
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ისევ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია, ოპოზიცია კი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.
ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის განსაკუთრებით შსს, - აცხადებს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი არის განსაკუთრებული, რომელიც აქტიურად მუშაობას საფრთხეების პრევენციაზე. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად შემდეგი დღეების განმავლობაში. რამდენიმე დღე არის დარჩენილი 26 ოქტომბრის ჩათვლით და ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის განსაკუთრებით საფრთხეების პრევენცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება და ამისათვის იქნება მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება. მშვიდი საარჩევნო გარემო არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამისთვის ჩართული იქნება მათ შორის შსს-ც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა. როგორც წითლიძემ ხუთშაბათს ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო დავალებებს მოქალაქეები არ ასრულებენ და მათი ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდება.
„დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილება არის. ისინი სანქცირებული არიან ხარებას ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ, მათი უფროსი, პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ოჯახის წევრების სიას, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ხმას არ აძლევდნენ“, - განაცხადა წითლიძემ.
ამ ინფორმაციას ხელისუფლებაში უარყოფენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ - ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ თუნდაც მცირედით კანონის ჩარჩოებიდან გადახვევა საერთოდ არაფერში სჭირდებათ.
ანალიტრიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ყველაზე მეტად სიმშვიდე ხელისუფლებას აწყობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დასავლეთისგან არის საფრთხე არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე მთავრობამ იცის, რომ ყველა მხრიდან მას აკვირდებიან, ამტომაც ყველაზე მეტად სჭირდება წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდი იყოს და მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს სიმშვიდე შეინარჩუნოს.
„ლოგიკურად ასეა, რომ მმართველ გუნდს ახლა არაფერში უნდა აწყობდეს დაპირისპირება, ფიზიკური ანგარისწორება და დაშინება. მან კარგად იცის, რომ ყველა მხრიდან გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მას არაფერი დაბრალდეს. წინასაარჩევნო გარემოსთან რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავებაა. გვახსოვს როგორი დაძაბული სიტუაცია იყო და ტემპერატურა მართლაც რომ მაღალი იყო. ახლა ფაქტია, რომ ეს არ შეიმჩნევა. არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ იმის, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას ეს ყველაზე მეტად არ აწყობს და არ ხდება გარკვეული სახის პორვოკაციების მოწყობა. ოპოზიცია კი ნაკლებად არის-ხოლომე მსგავსი დაპირისპირებების ინიციატორი. ხელისუფლება კი ამბობს, რომ პირიქით ხდება, მაგრამ რეალობა სხვაა. რასაკვირველია ოპოზიცია ეცდება თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდა არჩევნების დღეს, გამოიყენოს სათავისოდ და ამას ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთებენ. თავადაც ხომ იგივეს აკეთებენ - ცდილობენ ნებისმიერ რამ ოპოზიციის და მესამე სექტრის წინააღმდეგ გამოიყენონ”, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი დაპირისპირების კერებს უფრო არჩევნების დღეს ელის. მისი თქმით, როგორც წესი ამ დღეს ყველას ნერვები ღალატობს. ა
„რაც შეეხება სუს-ის განცახდებას, ასევე ვიტყვი, რომ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ ოპოზიციის წაიანაღმდეგ და იციან ასეთ ფალსიფიცირებული კადრების და აუდიო ჩანაწერების გაკეთებას ვინც აპირებს, მაშინ აჩვენონ და უფორ მეტი უთხრან ამაზე საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ პოლიტიკურ მანიპულაციად ჩაითველება. თუმცა არჩევნების დღეს მაინც ველი, რომ მძიმე იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს ნერვებმა უფრო უმტყუნოს. ამიტომ წინასწარ ხელისუფლების ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი. კი ბატონო, ნაციონალების დროსაც და ადრეც რომ იყო ქვების სროლა პოლიტიკოსებზე და ოპოზიციაზე, მსგავსი შემთხვევი არ არის, თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება“, - ამბობს ძაბირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



