ელზა პაპოშვილი
(22.10.2024)

რომელ პოლიტიკურ ძალას სად, რომელ რეგიონსა და ქალაქში აქვს 26 ოქტომბერს გამარჯვების უფრო მეტი შანსი? ოპოზიციაში დარწმუნებით აცხადებენ, რომ დიდ ქალაქებში მმართველი გუნდი წააგებს. რა პროგნოზებია ამ მხრივ სოფლის მცხოვრებლებთან დაკავშირებით? როგორია მოსახლეობის განწყობა მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში? 

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იგრძნობა, დასავლეთში კი - ოპოზიციური ძალების. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის შეფასებით, მმართველ პარტიას ყველაზე ძლიერი პოზიციები კახეთში აქვს, ყველაზე სუსტი კი - სამეგრელოსა და აჭარაში.

რაც შეეხება დედაქალაქს, ოპოზიციას თბილისში გამარჯვება გარანტირებულად მიაჩნია და ამის დასტურად 20 ოქტომბერს გამართულ „ევროპულ მარშზე“ ხალხის სიმრავლე მოჰყავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს თბილისში უკვე „ქართული ოცნება“ მართავს თავის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეკრებას, რითაც შეეცდება დედაქალაქში მისი პოზიციების სიძლიერის დემონსტრირებას.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ „ოცნების“ მხარდაჭერა რეგიონებში და სოფლებში უფრო შესამჩნევია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ასევე ვარაუდობენ, რომ ქალაქებში „ოცნებას“ მოგება უფრო გაუჭირდება.

პოლიტიკური განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ათეულის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ აქტიურად არის  საარჩევნო პროცესში ჩართული  და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  მსხვილ ქალაქებში „ოცნება“ არჩევნებს  პირწმინდად აგებს. 

„მათი ერთადერთი იმედი და ბერკეტია დააშინონ სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი სოციალური შემწეობის შეჩერებით, ან სამსახურიდან გაშვებით. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ვიდრე ახალ ხელისუფლებას არ ექნება საშუალება ღირსეული სამუშაო ადგილით და ევროპული ანაზღაურებით უზრუნველყოს ისინი, მანამ მინიმუმ უნდა გაორმაგდეს სოციალური დახმარება. რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, მათ არაფერი ემუქრებათ - ისინი თავისი საქმის მცოდნე ხალხია და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არც შეიცვლებიან და არც უნდა შეიცვალონ. 

„პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნულ პირებს ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხება. ხოლო თანამდებობის იმ პირებს, ვინც მოსახლეობის დაშინებაშია ჩართული, არათუ ცვლილებები შეეხება, არამედ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, - ამბობს ოქრიაშვილი.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან გამარჯვებაში და ამ მხრივ რომელიმე რეგიონს, ან თუნდაც დიდ ქალაქებს არ გამოყოფენ. შთამბჭდავი მხარდაჭერის დემონსტრირებას კი „ოცნება“ 23 ოქტომბერს თბილისში შეკრებლი მხარდამჭერებით გეგმავს.

პრემიერ ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიციაში იმდენად ოდიოზური და საზოგადოებისთვის მიუღებელი ხალხია, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი აიღებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულიად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს „ქუდზე კაცი“ ამ არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. აქ საქმე ეხება ერთ მხარეს სიძულვილის დათესვის მუდმივ მცდელობას ჩვენ ქვეყანაში, ამ ლიბერალურ ფაშიზმს, მეორე მხარეს კი აქ არის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანას დავუბრუნოთ ის საერთო სურათი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის, წლების განმავლობაში გამოირჩეოდა - ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ეს იყო ის, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი და აქ ვიღაცები ხელოვნურად, მათ შორის გარე დაფინანსებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. 

„საზოგადოებამ პასუხი, რა თქმა უნდა, 26 ამასაც უნდა გასცეს და ბოლოს, ბნელი წარსული, თქვენ ხედავთ, რა სახეები არიან ოპოზიციაში წარმოდგენილი, რომ ავიღოთ „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილის პარტია, აქეთ არის გვარამიას პარტია, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა სახეებზეა საუბარი. აქ, ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და გახარიას დანაშაულებზე ვისაუბრეთ. არ შეიძლება ამ ბნელ წარსულში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რომელ რეგიონებშია ოპოზიციის და ხელისუფლების უპირატესობები 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია არ ცდება, როცა ფიქრობს, რომ დიდი ქალაქები მოგებული აქვს. ჩიტაძის აზრით, ეს აშკარად იგრძნობა და არავისთვის არ არის უცხო, რომ ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობა ოპოზიციურად არის განწყობილი. 

„საქართველოს ქალაქებში საქართველოს მოსახლეობის 55% ცხოვრობს და ქალაქების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უფორ ოპოზიციურია. ეს არჩევნების დროს არაერთხელ გამოჩნდა და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებამ არჩევნები ასეთ ქალაქებში წააგო. 

„რეგიონებში უფრო  მმართველი გუნდი ახერხებს გამარჯვების მოპოვებას და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ზოგადად, სოფელში მაინც ყველა ერთმანეთს იცნობს. არსებობს სოფლის თავკაცი, რომლის გავლენაც დიდია. ამასთან, ნაცნობობა და ნათესაური კავშირებიც უფრო მუშაობს - ანგარიშის გაწევა და ხათრი. ამიტომ მმართველი გუნდის აგიტატორები სოფლებში, რეგიონებში უფორ ადვილად ახერხებენ ადგილობრივების ხმების მობილიზებას. ამის პარალელურად სოფლებში ინფორმაცია მაინც ნაკლებია.

„ქალაქებში მაინც უნივერსიტეტებია, ახალგაზრდები უფრო ახარეხებენ ერმანეთში აზრების გაცვლას. ასევე ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ქალაქში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. ეს ყველაფერი მუშაობს და გავლენას ახდენს. თუმცა ქალაქებშიც არიან ე.წ. სნობები, აი ფულიანი „კარენნოი“ თბილისელები, რომლებიც მმართველ გუნდს მხარს უჭერენ. ასევე ე.წ. ძველი ბიჭების ინსტიტუტია, რომლებიც უბანზე გავლენას ახდენენ. თუმცა ქალაქში მაინც ამხელა გავლენების მოხდენა ვერ ხდება, როგორც ეს სოფელში იგრძნობა. ამიტომ რეგიონებში ალბათ უფრო „ოცნებას“ აქვს მეტი შანსი“, - ამბობს ჩიტაძე.

მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია ყველამ იცის, რეგიონების მიხედვით ოპოზიციური განწყობები ყველაზე მეტად სად იგრძნობა. ჩიტაძის შეფასებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაინც მმართველი გუნდის მხარდაჭერა შეიმჩნევა, ხოლო დასავლეთში ოპოზიციური გამწყობები ჭარბობს. 

„მე რასაც დავაკვირდი და არჩევნებზეც არაერთხელ გამოჩნდა, აღმოსავლეთ საქართველოში მაინც „ოცნების“  მხარდაჭერა იგრძნობა. ეს ალბათ განსაკუთრებით კახეთში, რადგან ყურძნის და ღვინის ექსპორტი 60% რუსეთში გადის და რუსეთთან დაკავშირებული პროპაგანდა მაინც მუშაობს. აქვს მეღვინეს და მევენახე კახელს იმის შიში, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, რუსული ბაზარის ჩაიკეტოს. ამით აშინებენ კახელებს. თუმცა თელავში მე ოპოზიციური განწყობებიც მინახავს და ეს ქალაქი მაინც უფრო  ოპოზიციური მგონია. 

„რაც შეეხება დასავლეთს. ალბათ სამეგრელო ყველაზე ოპოზიციურია. ასევე მგონია აჭარაც. ამიტომ „ოცნებას“ რეგიონებს მხრივაც მთლად კარგი სიტუაცია მაინც არ აქვს“, - ამბობს ჩიტაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ოპტიმიზმი და საუბარი იმაზე, რომ თითქოს დიდ ქალაქებს იგებენ, ერთი დიდი სიყალბეა. მისივე თქმით, მმართველი პარტიის განსაკუთრებული მხარდაჭერა ყველაზე ძლიერად კახეთში იგრძნობა.

„რეალურად რა მხარდაჭერაც აქვთ, 20 ოქტომბერს უკვე გამოჩნდა - როგორ დადიოდნენ ცარიელი ავტობუსებით და როგორ ვერავინ ვერც თბილისში გამოყვანეს და ვერც რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი. მხარდამჭერთა რაოდენობას ოპოზიცია 23 ოქტომბერს ნამდვილად ნახავს, როცა „ოცნების“ ორგანიზებული  აქაცია ჩატარდება. 

„რა დიდ ქალაქებში აქვთ მხარდაჭერა, რომელში ჩაატარეს შეხვედრები, სად გამოვიდა ხალხი მათთან სასაუბროდ? კახეთში ხომ „ნაციონალები“ ყველამ იცის, რომ ვერ ჩადიან. მელია და მისი მხარდამჭერები იყვნენ თელავში და სასტუმროდან შიშით გარეთ ვერ გამოვიდნენ. გვარამია ხომ საერთოდ კახეთში ფეხის ჩადგმას ვერ ბედავს. 

„ავიღოთ დედაქალაქი. სად ჩაატარეს შეხვედრები - ვაკეში? დიდუბეში? ნახალოვკაში? მთაწმინდაზე? დაასახელონ რომელ რაიონში აქვთ თბილისში  მხარდაჭერა. ან ქუთაისში იყვნენ, თუ სად ნახეს ეს მხარდაჭერა დიდ ქალაქებში? ეს არის ტყუილი, რომელიც შემდეგ იმისთვის სათქმელად სჭირდებათ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. არადა სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, როცა კულტურის სახლის დირექტორები უარს ეუბნებოდნენ ოპოზიციას შეხვედრების ჩატარებაზე, მსგავსი არაფერი ხდება. სრულიად თავიუსფლად შეუძლიათ მხარდამჭერებთან შეხვედრები, მაგრამ სადა ჰყავთ? 

„აი, ამ ტყუილებით უნდათ  მერე ვითომ არჩევნების გაყალბება წარმოაჩინონ. „ოცნებას“ დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც საკმარისი  მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ გაიმარჯვონ. არცერთ დიდ ქალაქში მე ამათი შეხვედრები და დიდი თავყრილობა არ მინახავს და რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამ ტყუილებს, საინტერესოა“, - ამბობს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე