თამთა ჩაჩანიძე
(21.10.2024)

20 ოქტომბრის მრავალათასიან მარშს მყისიერი შეფასებები მოჰყვა - "ქართული ოცნების" მხრიდან კვლავ მწვავე კრიტიკა ისმის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო", თავად ოპოზოციური ძალები კი მმართველ პარტიას უკვე ოპიზიციაში გადაბარგებას უანონსებენ.

კვირას მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ, მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდა, სადაც კონცერტი გაიმართა. მანამდე მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სხვა გამომსვლელებმა სიტყვით მიმართეს.

აქტიურად საუბრობენ იმაზე თუ რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი და სხვადასხვა მონაცემებით მათი რიცხვი დაახლოებით 90-დან 100 ათასს შეადგენდა. ოპოზიცია იმასაც საუბრობს, რომ იყო მეტიც, თუმცა "ოცნება" 20-დან 25 ათას ადამიანამდე ითვლის.

"როცა, 2012 წელს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მთავარი ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ, ამის ამსახველი სურათები გადაღებულია ყველა რაკურსით და შეადარონ 2012 წლის ხალხის რაოდენობა, სადაც მეც ვმონაწილეობდი და ვამაყობდი, რომ "ნაცმოძრაობას ვამარცხებდით, 20 ოქტომბრის აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას და ნახავენ, რომ ახლა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს",- განაცხადა "რეზონანსთან" ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ბევრი სპეკულაციაა ასითასამდე იყვნენ, ან მეტიო, მაგრამ ვხედავ, რომ ეს აგენტოკრატიის დაკვეთაა, რომ საკრალური ციფრი ასი ათასი ჩანდეს. თითქოს ამდენი ადამიანი მზადაა, რომ მოახდინოს ე.წ. რევოლუციური გადატრიალება. ცესკო-ს მონაცემებით, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, შესაბამისად, თუნდაც ასი ათასი კაცი რომ ყოფილიყო, რაც ტყუილია, ეს სამი მილიონი ამომრჩეველი, 26 ოქტომბერს თავის გადაწყვეტილებას დააფიქსირებს",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

აქვე აღსანიშნავია, რომ აქციაზე ინციდენტიც მოხდა, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზერს ანათებდნენ, რისი ამსახველი ვიდეოებიც სოც ქსელში გავრცელდა.

რა დაგვანახა 20 ოქტომბრის აქციამ და აპირებს თუ არა შეკრებას "ოცნება"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ კვირას მრავალათასიანი აქცია ნამდვილად იყო, თუმცა, მთავარი შედეგი მაინც არჩევნებზე გამოჩნდება.

"თბილისში მრავალათასიანი აქცია ნამდვილად იყო, თუმცა ქართულ საზოგადოებას პროტესტები არ უკვირს, მითუმეტეს სამართალდამცველებს, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან და როგორც კი პროტესტი უკანონობაში გადავა, ეს კანონიერი მეთოდებით მყისიერად აღიკვეთება.

"აქვე, იმ ბინძურ ტყუილს მინდა გამოვეხმაურო, რომ გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, თითქოს პოლიცია უკანონო საშუალებებს იყენებდა, რაც "ტვ პირველის" მორიგი ტოქსიკური ბოდვაა, რასაც ძირითადად შეცდომაში უცხოელი დამკვირვებლები შეჰყავს, თუმცა არა ქართველი საზოგადოება.

"რაც შეეხება პროტესტს, აქ ბევრი სპეკულაციაა, ასიათასამდე იყვნენ, ან მეტიო, მაგრამ ვხედავ, რომ ეს აგენტოკრატიის დაკვეთაა, რომ საკრალური ციფრი ასი ათასი ჩანდეს, რომ თითქოს ამდენი ადამიანი მზადაა, რომ მოახდინოს ე.წ. რევოლუციური გადატრიალება.

„ცესკო-ს მონაცხემებით, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, შესაბამისად, თუნდაც ასი ათასი კაცი რომ ყოფილიყო, (რაც ტყუილია, ჰაერიდან გადაღებულ კადრებს რომ გადავხედოთ) მაინც ეს სამი მილიონი ამომრჩეველი, 26 ოქტომბერს თავის გადაწყვეტილებას დააფიქსირებს.

"ელექტრონული განაჩენი" გადატრიალების მომხრეებისთვის და მათი დასავლელი სპონსორებისთვის ძალიან მწარე იქნება. უკვე ვხედავთ იმ თავხედურ გამოხტომებს, რაც, მათ შორის, ევროკავშირიდან და აშშ-დანაა, რომლებიც ქართველ ამომრჩეველს პირდაპირ მიუთითებენ თუ როგორ უნდა მისცენ ხმა. ალბათ არჩევნების წინა დღეს იქნება ასეთი ცინიკური მოწოდებები - როგორ უნდა ჩაიცვან, როგორ მოიქცნენ, რა საკვებით იკვებონ და ა.შ.

"დამუნათება და იმის წარმოჩენა, რომ უმცირესობა ვითომ უმრავლესობას წარმოადგენს, "ქართული ოცნების" ელექტორატს უფრო ადუღაბებს და დარწმუნებული ვარ, მმართველი გუნდი 60%-ზე მეტ ხმას მიიღებს. შეუძლებელია ამ თავხედობის და ცინიზმის ატანა, რომ თითქოს უმცირესობაში მყოფი რადიკალები უკვე გამარჯვებულები არიან და ამასთან, "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვან ელექტორატს ემუქრებიან. ეს ყველაფერი ილექება იმ ჩუმი უმრავლესობის გონებაში, რომელიც არჩევნებზე მიდის და ხმას სტაბილურიბას და მშვიდობას აძლევს",-განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ "ოცნებამ" არჩევნებამდე აქცია დააანონსოს, აბაშიძემ გვითხრა: "წესით და რიგით, წინასაარჩევნო შეხვედრები, რომლებიც რეგიონულ ცენტრებში გაიმართა, დედაქალაქში უნდა დასრულდეს. ამგვარი შეხვედრა თბილისში არ ყოფილა და მოლოდინია იმისა, რომ "ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში, არჩევნებამდე ასეთ მასობრივ შეკრებას დააანონსებს.

"თუნდაც, ნაცპროპაგანდის მიერ გავრცელებულ ვიზუალურ მასალას, 15 ოქტომბრის "ქართული ოცნების" ზუგდიდის შეხვედრას თუ შევადარებთ, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ხალხი ძალიან ახლო-ახლო იდგა, რომელიც გაცილებით მეტი ჩანს, ვიდრე, თავისუფლების მოედანზე 20 ოქტომბერს შეკრებილი დაშორიშორებულად მდგომი აქტივისტები და ნაცმყრალი პროპაგანდის მიერ შეცდომაში შეყვანილი ჩვენი თანამოქალაქეები.

„მათაც "ქართული ოცნების" ელექტორატივით ევროპაში ინტეგრაცია და მშვიდობა და სტაბილურობა უნდათ, ამაში არავინ არ ეკამათება, მაგრამ როცა სხვადასხვა ღონისძიებას სათავეში უსამშობლო მოღალატეები უდგანან, იმას არასდროს არ ექნება ფასი ",- განაცხადა გია აბაშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ძალიან უსუსურად გამოიყურება, როცა თავებს ითვლის, ან შეკრებილებს ლგბტ პროპაგანდას აწერს.

"20 ოქტომბრის აქცია არანაკლები იყო, ვიდრე, ეკლესიამ, რომ გამოიყვანა 17 მაისს ხალხი. მაშინაც ნამდვილად ბევრი ადამიანი იყო და ახლაც. "ქართული ოცნება" ძალიან უსუსურად გამოიყურება, როცა თავებს ითვლის. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ამდენი მათ ვერ გამოჰყავთ, თუ ფული არ გადაუხადეს და ავტობუსებით არ ჩამოიყვანეს, ვერ გამოჰყავთ. მათ არ ჰყავთ გულმხურვალე მომხრეები, რომლებიც ქუჩაში თავისი ნებით გამოდიან.

"20 ოქტომბერს ხალხი თავისი ნებით გამოვიდა და ამას აქვს მნიშვნელობა. იმ რაოდენობის ნახევარიც რომ ყოფილიყო, ხალხი თავისი ნებით იყო გასული. უნდათ, რომ დასცინონ და დაამცირონ, თავიანთი ჭკუით შეურაცხყოფას აყენებენ, ვითომ ლგბტ, ვითომ პრაიდი და ა.შ. ამით კიდევ მეტად აღიზიანებენ არა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაშია გამოსული, არამედ, მათაც, ვინც არ გამოსულა.

„იქ ასიათასი თუ მეტი კაცი იყო და როგორ შეიძლება, თუნდაც ათი ათას შენს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენო?

"რა ხელისუფალი ხარ, ან შენ როგორ შეიძლება გენდოს ის ადამიანი, რომელსაც ასე თამამად და იოლად აყენებ შეურცხყოფას? იმის ნაცვლად თქვან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ამ ხალხს და მათ არჩევანს, ჩვენი მოქალაქეები არიან, რომელთა ნება პატივსაცემიაო, შეურაცხყოფას აყენებენ.

„რომ იცოდნენ ეს მათ წინააღმდეგ მუშაობს, ასე იდიოტურად და უგნურად არ მოიქცეოდნენ. გული მწყდება, როცა "ქართული ოცნება" აზრზე არაა რა ქვეყანაში არიან და რისი მართვა უნდათ. სამაგიეროდ იმედია, რომ მათ ეს დამოკიდებულება ძვირად დაუჯდებათ. თუ ადამიანი არჩევნებში მისასვლელად მზად არ იყო, დღეს ფიქრობს, რომ მივა და მათ წინააღმდეგ ხმას მისცემს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ თუ "ოცნებამ" შეკრება გადაწყვიტა, შესაძლოა ბევრი ხალხიც იყოს აქციაზე, მაგრამ აქ მთავარია, როცა ნებით მიდის.

"ხალხი იქნება და ალბათ ბევრიც. გაუმარჯოთ, მათ ვინც თავისი ნებით მოდის და ვინც მართლა გულით და სულით აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას". თუმცაღა, ვიც ფულის გამო მოდის, ან ვინც იმის გამო, რომ უფასო ტრანსპორტია და ბარემ თბილისში წავალო, ეს ნიშნავს, რომ მათ "ოცნება" არ ადარდებს, მშვენიერია.

"როცა, 2012 წელს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მთავარი ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ, ამის ამსახველი სურათები გადაღებულია ყველა რაკურსით და შეადარონ 2012 წლის ხალხის რაოდენობა, სადაც მეც ვმონაწილეობდი და ვამაყობდი, რომ "ნაცმოძრაობას ვამარცხებდით, 20 ოქტომბრის აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას და ნახავენ, რომ ახლა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს",- განაცხადა "რეზონანსთან" ზაქარეიშვილმა.

პოლიტიკური შეფასებები

იყო წინასაარჩევნო აქცია, მაგრამ ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდებები არ ისმოდა. ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, ვის მივცე ხმა - ამაზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს აქციაზე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

„მთელი დღეა კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. კადრებში, რაც გაავრცელეს, ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი, რატომ იკლებენ და რატომ ამბობენ ათეულობით ათასი იყოო, არ მესმის. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება ვერ გავარკვიეთ, იქნება გაგვარკვიონ. ასეთ მანიპულაციებში არიან", - აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტს ოპოზიცია გამოეხმაურა, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ესაა ყოვლად მიუღებელი ქმედება.

"გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების" დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა. „ქართული ოცნება" იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე - ახალგაზრდულის ხელმძღვანელი.

"სამწუხაროდ, ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება არ ყოფილა",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 20 ოქტომბრის აქციამ დაგვანახა, რომ "ქართული ოცნება" 20%-საც ვერ აიღებს არჩევნებში.

„გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა, ატმოსფერო და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ აქციაზე მოვიდა. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ.

"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის, რომ საქართველოში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ვერასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ.

გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსი აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" და ეს ხალხმრავლობა, ეს ზეიმი, რომელიც იყო მართლაც ქართული ენერგიის ზეიმი გუშინ, აუცილებლად უნდა გადავთარგმნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს.

"ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების ტალღა, წალეკავს ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ ამ არჩევნებში. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში.

„ასე, რომ ვიმარჯვებთ, მივდივართ სწრაფად ევროპისკენ და ვეუბნებით უარს ვანიშვილს და მის რეჟიმს. ძალიან მალე მოვიშორებთ ამ ყველაფერს. ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება მეტი მივიდეთ არჩევებზე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც იყო გუშინ, საბოლოოდ გავაფორმოთ 26 ოქტომბერს," - განაცხადა ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე