
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გალის რაიონში დამატებითი ძალები შეჰყავს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, ამაში მხოლოდ პოლიციური ძალები იგულისხმება, თუ ე.წ. არმიის ნაწილებიც. მიზეზად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ.
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს სეპარატისტების მხრიდან უბრალოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს რაღაც რეალური საფრთხე არსებობს, თუმცა სინამდვილეში ვითარების გამწვავება მოსალოდნელი არაა.
რაულ ლოლუა მდინარე ენგურის ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გაუარესებას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და აფხაზეთთან მიმართებაში „მეორე ფრონტის გახსნის" შესაძლებლობის შესახებ განცხადებებს უკავშირებს.
მისივე თქმით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჯარის მაქსიმალური მობილიზაციის მოწოდებით გამოდის და გამოთქვამს სურვილს, „უკრაინაზე ნაკლებად არ იბრძოლონ".
„ზუსტად ეს არის ის ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების ძალებს დაუსვა... ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში და სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტებს ვპროგნოზირებთ", - აღნიშნა ლოლუამ.
როგორც 20 ოქტომბერს გახდა ცნობილი, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით გამართულ ე.წ. უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ „შემაკავებელი ზომების" ფარგლებში, 23-დან 30 ოქტომბრამდე „საზღვარი" ჩაიკეტება „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით". შეზღუდვები არ ვრცელდება ენგურჰესის თანამშრომლებსა და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებზე.
მაშინ, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ „აფხაზურმა მხარემ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები სასაზღვრო ზონაში დესტრუქციული ძალების შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუშიშროების საბჭომაც საქართველოში მოახლოებული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოში რადიკალური ჯგუფების შესაძლო პროვოკაციები".
ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო ჩაიკეტებოდა პერევისა და რაზდახანის, იგივე მოსაბრუნის საგუშაგოები.
ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალების მხრიდან ტერაქტი მზადდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„ეს უბრალოდ იმის დემონსტრირებაა, რომ ვითომ რაღაც ხიფათი შეიქმნება კვაზი სახელმწიფოსთვის და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ თავისი აქტივობა დაანახონ თავის საზოგადოებას და მოსკოვს. სინამდვილეში არ ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთს აპირებდნენ. ერთადერთი ვარიანტი ესაა - აფხაზეთში სოცქსელებით ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ არაა გამორიცხული ზოგიერთმა ძალამ, რომელიც ცდილობს საქართველოში არჩევნების შედეგები არ მიიღოს, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული ტიპის ტერაქტი მოაწყოს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რატომ უნდა მოაწყოს, მაგას მართალი გითხრათ ვერ ვხდები და მიჭირს ლოგიკის დაჭერა, მაგრამ ასეთი ინფორმაციაც ვრცელდება",- განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, ოკუპირებული ცხინვალის მხარესაც ხომ არ შეინიშნება მზადება, არეშიძემ გვითხრა:
„ისინი (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ერთმანეთს აყოლილი არიან. მათ (ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ) უფრო ადრე გამოაცხადეს, რომ ე.წ. საზღვარს კეტავენ და დაცვას აძლიერებენ. სიტყვიერად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სად ჰყავთ ოსებს დამატებითი ძალები? სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ სხვა არაფერი",- განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



