ელზა პაპოშვილი
(23.10.2024)

ათონელის სასახლეში მიმიდნარე კონსულტაციები საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტი ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეთანხმდა  არჩევნებამდე არც პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს და არც ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.

“მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი - ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. 

„მართალია მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, მანამდე უნდა იყოს თუ მერე და რადგან მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების მერე იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა “ფორმულასთან“ ინტერვიუში.

პრეზიდენტის შეცვლილ პოზიციას კი „ოცნებაში“ უკვე გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია თამაშობდა, თითქოს რეალურად აინტერესებდა პრეზიდენტის ქარტია. ხოლო როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და მას საშუალება არ მისცა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა 

პარლამენტის პირველი  ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა“.

ვოლსკის თქმით, არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა იმის მიზეზი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა.

„სალომე ზურაბიშვილის გეგმა, იდეა ის იყო, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. როდესაც მოახლოვდა არჩევნები, რასაკვირველია, ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა. 

„იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც საქართველოს განაგებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა. ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა“,-ამბობს ვოლსკი. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ დადებითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ პოზიციას ე.წ. ტექნიკური მთავრობის და პრემიერობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელებას. ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკურად არ იქნებოდა მომგებიანი ახლა პრემიერობის კანდიდატის დასახელება და ამას „ოცნება“ პირიქით, ამ კანდიდატის გასაშავებლად გამოიყენებდა. 

„მე მივესალმები ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად სწორია. ახლა არჩევნებამდე დარჩენილ სამ დღეში აზრი აღარ ჰქონდა არც პრემიერის და არც ე.წ. ტექნიკური მთავორბის დასახელებას. 

„პარტიების პოზიცია სწორია და მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ეს გაიზიარა. ახლა, რომ პრემიერობის კანდიდატი დაესახელებინა, მაშინ მის გაშავებას ამ დღეების განმავლობაში „ოცნება“ დაიწყებდა. ხოლო თავად ოპოზიცია ამ კანდიდატურის საზოგადოებისთვის გაცნობას ვერ მოასწრებდა. 

„მეორეც, მე მაინც მგონია, რომ არჩევნების შემდეგ თუკი ოპოზიციამ შეძლო და ერთიანად 76 მანდატი აიღო, მაშინ პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელება უნდა მოხდეს. მგონია, რომ მასე უფრო  შეჯერდებიან პარტიები. ხოლო დანარჩენი სამინისტროები ამ პარტიებმა გადაინაწილონ. 

„თუმცა, აქ კიდევ არის ერთი გარემოება, რომ თუკი „ოცნებამ“ 51 მანდატის აღება მოახერხა, პრემიერის წარდგენას ის შეძლებს. ამიტომაც სჯობდა, რომ არჩევნებს დალოდებოდნენ და ეს გადაწყვეტილება მერე ყოფილიყო მიღებული. 

„მესმის „ოცნების“ პორპაგანდის, რომ ოპოზიციაში ყველა იბრძვის იმისთვის, რომ პრემიერი გახდეს. ამაში არის ლოგიკაც და ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. ჩვენს პოლიტიკაში იმდენი რამ მომხდარა,რომ არაფერი გამივკრდება. თუმცა, საზოგადოებამ დაინახა ერთი რაღაცა, რომ პრეზიდენტის გარშემო იყო კონკრეტული პარტიების მხრიდან მსჯელობა, დისკუსია და ამის შედეგად შეთანხმება მოხდა. ეს უკვე კარგია და ამომრჩევლის თვალში, პრიქით, დადებითად იმოქმედებს“,-ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ზურაბიშვილს შეუძლია ახლა ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ამიტომ ყველაზე კარგი ვარინტი, მისი პრემიერად დასახელება იქნება. ძაბირაძის აზრით, მას ევროპაში, დასავლეთში უკვე იცნობენ. მისი პოლიტიკური ვექტორის მიმართ ნდობა არსებობს ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, ამიტომ მასზე კარგ კანდიდატს ვერ იპოვიან. 

„ნუ, არჩვენების შემდეგ რა როგორ იქნება, რთული სათქმელია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ოცნება“ არ არის ისეთი წარმავალი ძალა, რომელსაც არ შეუძლია  მნიშვნელოვანი ხმების აღება. ამიტომ ყველა სცენარი გასათვალისწინებელია. 

„მე მაგალითად ზურაბიშვილის პრემიერობას და ივანიშვილის პრეზიდენტობასაც კი ვუშვებ. შესაძლოა მოვლენები ასეც განვითარდეს, რომ ოპოზიციამ შეძლოს ჯამში „ოცნებაზე“ მეტის აღება. მოახდინოს მთავრობის დაკომპლეტება, მაგრამ საკრებულოების დოენზე მას უფრო  მეტი ხმები ჰქონდეს, რის შედეგადაც პრეზიდენტის დასახელებას შეძლებს და ეს ივანიშვილი იყოს“, - ამბობს ძაბირაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე