თამთა ჩაჩანიძე
(23.10.2024)

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიცია არა კონკრეტულად არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მიზანი "არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლაა". როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამაზე რამდენიმე ინდიკაცია მეტყველებს, პირველი ნიშანი, რაზედაც პაპუაშვილი საუბრობს არის ის, რომ "ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწამოებს".

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი და იგივე შინარსის განცხადება, ჯერ "იმედის" 22 ოქტომბრის ღამის ეთერში გააკეთა, 23 სექტემბერს კი, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების ასეთი წინასწარი საუბრები, დიდი ალბათობით მიანიშნებს იმას, რომ თავად აპირებენ არჩევნების გაყალბებას, რაზედაც ოპოზიციას ბუნებრივად ექნება პროტესტი.

"ერთის მხრივ ამით ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა, რომლის მიზანი არა ხალხის კეთილდღეობა და ვითარების გამოსწორება, არამედ დესტრუქციაა. თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიცია რეგიონებში კამპანიას ატარებს, მოსახლეობას აქტიურად ხვდება.

"ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს - მოსახლეობის დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, თანხის სანაცვლოდ აქციებზე ხალხის მიყვანა(23 ოქტომბერსაც ამას აკეთებენ), თუ სხვა. როგორც ჩანს, გაყალბებას ცდილობენ, ამას ბუნებრივია ოპოზიციისგან პროტესტი მოჰყვება და წინასწარი საუბარი ზუსტად ამის წინაპირობაა - იტყვიან, რომ აი, ხალხს ხომ ვაფრთხილებდითო.

"26 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს, დაახლოების ათი საათისკენ გამოცხედდება და თუ ოპოზიციამ და ხალხმა იგრძნეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ქუჩაში გამოვლენ. დღეს ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მრავალი მაგალითი, პლიუს პროპაგანდა, რაშიც ეკლესიაც ჩართეს და ა.შ."- განაცხადა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რამდენიმე ინდიკაციაა, რაც გაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ოპოზიცია მართლაც 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მაგრამ ამასთანავე, ოპოზიციას ბევრი ხმა სჭირდება.

"მედიაში და მემგონი ისევ ივანიშვილთან გაიჟღერა ამ ვერსიამ, რომ ეს ოპოზიცია არც ხალხს ხვდება, არც ბევრი ბანერი აქვსო - ესე იგი, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 27-სთვის ემზადება. ეს არის სავარაუდო ნიშანი, მით უმეტეს, როცა სიების წარდგენები იყო, არც შემადგენლობები იყო ისეთი, იფიქრო, რომ კადრებზე კარგად იმუშავეს და ისეთები შეარჩიეს, ვინც ხმების მოზიდვაში გამოადგებათ.

"ამიტომაც ყველა ფიქრობს, რომ პასიურები არიან - არჩევნებისთვის ასეთი პასიური ოპოზიცია არ გვახსოვსო. თუმცაღა თუ საღი აზრით მივუდგებით, მათ ახლა ხმები ხელისუფლებაზე არანაკლებ სჭირდებათ. ხელისუფელას ხმების სჭირდება იმისთვის, რომ დიდი სხვაობის შემთხვევაში, ვერავინ თქვას, რომ გაყალბდა - ამას თავის ზომა აქვს, რომლის იქით გაყალბებას ვერავის ვერ დააბრალებ, თუ 10%-ზე მეტი იქნა. ოპოზიციას კი სწორედ ამიტომ სჭირდება ბევრი მხარდამჭერი, რომ ხელისუფლების მაჩვენებელს მიუახლოვდეს და მერე გაყალბებაზე ლაპარაკი ადვილი იყოს.

"ვთვლი, რომ თუ 27-ისთვის ემზადებიან, მათ ასევე ხმების მოგროვებაზე უნდა იზრუნონ, როგორც ხელისუფლება. თუმცა, რადგან არ ზრუნავენ და პასიურები არიან, მემგონი ეს უბრალოდ პოლიტიკური უუნარობაა და მეტი არაფერი",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რა შესაძლო სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი ხელისუფლების მხრიდან, საყვარელიძემ გვითხრა:

"გავიხსენოთ 2003 წელი, მაშინაც ე.წ.-მა რეფორმატორების ჯგუფმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი უდაოდ სააკაშვილი იყო. მივიდნენ პარლამენტში და ის პროცესი დაიწყო, რასაც თვალს ვადევნებდით - პარლამენტის სხდომაზე შევარდნენ და სააკაშვილი შევარდნაძეს მთელი ხმით გადადგომისკენ მოუწოდებდა.

"ახლა ოპოზიციას ასეთი ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ ის, რომ მერე პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაგისთვის ლიდერი დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს. აი ეს შეიძლება მოხდეს უკვე 27 ოქტომბერს, თუკი ხალხი დააჯერეს, რომ არჩევნები იყო უსამართლო. ეს დაჯერება კი ცოტა ძნელი იქნება, თუ დიდი სხვაობა იქნა",- განაცხადა საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს პაპუაშვილი

23 სექტემბრის ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, გადატრიალების საბაბი მზადდება.

„ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამ გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტად იმ NGO-ების გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ყალბი ანგარიშები შეადგინონ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი PVT-ის გავრცელებით, იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის. ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები არეგისტრირებენ, საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება. „პირდაპირ გამიზნული ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს ვაკვირდები რამდენიმე NGO-ს მხრიდან იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი საქართველოში გადატრიალებისთვის," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემოა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა, ასევე ჩანს მცდელობები იმისა, რომ რაიმენაირად შეიქმნას საინფორმაციო ხმაური [ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან]

„მიზანი ნათელი არის, აქ, ერთ-ერთი აქტორი გახლავთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობილი ორგანიზაცია და ასევე, სხვა ორგანიზაციებსაც ვხედავთ, პირდაპირ ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. არ ვიცი, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ 20 ოქტომბერს ეს იყო „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო საარჩევნო ღონისძიება? მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ ეს იყო ერთ-ერთი პარტიის საწინააღმდეგო, ეს გახლდათ ზუსტადაც, რომ საარჩევნო ღონისძიება, რომელიც ამ ე.წ. დამკვირვებლების მხრიდან იყო უცხოური ფულით დაფინანსებული.

"მიზანი მარტივი არის, ვხედავთ,რომ არის მზადება 2020 წლის სცენარის გამეორებისკენ, რომ დაიწეროს ყალბი ანგარიშები ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან იმისთვის, რომ შეიქმნას ყალბი საბაბი შემდეგ არეულობისთვის საქართველოში. ეს უკვე ყველაფერში ჩანს, რომ არის მზადება, იმისათვის, რომ მოხდეს არადემოკრატიული გზით ხელისუფლების რაიმენაირად ხელში ჩაგდება და ამაში ჩართული არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ერთის მხრივ, ყალბი ანგარიშებით, როდესაც ხდება ცრუ ბრალდებების წამოყენება და მეორეს მხრივ, ღიად ხდება ოპოზიციის მხრიდან მომდინარე დარღვევებზე ხელის დაფარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება "იმედის" ეთერში ნათქვამს, პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კამპანია უცხოეთიდან იმართება, რაც პირდაპირი ჩარევაა არჩევნებში.

„ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა. რა მიგვანიშნებს ამაზე: როცა საუბარია ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არც „ენჯეოები".

"თუკი რაიმე აქვთ პრეტენზიები, მივიდნენ, წარუდგინონ. კომისიაზე დადიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო/ოდირი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვთ მათ, რომ ისინი არ ესწრებიან. მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეზე ჰქონდეთ, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? - გამოდიან, ატარებენ ბრიფინგს, მარცხნივ-მარჯვნივ მოისვრიან ბრალდებებს. მათი დაბალი სტანდარტი არის ის, რომ მათი ბრალდებები ჭორ-მართალზეა დაფუძნებული და რაოდენობაშიც არ აქვთ ბევრი.

"ვუყურებთ, რომ კამპანიას საერთოდ არ აწარმოებენ. ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ ჩანს, არანაირი კამპანია არ აქვთ. „ქართული ოცნება" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც დელეგატები ჰყავს დასახელებული, არცერთ სხვა პარტიას არ დაუსახელებია იმიტომ, რომ რეგიონში არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე.

"მათი მთელი კამპანია, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის ის, რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი, რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში.

"ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს მომხდარა. ეს არის საერთო ჯამში სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში გადაცემაში „არჩევანის პირისპირ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე