
"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, საფინალო მასშტაბური აქციით დაასრულა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთავარ ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით შეუერთდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. სპეციალურად გამართულ სცენიდან კი, შეკრებილ ადამიანებს პარტიის ლიდერებმა 19:00 საათიდან მიმართეს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც სიტყვით დედაქალაქის მერი კახა კალაძე წარსდგა, შემდეგ კი სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ "ოცნების" სხვა ლიდერები.
ოპოზიცია კი მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს,რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ თავის სამსახურში ამყოფოს საჯარო მოხელეები. მათი შეფასებით, 23 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გაუქმებული იყო სსიპ და ააიპ-ების ყველა სერვისი.
"აქცია მრავალრიცხოვანია, ვფიქრობ,რომ "ოცნებას" 58-60% უკვე ჯიბეში აქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.
"ასეა დღესაც და ასე იყო სულ... ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია, არის ძალით გამოყენებითი აქცია, ის რეალურ სურათს არასდროს არ ასახავს. ხელისუფლებას კი ძალის დემონსტრირება უნდა, მაგრამ რამდენი ადამიანი ირწმუნებს, რომ გულწრფელად მისული ხალხია - ესაა საინტერესო",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტიკიური შეფასებები
თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ 2012 წელი გაახსენდა.
"გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხართ, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით, რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით.
შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს, შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ.
"ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს. ვისაც ამის დანახვა სურს, თავისუფლად შეუძლია დაინახოს.
„ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა.
"თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები, ღირსეული მეგობრები. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფვით ჩვენი ფასეულობებით, უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართული გავაღებთ ევროკავშირის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.
"საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი. ასეთ საქართველოზე ვოცნებობთ ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ „ქართული ოცნება" ქართველ ხალხთან ერთად.
რამდენიც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ",- განაცხადა კალაძემ.
შეკრებილებს მიმართა "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ერთ მხარეს მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი ქართული ოცნება და მეორე მხარეს ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული ოთხ პარტიად ქცეული აგენტურის კოალიცია დგას.
"კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ ნაციონალურ მოძრაობაზე დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, ახალი ნაციონალიური მოძრაობა ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედიატერორის ავტორს, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მელიას.
"მესამე პატარა პარტია ამ ორის დანამატია, ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებული ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო მეოთხე პატარა პარტია წინა სამის დანამატია, და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას.
"სწორედ ხაზარაძისა და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შენიღბული ფორმით აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საჯარო მოხელეები, ბაღის თანამშრომლები, მასწავლებლები ჩამოჰყავს.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში და დარწმუნებული ვარ, სხვა მუნიციპალიტეტშიც საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით გაუქმებულია ყველა ის სერვისი, სსიპ-ი, ააიპ-ი, ბაღები, რომლებიც მოქალაქეს უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც ეს ადამიანები ყოველთვიურად ჯამაგირს იღებენ.
„ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მის სამსახურში საჯარო მოხელეები ამყოფოს. ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ სინამდვილეში არა ერთ პარტიას, არამედ მოქალაქეებს.
"ჩვენ დღეს ვნახეთ, თუ როგორ არის დაცლილი საჯარო ბაღები, როგორ არის დაცლილი სიპები და ააიპ-ები, თუ როგორ არის დატოვებული ყოველგვარი ყურადღების გარეშე ბავშვები ბაღებში და როგორ გააერთიანეს ბევრი ჯგუფი და როგორ დაიტოვა ერთმა ან ორმა პედაგოგმა დიდი რაოდენობით აღსაზრდელები. თქვენს შვილებზე მოვლის ნაცვლად, დღეს დაკავებულები არიან „ქართული ოცნებაზე" ტაშის დაკვრით, ივანიშვილზე ტაშის დაკვრით, ადამიანზე, რომელმაც ერთი სარგებელიც კი არ მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ზოგადად ქვეყანას", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
რა მიზანი აქვს "ოცნების" საფინალო აქციას
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციის მიზანი იმის ჩვენებაა, თუ რა მხარდაჭერა აქვს "ოცნების" პოლიტიკას, რომელმაც მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა უომრად მოიყვანა.
"აქციაზე ის თანამოაზრე ხალხი შევიკრიბეთ, ვისაც გვაწუხებს ის მდგომარეიბა, რაც საქართველო მიმართ არის შექმნილი თანამედროვე მსოფლიოში. გლობალურ აგრესიულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ, შევიკრიბეთ და "ქართული ოცნების" პროგრამას ვუჭერთ მხარს, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა უომრად მოიყვანა და მეტიც, საქართველოს ერთი სანტიმეტრი მიწაც არ დაუკარგავს. ისტორიკოსი ვარ და შედეგების მიხედვით ვსაზღვრავ, "ოცნებას" ამ მხრივ ძალიან დადებითი შედეგები აქვს.
"გაუგონარი ამბავი ხდება და არსად არ წამიკითხავს, რასაც საქართველოში დასავლეთის ზოგიერთი ელჩი აკეთებს, როდესაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაუფარავად ერევიან. უფრო მეტიც, დღეს საქართველოში ოპოზიცია არ აქტიურობს და მათ როლს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნის ელჩები ასრულებენ, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია და ჩვენს სუვერენიტეტს აფურთხებენ.
"ზუსტად ამაზე ვართ აღფოთებულები და ამიტომ გამოვედით, ერთხელ და სამუდამოდ თუ მოვცილდით რუსეთს და ჩრდილოეთისგან დავიხსენით თავი, დასავლეთიც დაგვეხსნას და გვაცალოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გევყუდონდეს.
"ოპოზიციის, სინამდვილეში "მეხუთე კოლონის" აქცია მაქსიმუმ 15-18 ათასიანი იყო, ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, აქციებზე ხალხის რაოდენობაზე ორი დიდი ტომი მაქვს დაწერილი დოკუმენტური მასალებით. თუ ოპოზიცია რუსთაველზე 200 ათას ადამიანს ვერ დააყენებს, ის არჩევნებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიგებს.
2012 წლის 29 სექტემბერს რუსთაველზე მინიმუმ 300 ათასი კაცი იდგა. ვფიქრობ ახლაც ძალიან მრავალრიცხოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიცივეა. ჩემი გადასახედიდან, "ოცნებას" უკვე 58-60% ჯიბეში უდევს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნების" მხრიდან ხალხის შეკრება ძალის დემონსტრირებაა, ამას წინა სხვა ხელისუფლებებიც აკეთებდენ, მრავალათასიან მიტინგს აწყობდნენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა, ძაბირაძის თქმით, ეს საშველი არასდროს ყოფილა. მთავარია, რამდენი ადამიანი ირწმუნებს, რომ გულწრფელად მისული ხალხია.
"რა თქმა უნდა, ეს ძალის დემონსტრირება და იმის ჩვენებაა, რომ ძალიან ბევრი ხალხი უჭერს მხარს და რომ მათი რეიტინგი ძალიან მაღალია. ოღონდ მანდ ერთი საკითხია - ხელისუფლებას ასეთი აქციის ორგანიზება ყოველთვის შეეძლო და შეუძლია, არ ვიცი რამდენკაციანი აქციაა, მაგრამ მახენდება, რომ 2012 წელს, სწორედ არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმა მთელი სტადიონი გაავსო, სადაც თუ არ ვცდები 100 ათასი კაცი ეტევა.
"თუმცა, ამან არ უშველა და არც არასდროს იყო საშველი. თავის დროზე შევარდნაძემაც გააკეთა, მაგრამ ეს არ შველის. ხელისუფლების ორგანიზებული აქცია არის ძალის გამოყენებით აქცია, ამიტომ ის რეალურ სურათს არასდროს არ ასახავს. ხელისუფლება ძალის დემონსტრირება კი უნდა, მაგრამ რამდენი ადამიანი ირწმუნებს, რომ გულწრფელად მისული ხალხია, ესაა საინტერესო.
"როგორც წესი, ასეთ აქციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, არც არასდროს ჰქონია და არც ახლა ექნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



