ნატალია ჯვარიძე
(22.10.2024)

რუსულ დაზვერვას წვდომა ჰქონდა მაღალი რანგის ქართველი დიპლომატებისა და ჩინოვნიკების ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების, ეროვნული ბანკისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა ელექტრონულ სისტემებზე - ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი" წერს. ანალიტიკოსების აზრით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს ფაქტობრივად სახელმწიფოსათვის ძირის გამოტხრას ნიშნავს. ამიტომ, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

როგორ „დაჰაკეს" რუსმა დაზვერვის აგენტებმა მთელი საქართველო - ასე ჰქვია „ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც 2017-დან 2020 წლამდე პერიოდზეა საუბარი. მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში შეაღწიეს, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების მთავარი მიმწოდებლები გატეხეს.

„ამან შეიძლება სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს... თუ ჰაკერებს ყველაფერზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოების საკითხებზე და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შეაღწიეს, აბა, სხვა რა დარჩათ?", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ ამ საკითხზე „რეზონანსთან" საუბრისას.

„ბლუმბერგი" წერს, რომ 2017-2020 წლებში რუსულმა დაზვერვამ წვდომა ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებზე, ნავთობტერმინალებზე, მედია პლატფორმებსა და სამთავრობო უწყებებზე მოიპოვა.

„დაზვერვის კამპანიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთს საშუალება მისცა ფარულად მოესმინა ქვეყნისთვის, რომლის კონტროლიც მას სურს. ზოგიერთი ჰაკერი მოსკოვის ოფისებიდან რეგულარულ სამუშაო საათებში მუშაობდა, რათა თავიანთ სამიზნეებს რეალურ დროში დაკვირვებოდნენ", - წერს სააგენტო.

სტატიის თანახმად, რუსეთის გენშტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რამდენიმე მედია ორგანიზაცია, მათ შორის ტელეკომპანიები „იმედი" და „მაესტრო" გატეხა, ელ.ფოსტის ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა და ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის IT სისტემაზე წვდომა ჰქონდა.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე თვიანი ფარული ოპერაცია ჩაატარეს, რათა მაღალი თანამდებობის პირების ელ.ფოსტებისთვის ეთვალთვალათ და მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოებში შენახული მონაცემები შეეგროვებინათ.

„ზოგიერთი რუსული ჰაკერული თავდასხმის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელმა კოლეგებმა აცნობეს. მაგრამ გაურკვეველია, მიიღეს თუ არა მათ რაიმე საპასუხო ზომები", - განუცხადეს გამოცემას ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა და აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის ოპერაციები რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინაც ჩაატარა.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპერაცია ჰაკერული დაჯგუფება Turla-ს მიერ განხორციელდა, რომელიც რუსეთში, ქალაქ რიაზანში მდებარე ობიექტიდან მუშაობს. 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე, ჰაკერები აქცენტს შვიდი ქართველი ოფიციალური პირის, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოს ელჩების მონაცემების მოპოვებაზე აკეთებდნენ. ასევე, მათი სამიზნე სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საკონსულოები იყო, მათ შორის, კვიპროსში, ბალტიის სახელმწიფოებში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, აზერბაიჯანსა და კანადაში.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში Turla-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში შეაღწია, მონაცემები 114-ჯერ მოიპარა და დაახლოებით 2,1 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემები შეაგროვა.

როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, შესაძლოა რუსულმა დაზვერვამ სახელმწიფო საიდუმლოებები ბევრი რამისთვის გამოიყენოს, ამიტომ მისივე აზრით, საჭიროა სახელმწიფომ გამოძიება დაიწყოს.

„თუ ამას ასეთი მასშტაბური სახე ჰქონდა, მაშინ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება ნულის დონეზეა დასული, რადგან ეს ეგზისტენციალური ხასიათის სერიოზული საფრთხეა. ფაქტობრივად, ამან შეიძლება სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს, იმიტომ, რომ თუ „ჰაკერებს" ყველაფერზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოების საკითხებზე და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შეაღწიეს, აბა, სხვა რა დარჩათ? ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსული სადაზვერვო სტრუქტურის წარმომადგენლები საქართველოში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და ჩვენ მართვადი სახელმწიფო ვართ. ასე რომ, ეს საკმაოდ სერიოზული ამბავია და ჩვენმა მთვარობამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„რუსულმა დაზვერვამ ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება ყველაფრისთვის გამოიყენოს: მანიპულაცია, მართვა, შანტაჟი, საკუთარი კადრების დაყენება და ა.შ. ძალიან ბევრი ნიუანსია. სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დონეზე გამოიყენებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე