო „ატლანტიკური საბჭოს" კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას საცხოვრებელ სახლშიც. სოფო გელევა პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის მეუღლეა და თავდაპირველად ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ სწორედ ნონიაშვილმა გაავრცელა. გელავას სახლიდან სამართალდამცველებმა წაიღეს ტექნიკა, ლეპტოპები, პირადი მობილური ტელეფონი და გელავასა და ნონიაშვილის 12 წლის შვილის სასკოლო ლეპტოპი.

ოჯახის ადვოკატს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს - თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. საქმე ეხება ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას- „ევროფასთ ინტერნეიშენალს". სოფო გელავა ამბობს, რომ მას უშუალო კავშირი დასახელებულ კომპანიასთან არ აქვს:

„მე ვმუშაობ „ატლანტიკურ საბჭოში" და ვიკვლევ სახელისუფლებო და პრორუსულ ჩარევებს საქართველოში და დეზინფორმაციას. დეტალები არ მოუწოდებიათ, წაიღეს ლეპტოპი და ტელეფონი , ასევე ჩემი მეუღლის ლეპტოპი", - ამბობს სოფო გელავა.

ასევე, ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩაზე, ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სახლიდან ამოღებულია მობილური, პლანშეტი და პერსონალური კომპიუტერი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ეჭვის საფუძველზე ჩაატარეს, რომლის თანახმადაც, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ე.წ. „ქოლცენტრების" საქმეშია ჩართული.

ოჯახი ე.წ. „ქოლცენტრებთან" კავშირს უარყოფს და საგამოძიებო მოქმედებებს მათ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებს. ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინებას ცდილობს და რომ ის მზადაა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

„დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიდიოდა ჩხრეკა. ამოიღეს მამაჩემის ტელეფონი, ძველისძველი პლანშეტი, ერთი კომპიუტერი მამაჩემის, ჩემი კომპიუტერი, ლეპტოპი და მონიტორი. რამდენიმე კომპანია მაქვს: ერთი განათლების სფეროში, დიდი ხანია განათლების სფეროში ვარ, რაღაც ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტებით და მეორე პროგრამული უზრუნველყოფა შესყიდვების სფეროში. არაფერი, აბსოლუტურად ახლოსაც კი არაფერი არ ვიცი ე.წ ქოლცენტრებზე," - აცხადებს ვალერი ტყეშელაშვილი.

ამასთან, საგამოძიებო მოქმედებები ამერიკულ კომპანია „კონცეტრიქსშიც" მიმდინარეობდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიის ოფისში დილის 9 საათზე შევიდნენ. როგორც „კონცეტრიქსის" წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მომსახურებას ხარისხის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიების საკითხში უწევს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებზე გაავრცელა ინფორმაცია.

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების" საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან".

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

რას ამბობენ „ოცნებაში"

„დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს", - ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძე დილიდან დაწყებულ ჩხრეკას.

ვიცე -პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავების პრეროგატივაა, გაარკვიონ, რა ხდება „კონცენტრიქსთან" დაკავშირებით.

„კონცენტრიქს ჯორჯია" არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ბიზნესის „აუტსორსის" სექტორში. დაგეთანხმებით, „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მხრივ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ბუნებრივია დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რას ფიქრობს ოპოზიცია

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება. ნაცვლიშვილი მკვლევრებს სოლიდარობას უცხადებს. ის , ასევე, იხსენებს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ „ავტოკრატიის ბოლო ჟამს" ახასიათებს.

„ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი სანდო, დასავლური ორგანიზაციის ბაზაზე იკვლევდნენ რუსულ გავლენებს საქართველოში და წლები ამხელდნენ რუსულ კვალს ორგანიზებული ყალბი ნარატივების უკან, სოციალური ქსელებში და არამარტო! მმართველი პარტია რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ურცხვად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და დაუფარავად ცდილობს, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობებზე. სწორედ ამგვარი ფაქტების მხილებაში ჩართულ პირებს შეუცვივდნენ დღეს სახლში და ამოიღეს მათი სამუშაო მოწყობილობები. ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, როდესაც ოლიგარქიულ ბანდას მოვაშორებთ მმართველობის სადავეებს. გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამასთან, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ეხმაურება და „ტვიტერზე" წერს: „ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ. ორივე (ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა) ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ", - წერს კელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე