
"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ისევ ააქტიურებს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, წარდგინებაზე უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, რომელიც განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნა.
იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს უმრავლესობის 81 დეპუტატი აწერს ხელს.
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს კვლავ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ბოლო ევროპული ტურნე პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა.
"დღეს პრეზიდენტი ხალხითვის უფრო მისაღებია, ვიდრე "ქართული ოცნება", ამიტომაც ყველაფერი აღიზიანებთ და დისკრედიტაციას ცდილობენ",- განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან"
"იმპიჩმენტის წამოწყებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აზრი აქვს. "ოცნების" ხელმძღვანელობის მხრიდან ითქვა კიდეც, რომ ეს ადამიანი იყოს არა ვადადამთავრებული, არამედ გაგდებული პრეზიდენტი",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
რა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული
კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, დასკვნით თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტს. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
თუ პარლამენტმა კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
კონსტიტუციის 52-ე მულხში კი წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება პლენუმს განსახილველად გასული წლის სექტებმერში გადაეცა ამავე მიზეზით, რომელმაც მსჯელობის შედეგად დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რის შემდეგაც დასკვნა პარლამენტს წარედგინა. 2023 წლის 18 ოქტომბერს კი, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა არასაკმარისი ხმების გამო. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, თუმცა 86-მა მისცა ხმა.
რა მიზანი აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მეორედ წამოწყებას
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შესაძლოა ახლა პრეზიდენტს ბრალი სხვა ფორმულირებით წარუდგინონ. მისი თქმით, ამის მიზანი უფრო პოლიტიკურია, რადგან "ოცნებას" სურს, რომ გაგდებული პრეზიდენტი დაერქვას.
"არ ვიცი, ერთი და იგივე მოტივის განმეორება შეიძლება თუ არა. თუ არ შეიძლება, ალბათ სხვანაირი ფორმულირება იქნება, თუ ისევ მოგზაურობაზეა საუბარი, წინა ჯერზეც მოგზაურობა იყო. ამ საქმის წამომწყებები, ჩემზე უკეთესი იურისტები არიან და რა თქმა უნდა, ეცოდინებათ.
"იმპიჩმენტის წამოწყებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აზრი აქვს. "ოცნების" ხელმძღვანელობის მხრიდან ითქვა კიდეც, რომ ეს ადამიანი იყოს არა ვადადამთავრებული, არამედ გაგდებული პრეზიდენტი. და რომ პრეზიდენტის საპასუხო "ოცნების" ეს დამოკიდებულება, პოლიტიკური განაცხადის გარეშე არ დარჩეს, რომ ეს ადამიანი გაწეული შრომისთვის მადლობას კი არ იმსახურებს, პირიქით",- განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ ბოლო დროს, პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა "ქართული ქარტია" გახდა, თუმცა ურთიერთობა ამის გარეშეც დაიძაბებოდა.
"მემგონი ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო და ქარტიაში უბრალოდ განსხეულდა. პრეზიდენტის მხრიდან დამოკიდებულება, რომ ის სრულიად პოლიტიკურ სპექტრს კი არა, არამედ მხოლოდ ოპოზიციურ ფლანგს ამთლიანებდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ამას ბუნებრივია, რომ "ოცნების" მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმპიჩმენტის წამოწყების მიზანი პრეზიდენტის დისკრედიტაციაა, უნდათ, რომ ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი,
თუმცა, ჩიტაძის თქმით, თავად "ოცნება" არღვევს კონსტიტუციას.
"ამის პირველი მიზანია პრეზიდენტის დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ.
დღეს ზურაბიშვილი ოპოზიციური ფლანგის ლიდერად და გამაერთიანებლად გვევლინება, 20 ოქტომბრის აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა. იმის წარმოჩენა კიდევ ერთხელ უნდათ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და რომ კონსტიტუციის დამრღვევს არ დაეჯერება.
"თუმცაღა, კონსტიტუციას თავად არღვევენ, პირველ რიგში 78-ე მუხლს. მაგრამ ხალხს ფსიქოლოგიურად ამზადებენ, რომ თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, საკონსტიტიუციო სასამართლო ჩვენს ხელშიაო და რასაც გადავწყვეტთ ისე იქნებაო.
"ის, რომ "ოცნება" პრეზიდენტთან დაპირისპირებაშია, ეს არა მხოლოდ ქარტიიდან გამომდინარეა, არამედ იქიდანაც, რომ დასავლურ წრეებში დღეს უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ასევე თავადაც იციან, რომ ქვეყნის შიგნით ხალხი პრეზიდენტს უფრო უჭერს მხარს, ვიდრე "ოცნებას", ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა და კობახიძეს დაუსტვინეს, ხოლო პრეზიდენტს ტაში დაუკრეს.
"გარკვეული საკითხების გამო, მე პირადად პრეზიდენტის ბოლომდე მომხრე არ ვარ, მაგრამ დღეს პრეზიდენტი ხალხითვის უფრო მისაღებია, ვიდრე "ქართული ოცნება", ამიტომაც ყველაფერი აღიზიანებთ და დისკრედიტაციას ცდილობენ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას ამბობს "ოცნება"
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცესს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვოს იმპიჩმენტის წესით.
„რეალურად, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა, დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების შეწყვეტას, ანუ იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.
დეკემბრის ბოლოს, მას ისედაც გასდიოდა ვადა, შესაბამისად, დაახლოებით, მხოლოდ ერთი თვით იკვეცება იმპიჩმენტის საფუძველზე მისი უფლებამოსილება.
"აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა ე.წ. პრეზიდენტს - მოღალატე.
ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, შესაბამისად, მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით.
"ჩვენ, შეგნებულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდოდა პრეზიდენტის თანამდებობა გვექცია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ნაწილად, დისკუსიაც კი არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები, მაშინვე შედგება გუნდში დისკუსია და საზოგადოებას წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატს", - განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



