
არჩევნების დღიდან დიდი პრობლემები დაიწყება, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, ევროპა და ამერიკა მოქმედებას დაიწყებენ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: თუ აღმოჩნდა, რომ წინასწარ შედეგებში გამოაცხადეს, სიტყვაზე „ოცნებამ" 51% აიღო, რაც პარტიის მოგებას ნიშნავს, ეს გამოიწვევს მძიმე მდგომარებას. რა თქმა უნდა, ოპოზიციაც გამოაცხადებს თავის შედეგს და, აი, ეს ორი შედეგი ერთმანეთს დაუპირისპირდება. ერთიც და მეორეც დარწმუნებულია, რომ მისი შედეგი მართალია. აი, აქ წავა იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება. იმედი ვიქონიოთ, რომ სხვა მიმართულებით არ მოხდება სიმართლის დამტკიცება. ამ სიტუაციაში წამოვა ტექნიკური მთავრობის იდეა და ამერიკა და ევროპა ამას სცნობს. ამ ხელისუფლების შედეგს არ სცნობენ და გამოაცხადებენ, რომ გაყალბებულია.
26 ოქტომბრის შემდეგი დღეები და საერთოდ ეს თვე უმძიმესი იქნება. თუკი არჩევნებში „ოცნება" გაიმარჯვებს, ამას ევროპიდან და ამერიკიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება. იტყვიან, რომ შედეგებს და საერთოდ ამ ხელისუფლებას არ ვცნობთ და საქართველოსთან ვწყვეტთ ურთიერთობასო. ასევე გამოაცხადებენ, რომ ჩვენ მხოლოდ ტექნიკური მთავრობის შემთხვევაში დავტოვებთ უვიზო მიმოსვლასო. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი გაუქმდება.
როგორც ახლა „ოცნება" სვამს საკითხს, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არ ემზადება, არამედ მის შემდგომი დღისთვისო, ასე იძახდნენ ზუსტად შევარდნაძის და სააკშვილის ხელისუფლებები. ასევე ხშირად იყენებდნენ სიტყვას „ომი". ეს იყო დამამშვიდებელი სიტყვა. ხალხს ეუბნებოდნენ, ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, თორემ მოვა სხვა ხელისუფლება და არ იქნება მშვიდობა. მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროქტია, ისევე როგორც ბადრი პატარკაციშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი კი ამერიკის. სხვათაშორის, სააკაშვილს შეეძლო არჩევნების მოგება. მიშა ატყობდა, რომ დამარცხდებობდა, რადგან მისი გარემოცვის გამო რთული სიტუაცია შეიქმნა. არსებობდა პროექტი, რის შედეგადაც გაიმარჯვებდა, მაგრამ ამერიკამ შეუშალა ხელი.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების" დასკვნით გამოსვლას და „ოცნების" მმართველობის პერიოდს?
ი.კ: ძალიან ბევრმა ყურადღება არ მიაქცია ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, როცა თქვა, რომ „ქართული ოცნება" მუდმივად ხელისუფლებაში ხომ არ უნდა იყოსო. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული პოლიტიკის და კონკრეტულად „ოცნების" პოლიტიკის ისტორიაში დადგა დრო, როდესაც დამარცხებას უნდა შეეგუონ, ისვევე როგორც ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი შეეგუენ. ეს ისტორიის კანონზომიერებაა თავისი გარკვეული სიკეთეებით, წარმატებით, შეცდომებით და ასევე, გარკვეული დანაშაულებებითაც, რაც სამივე ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. ახლა საკითხავია, ამ მთავრობამ წინა ხელისუფლების შეცდომები და დანაშაულებები გამოასწორა თუ არა. ჩემი აზრით, მათ ეს ვერ გააკეთეს. შევარდნაძის დაწყებული პროცესები გაგრძელდა, ანუ შეუსრულებელი დაპირებები. საქმე იმაშია, რომ ეს მთავრობა არ ცდილობდა სხვადასხვა სფეროებში უკეთესი პირობების შექმნას. „ოცნების" ქება, რომ ჩვენ თითქოს ევროპაში და სხვაგან სხვადასხვა მიმართულებით პირველ ადგილზე ვართ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისებით, ჩვენ წინ ვერ წავიწიეთ. ლარი მხოლოდ რეგიონალური ფულია, მეტი არაფერი, საქართველოს გარდა ვერსად გამოგადგებათ.
მოვიდა დრო, „ოცნება" ხელისუფლებას დაემშვიდობოს, ან უკეთეს შემთხვევაში ოპოზიციაში გადავიდეს. 12 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და ქართულმა საზოგადოებამ ნახა მათი ე.წ. სიძლიერე.
მოდი, ახლა ვნახოთ ოპოზიციაში რას იზამენ. თუკი ამ 4 წლის განმავლობაში ოპოზიციას სხვადასხვა მიმართულებაში აჯობებენ, დაბრუნდნენ ისევ. ბიძინას დამარცხება თავისი ქონების გამო მის განადგურებას არ ნიშნავს, მაგრამ ისინი, ვინც ამ ქონების შოვნა ვერ მოასწრო, განადგურდებიან. თუ ბიძინა მარცხდება, ეს ერთია, თუმცა ნადგურდებიან ისინი, ვინც მასზე დამოკიდებული იყო. აბა თქვენ რა გგონიათ, ის იმიტომ უნდათ, რომ გულზე ეხატებათ?
ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები არის აღიარების და შეგუების წინათგრძნობა. ის უნდა შეეგუოს, რომ 12 წლის მანძილზე ვერ გააკეთა ის, რაც ხალხს შეჰპირდა. სიცრუის კორიანტელში გვაცხოვრებს. ამას შევარდნაძეც აკეთებდა, როცა იძახდა, რომ აფხაზეთს დავიბრუნებდით და ყველაფერი აყვავებული იქნებოდა. ეს უდიდესი ტყუილი იყო და ჩვენ ამას ვიძახდით. ახლაც ასე ხდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ.
როდესაც ივანიშილი იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც მან დააწინაურა, არ შეიძლება ასე მოიხსენიოს. მაგალითად გიორგი გახარიაზე, ბიძინას ის ნულიდან არ მოიყვანია, მას სთოხვეს, მოსკოვიდან ჩამოიყვანეს და ეტაპობრივად გადაიყვანეს სხვადასხვა თანამდებობაზე. საქმე იმაშია, რომ მას არ უღალატია, როგორც ისინი იძახიან. როდესაც ამბობენ, გახარია გარეწარიაო, ეს ივანიშვილის უდიდესი სირცხვილია.
როგორც კი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო მკაცრად გააკრიტიკა. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტს ჰყავს მრჩევლები და ასე გარკიტიკება არ შეიძლება. სხვათაშორის მე სააკაშვილის ბოლო წლებით უკმაყოფილო ვიყავი და ვწერდი ამაზე. ეს ჩვენი, მრჩევლების ბრალი კი არ იყო, არამედ სხვების, ვინც ამ შეცდომებს აშვებინდებდა. ბიძინას უნდა სცოდნოდა, რომ ჩვენ იქ არაფერს ვწყვეტდით. თუმცაღა მას მრჩევლები ჰყოლია? ან დღევანდელ პრემიერს? ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მრჩეველთა საბჭო. იზიარებენ თუ არა მათ აზრს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ეკითხებიან.
მსოფლიო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისნაირი გამოსვლა არავის ახსოვს. ყველა რეგიონში დაწერილი ტექსტებით ჩადის და მხოლოდ ბოლო ფრაზას ცვლის. ან ამხელა თავის დაცვა რა საჭიროა? მისი სიკვდილი არავის აწყობს. ან ვინ ებრძვის საქართველოს და ვის უნდა ომი? თქვენ გგონიათ რუსეთი ჩვენთან ომს დაიწყებს? ახლა მაგის თავი აქვს? აბსოლუტური სისულელეა.
განათლების სფეროში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რაც ხელისუფლებამ ვერ გამოასწორა. ევროვნული გამოცდების სისტემა ვერ მოვირგეთ, როგორც სხვა ქვეყნებშია. სტუდენტები უნივერსიტეტში სიარულს ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ ვერ ჩამოდიან რეგიონებიდან ბინების სიძვირის გამო. განათლების დონე ნულია. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი არაფრის გაგებაში არაა. წინა საფეხურებს რომ მარტივად გადიან, ბოლოს დოქტურანტურაში როცა მოდიან, სირთულის წინაშე დგებიან. სტუდენტების დისერტაციებს რომ გადახედოთ, სამარცხვინოა. ეს ვისი ბრალია, თუ არა ხელისუფლების?! ასევე, ეს იმის ბრალიცაა, რომ ყველა სამინისტროში სამართლის სფეროს წარმომადგენლები ინიშნებოდნენ.
„ოცნება" იმიტომ კი არ გვინდა, რომ ვიოცნებოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ოცნება ასრულდეს. ქუთაისში რომ გაიხსნა უმაღლესი სასწავლებელი, თბილისში არ იყო საჭირო? არ უნდა არსებობდეს სტუდენტთა საცხოვრებელი ბინები? ამას მარტო ამ ხელისუფლების მიმართ კი არ ვლაპარაკობ, ეს მომავალი ხელისუფლებისთვისაც არის გათვლილი, რათა ამჟამინდელი შეცდომები გაითვალისწინონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



