თამთა ჩაჩანიძე
(24.10.2024)

გადამწყვეტ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, სოციოლოგიურმა კომპანიებმაც ტრადიციულად ბოლო წინასაარჩევნო კვლევები გამოაქვეყნეს, სადაც კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს 3-5 ძალა ლახავს. საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 ოქტომბრამდე და მათი შეფასებით, მეტ ნაკლებად ასახავს, რა განწყობა აქვს ხალხს. თავის მხრივ საკუთარი მოსაზებები აქვთ რეიტინგებზე ანალიტიკოსებს.

ბრიტანულმა კომპანია „სავანტამ" ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%

კოალიცია ცვლილებისთვის - 19%

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16%

ძლიერი საქართველო - 9%

გახარია - საქართველოსთვის - 8%

გირჩი - 3%

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%

სხვა - 5%.

ეს გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 1520 ადამიანი.

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით, ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით, კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა" საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%

კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%

გახარია - საქართველოსთვის - 11%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%

ლეიბორისტული პარტია - 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%

აქ კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 60.2%

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4%

კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) - 9.0%

კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 3.3 %

გახარია საქართველოსთვის - 2.9%

გირჩი - 2.8%

ლეიბორისტული პარტია - 2.0%

პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 %

სხვა პარტიები - 2.5 %

„გორბიმ" საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დემოკრატიული არჩევნების პირობებში, "ქართული ოცნება" დაახლოებით 35-40%-ს აიღებს, მას რიგითობით მოჰყვება ენმ, "ძლიერი საქართველო", "გახარია საქართველოსთვის" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამბობს, რომ ოთხივე ოპოზიციურ პარტიას ორნიშნა პროცენტის მოპოვების პოტენციალი აქვს, თუმცა კონკრეტულ მაჩვენებელზე ახლა საუბარი ძნელია.

„გორბის" კვლევა განსაკუთრებით იმ პროპაგანდის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება" ცდილობს დაამკვიდროს, რომ 60% აქვს, პარლამენტში ბრუნდება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" და რომ დანარჩენები ბორტს მიღმა არიან. თუმცაღა, რეალობა იმ მხარესაა, რომელსაც ოპოზიციური გამოკითხვები ჰქვია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი-ერთშია რეალობასთან შეხამებული, მაგრამ დაახლოებით ასეა.

„ტენდენციაც ასეთია, რომ "ოცნების" გარდა, ოთხი ოპოზიციური პარტია ლახავს ზღვარს - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო", "გახარია საქართველოსთვის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და სამი პარტია ერთპორცენტიან ზღვარზეა. აქამდე ვსაუბრობდი, რომ "ქართული ოცნება" 35%-ის ფარგლებში იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მეჩვენება, რომ 40%-მდე აიღებს. ის 60% კი, მათ იმ ვითარების შესაქმნელად სჭირდებათ. "გაღმა რომ გაედავები და გამოღმა შეგრჩებაო" - თუ 50%-ს დაიწერენ, მათთვის ესეც კარგია, მაგრამ რეალურად 35-40%-ის ფარგლებში მერყეობს მათი რეიტინგი.

„ჩემთვის პირველი და მეორე ადგილი გარკვეულია - პირველი იქნება "ქართული ოცნება", მეორე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". (ბარიერის გადალახვის პოტენციალის მქონე) დანარჩენ სამ პარტიას ერთნაირი რეიტინგი აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ენმ-ს შემდეგ იქნება "ძლიერი საქართველო", შემდეგ "გახარია საქართველოსთვის და „კოალიცია ცვლილებებისთვის". რიგითობა დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ოთხივე ოპოზიციურ პარტიას ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი ექნება, დანარჩენი როგორ გადანაწილდება ხმები, ამას არჩევნები გვიჩვენებს, მაგრამ ბოლო სამ პარტიას შორის ძალიან ცოტა სხვაობა იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიოკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა სულ სამი პარტია შვიდეს მომავალი მოწვევის პარლამენტში. მისი თქმით, პირველ ადგილზე „ოცნება" გავა და ანალიტიკოსი ფიქობს, რომ მას რეიტინგი 70%-მდე ექნება, მეორე ადგილზე ენმ გავა და მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ მესამეზე მელია-გვარამიას ერთობა გავიდეს „მინიმალური მანდატებით".

„ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას დამაჯერებლად მოიპოვებს, ვინც ამას ვერ გრძნობს და არ ესმის, პოლიტიკური რეალობიდან ჩამორჩენილია. განსაკუთრებით სხვადასხვა უცხოელ აქტორებს ვგულისხმობ, სალივანი იქნება ეს თუ ევროკავშირის რომელიმე სპიკერი, ვეტყვი, რომ შეუძლებელია პოლიტიკის განხორციელება, როცა ქართველი ხალხის განწყობებს არ იცნობენ. რა თქმა უნდა, მათ შედეგების აღიარება მოუწევთ, მაგრამ აქ მეორე მომენტია - როცა ქართველი ერის ლეგიტიმური არჩევანი დადასტურდება, საინტერესოა თავიანთ ნარატივებს და მესიჯობოსქებს როგორ შეცვლიან, ხომ მოუწევთ ხელისუფლებასათან დალაპარაკება?

„ოცნებას" 60% კი არა 70%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნება. „ნაციონალური მოძრაობა" უკვე წასული საქმეა, რაც უნდა ქნან და გააკეთონ, განსაკუთრებით მათმა საგარეო პარტნიორებმა, ეს უკვე წასული საქმეა. გასაგებია, რომ მათ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი მხარს უჭერს - ერთი მეხუთედი, თუ ერთი მესამედი, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ნორმალური-კონსტრუციული პარტია არ არსებობს და იქიდან გამომდინარე, რომ მმართველ გუნდს რაღაც ნაწილი მხარს არ უჭერს და ეს კარგია, რადგან ჩრდილოეთ კორეაში არ ვართ, ამიტომ ავტომატურად მიდის ხმები ენმ-სკენ. გორბის კვლევას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ, ყოველთვის სანდოა, მაგრამ მე საკუთარი პირადი მოსაზრება მაქვს, რომ „ნაცმოძრაობას" 15% კი არა უფრო ნაკლები პროცენტი ექნება 26 ოქტომბერს.

„მელია-გვარამიას შემთხვევაში უფრო მეტი კომედიურ ჟანრთან გვაქვს საქმე, თუ ბარიერი გადალახეს, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ პარლამენტი უკანონოა და ა.შ. ბოლოს კი ამ ე.წ. უკანონო პარლამენტში ხომ მაინც მოუწევთ შესვლა? ოღონდ ძალიან მინიმალური მანდატებით.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა ბარიერი გადალახონ, განსაკუთრებით კი ხაზარაძემ, ის საარჩევნო კამპანიებში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ ყველაზე ნაკლებ შედეგს დებს-ხოლმე. რაც შეეხება მოღალატე გახარიას, ის საერთოდ არ იწერება სერიოზულ პოლიტიკურ აქტორებში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე